"სქარლეთსი" – "შავი ლომის" მომავალი მეტოქე

AutoSharing Option
"შავი ლომი" ჩელენჯ თასის ისტორიულ სეზონს აგრძელებს. ჩვენი გუნდი უელსში მიემგზავრება, სადაც მეორე ტურში ჰლანეჰლიში ადგილობრივ "სქარლეთს" შეერკინება.

თამაში 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, Parc y Scarlets-ზე დაიწყება.

1995 წელს რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ სამოყვარულო და ნახევრად სამოყვარულო კლუბები გაერთიანდნენ და პროფესიული ფრენჩაიზები, რეგიონული ნაკრებები შექმნეს, ისე, როგორც ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიაში.

2003 წელს უელსის უმაღლესი ლიგის 9 გუნდის ბაზაზე ხუთი რეგიონული ფრენჩაიზი (ამჟამად ოთხი) შეიქმნა. გუნდი თავდაპირველად "ჰლანეჰლი სქარლეთსად" იწოდებოდა და დასავლეთ და ჩრდილოეთ
უელსს წარმოადგენდა, 2008 წლიდან კი მხოლოდ "სქარლეთსად" იწოდება.

გუნდი დაარსებისთანავე ჩაერთო „კელტების ლიგაში“ და პირველსავე, 2003-2004 წლების სეზონში, „კელტები ლიგის“ გამარჯვებული გახდა, რომელშიც 5 უელსური, 4 ირლანდიური და 3 შოტლანდიური ფრენჩაიზი თამაშობდა. 2011 წლიდან ტურნირს პრო 12 ეწოდა და "სქარლეთსი" ჩემპიონი 2017 წელს გახდა, 2018-ში კი ფინალში დამარცხდა.

ცნობისათვის, პრო 12 2017 წელს პრო 14-ად გადაკეთდა, 2021 წლიდან კი რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატად იწოდება. მასში ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, სამხრეთაფრიკული და იტალიური გუნდები თამაშობენ.

"სქარლეთსი" 2003 წლიდან ჩაერთო ჩემპიონთა და ჩელენჯ თასში, სადაც საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი ჰქონდა. 2007 და 2018 წლებში ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, შარშან კი ჩელენჯ თასის ნახევარფინალში "გლაზგოსთან" დამარცხდა.

გუნდის საშინაო არენა Parc y Scarlets-ი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა და ის 14 870 მაყურებელს იტევს. მთავარი მწვრთნელი დუეინ პილია, კაპიტანი კი - ჯოშ მაკლეოდი, რომელსაც უელსის ნაკრებშიც უთამაშია. მთლიანობაში, შემადგენლობაში მრავლად არიან უელსის ნაკრების მოთამაშეები.

მიუხედავად ამისა, ზოგადად უელსური რაგბი და მათ შორის, კლუბებიც, კრიზისს განიცდიან. ჩელენჯ თასის პირველ შეხვედრაში "სქარლეთსი" "კასტრს" ეწვია და 16:34 დაამარცხა. საკუთარ გუნდს 16-ივე ქულა მგეზავმა იოან ლოიდმა შესძინა.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "სქარლეთსმა" 7-იდან მხოლოდ 2 თამაში მოიგო, 11 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერკინებაში უნდა დავიბრუნოთ უპირატესობა. უკანა ხაზის იმედი კი ნამდვილად მაქვს. ცხადია, დერეფნები არ უნდა წავაგოთ.
გიორგი
14:41 13-12-2023
0
მძიმე თამაში გველის.
დათო
22:38 11-12-2023
0

სიახლეები პოპულარული