7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ჯგუფში მადაგასკარისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მეორე ეტაპს პირველის მსგავსად სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის თამაშები 7 მარტს, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 8 მარტს გაიმართება.

ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი მესამე ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელსაც 11-12 აპრილს პოლონეთი, კრაკოვი უმასპინძლებს.

პირველ ეტაპზე საქართველომ სამიდან ერთი თამაში მოიგო და მე-11 ადგილი დაიკავა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები 7 მარტს, 12:22 საათზე მადაგასკარს, ხოლო 15:43 საათზე გერმანიას ეთამაშებიან. პირველ ეტაპზე, ჯგუფში,
მადაგასკარმა ჰონკონგს 21:19 მოუგო, კანადასთან კი 0:38 დამარცხდა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში აფრიკელებმა იაპონია 28:26 დაამარცხეს, ბოლოს კი პორტუგალიასთან 19:22 დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავეს.

გერმანიას პირველი თამაში საქართველოსთან ჰქონდა და 31:0 გაიმარჯვა, მაგრამ აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მსაჯმა მე-5 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავებული ლუკა ალიბეგაშვილი წითელი ბარათით გააძევა, დარჩენილი დრო კაცნაკლული დაგვტოვა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა... ტურნირის დასრულების შემდეგ ეპიზოდი განიხილეს და ალიბეგაშვილს წითელი ბარათი მოუხსნეს. მიუხედავად ამისა, ლუკა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, მეორე ეტაპს გამოტოვებს.

რაც შეეხება გერმანიას, შემდგომში მან იაპონიას 26:14 მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კანადასთან 19:24 დამარცხდა, ბოლოს კი სამოას 19:14 სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშებენ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული