"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების მეორე ეტაპი დაიწყო

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ, რომელიც ივნისში საქართველოში ჩატარდება. ჩვენი გუნდი 16 იანვარს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა, სადაც წლის პირველ, ზამთრის საწვრთნელ შეკრებას გამართავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამ საწვრთნელ შეხვედრას ჩაატარებს. 19 იანვარს პირველი ლიგის ლიდერს, რუსთავის "ხარებს"  დაუპირისპირდება, 23 იანვარს მეტოქე უმაღლესლიგელი გორის "ჯიქი" იქნება, ბოლოს კი ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს 27 იანვარს, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო" გამოცდის.

"როდესაც მთელი წლის მოსამზადებელი პროგრამა გავწერეთ, სამი ისეთი
შეკრება დავგეგმეთ, რომლის დროსაც ტურნირის რეჟიმში, ანუ ყოველ მეოთხე დღეს ვითამაშებდით. პირველი შეკრება ნოემბერში მოვაწყვეთ. ჯერ რუსთავის "ხარებს" ვეთამაშეთ, მერე კი ბრიტანულ ტურნეზე გავემგზავრეთ. მეორე შეკრების დასრულებამდე სამი თამაში გვექნება ქართულ კლუბებთან, ხოლო გაზაფხულზე სამხრეთაფრიკელ მეტოქეს, "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს შევხვდებით.

ბრიტანეთის ტურნეს შემდეგ რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ და გვსურს, ისინი საქმეში ვნახოთ. პირველ ორ თამაშში შანსს ის ბიჭებიც მიიღებენ, რომლებსაც წინა შეხვედრებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. მესამე შეხვედრას ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გავმართავთ, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო შემადგენლობა.

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ბოლო მომენტამდე არავის ექნება გარანტირებული. ჩვენ მუდმივი ძიების პროცესში ვართ და საქმეში ყველას გამოვცდით. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა კონკურენციას გაზრდის და ივნისისთვის საუკეთესოთა შერჩევაში დაგვეხმარება" - თქვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

ამჟამად შეკრებაზე 43 მორაგბეა. მათგან 8 ტრავმირებულია. მწვრთნელებს საქმეში მხოლოდ 35-ის ნახვა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ტრავმირებულები ნაკრებთან ერთად იყვნენ და ასე გაიარონ რეაბილიტაციის კურსი. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ლეგიონერების ჩამოყვანა. ისინი "უმცროს ბორჯღალოსნებს" მზადების დასკვნით ეტაპზეღა დაემატებიან.

"ბრიტანეთში სამი ლეგიონერი გვახლდა. ახლა ამის საშუალება არ გვქონდა. ისინი კლუბებში განაგრძობენ მზადებას. გვინდა, რომ დასკვნით შეკრებაზე, რომელსაც მარტიდან დავიწყებთ, ყველა ჩვენთან იყოს. კლუბებთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება. შედეგი კლუბების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეების გამოძახება ოფიციალურად მხოლოდ ტურნირამდე ოთხი დღით ადრე შეიძლება" - განმარტა ილია მაისურაძემ.

საქართველოს ნაკრები
შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე, არსენ მაჩალაძე, შოთა არეშიძე, გიორგი ნუცუბიძე (ყველა-აია), ლევან ჭავჭავაძე, ილია სპანდერაშვილი (ორივე-არმია), ლევან პაპიძე, თენგიზ ზამთარაძე, რევაზ დუგლაძე, გიგა გრიგალაშვილი, ბექა საღინაძე (ყველა-ლელო), ნოდარ მექერიშვილი, გელა მახარაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი ნუცუბიძე, კობა ჯიმშელეიშვილი (ორივე-ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), სანდრო მამამთავრიშვილი (თიბისი), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ელისაშვილი (არმაზი), თენგიზ გიგოლაშვილი (პოლონეთი),
უკანა ხაზი: გელა აფრასიძე, ბეჟან გავაშელიშვილი, ბექა მამუკაშვილი, თორნიკე ახობაძე, აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ელგუჯა კიკვაძე, თედო აბჟანდაძე, მირიან მოდებაძე (აია), ალექსანდრე ნახუცრიშვილი, დავით მესხი, ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), თენგიზ პერანიძე, სანდრო სვანიძე, გიორგი კვესელაძე ლუკა დვალიშვილი (არმაზი), დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მარგიანი (აკადემია), გიორგი ნარიმანიძე, დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), საბა სვიმონიშვილი (სამხრეთი აფრიკა), გიორგი წიკლაური, სანდრო ფურცხვანიძე (ჯიქი), გელა ფოლადაშვილი (ივერია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული