7-კაცა | თასის მეოთხედფინალში ლიდერ ურუგვაისთან

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

მიუნხენში პირველი თამაში მასპინძელ გერმანიასთან გვქონდა და დებიუტში გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. ტაიმის შუაში რომან მახათაძემ ჩვენს ნახევარზე გაჭრა ხაზი, ლელომდე 60-70 მეტრი ირბინა და ბოჭვის მიუხედავად ალამთან ცალი ხელით ლელოც დაამიწა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, ეპიზოდი ბურთის წინ-ვარდნად შეაფასა და ლელო გააუქმა.

თამაში რომ განახლდა გიორგი ჯობავამ 100%-იანი ლელოსგან გვიხსნა, თუმცა განმეორებითი ბოჭვისას ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა რიცხობრივი
უპირატესობა ორ გარდასახულ ლელოში ასახეს. მეორე ტაიმში გერმანიამ მეოთხე ლელო გაიტანა, რაზეც გაგა ქევხიშვილმა ერთით უპასუხა და გერმანიამ 28:10 გაიმარჯვა.

მეორე თამაში სერიის ლიდერ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე გარდასახული ლელოთი აქაც დაწინაურდა. ტაიმის შუაში სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ რომან მახათაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მეტოქემ მეორე გარდასახული ლელოც მიითვალა და 14:5 დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მესამე ლელო გაიტანეს, რასაც ირაკლი სიმსივეს სინბინი მოყვა და ურუგვაიმ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. გაწითლებულ დროზე გაგა ქევხიშვილმა მეორე ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ გარდასახა და მატჩი ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა – 40:12.

ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა პაპუა ახალ გვინეასთან გვქონდა და ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოსახვედრად მაქსიმალურად დიდი სხვაობით გამარჯვება გვჭირდებოდა. საქართველომ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, იოსებ გუშარაშვილმა და საბა არჩვაძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს, არჩვაძემ ერთი გარდასახვაც გამოიყენა და 22:0 დავწინაურდით.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და ჩვენის მხრიდან ერთადერთი ლელო გიორგი ჯობავამ მიითვალა, ოკეანეთელებმა კი სამჯერ იხეირეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახეს და საქართველომ 27:17 გაიმარჯვა.

ამით მესამეადგილოსნებს შორის პორტუგალიას გავასწარით და თასის მეოთხედფინალში გავედით, სადაც კვლავ კარგად ნაცნობ ურუგვაის შევხვდებით. თამაში საქართველოს დროით 15:44 საათზე დაიწყება.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე გერმანიასთან ვაგებთ! ესენი ვინ არიან, ქართველები?!
ლაშა
11:56 19-05-2024
3
დღევანდელი ნაკრებისაგან,ეს მაქსიმუმი მგონია.ნეტავი შევცდე!წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
09:27 19-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული