C ჯგუფის შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.
საფრანგეთთან თამაშს მეტოქისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებენ და მე-9 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ფრანგებს თასის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.
ამის გამო "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელთა შტაბმა გუნდში 10 ცვლილება განახორციელა.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მორაგბეს მივცეთ სათამაშო დრო,
სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკასთან მატჩში შოთა არეშიძე დაშავდა. მას მინიმუმ ორი თამაშის გამოტოვება მოუწევდა და კიდევ ერთხელ მივმართეთ რეზერვს. დავიმატეთ სანდრო მამამთავრიშვილი, რომელიც დაცვაში ძალიან კარგად თამაშობს და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ერთ-ერთი გამორჩეულია.
მთლიანობაში, საფრანგეთთან მატჩისთვის მესამე ხაზში უფრო სწრაფი და კარგი დამცველები გავამწესეთ. გარდა ამისა, სამივე მოთამაშე 1998 წელსაა დაბადებული და მომავალი წლისთვის გამოცდილებას შეიძენს.
შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება გურამ პაპიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. ის სტაბილურობით და მობილურობით გამოირჩევა. იყო საფრთხე, რომ გურამი ტურნირის ბოლომდე გამოგვაკლდებოდა, მაგრამ ჩვენმა სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა. მათი დამსახურებაა, რომ განვლილი ორი ტურის შემდეგ ბევრი მოთამაშე არ დავკარგეთ.
ლუკა დვალიშვილმა ორჯერვე შეცვლაზე ითამაშა. ახლა გვინდა, მთლიანი თამაში მივცეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გელა აფრასიძის ტრავმაცაა, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ აღმოჩნდა და მალე ოპტიმალურ ფორმაში იქნება.
მგეზავად თამაშს გიორგი გოგოლაძე დაიწყებს. ის ამპლუით შუამარბია. თუმცა დავით მოძღვრიშვილის ტრავმის შემდეგ პოზიცია იძულებით შევუცვალეთ და ახლა გვინდა, რომ ამ პოზიციაზე მეტი გამოცდილება შეიძინოს.
გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა გიორგი კვესელაძე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო რვა თვე გაუცდა. მან განვლილ ორ შეხვედრაში დიდძალი ენერგია დახარჯა. გვინდა, მეოთხე თამაშისთვის ოპტიმალურ ფორმაში გვყავდეს. მის ნაცვლად თამაშს გიორგი წიკლაური იწყებს.
სათადარიგოთა სკამიდან დავაწინაურეთ კიდევ ერთი უთამაშებელი მორაგბე ბექა მამუკაშვილი. მას შემდეგ, რაც "ვესთერნ პროვინსთან" მატჩისას ფულბეკი ლუკა იურინი დაგვიშავდა, ჩვენ მას 15 ნომრის პოზიციაზე მოვიაზრებთ. ვნახოთ, ამ ამოცანას თავს როგორ გაართმევს.
საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავს. გამორჩეულია მოლსა და დერეფანში თამაშისას. გუნდი ტანმაღალი, ღონიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ბურთის მოგების ზონაში ძლიერად თამაშობენ. დაუშავდათ კარგი მგეზავი, თუმცა შემცვლელიც ჰყავთ. დაემატათ "ლა როშელის" 9 ნომერი, რომელიც უკანა ხაზში რამდენიმე პოზიციას ფარავს და ამჯერად თამაშს გარემარბად იწყებს.
ვფიქრობ, ისინი ეცდებიან, რომ სრულად გამოიყენონ სივრცე და ფლანგებზე უპირატესობა მოიპოვონ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.
ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასეთია - პირველობისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. ყველაზე კარგი შანსი სამხრეთ აფრიკას აქვს, რომელიც კონკურენტებს ერთი ქულით უსწრებს. თუმცა ფრანგებს ჩვენი გუნდის პრემიალური ქულით დამარცხება და ჩამორჩენის გაბათილება შეუძლიათ.
A ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. ინგლისი თუ ავსტრალია, ეს უშუალოდ ამ გუნდების ბრძოლაში გახდება ცნობილი. ასევე დადგინდება ჩვენი მომავალი მეტოქე ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში. ეს ან სამოა იქნება, ან უელსი. მათ შორის გამარჯვებული, სავარაუდოდ, მე-5 ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.
B ჯგუფში ახალი ზელანდია უკონკურენტოა. აქ საუკეთესოს ვინაობა გარკვეულია. სავარაუდოდ, ბოლოადგილოსანიც ცნობილია. ეს ყველასთვის მოულოდნელად ირლანდიის ნაკრებია, რომელიც ბოლო ტურში სწორედ "ბეიბი ბლექსს" ხვდება და, ცხადია, უშანსოდაა.
კიდევ ერთი ხელმოცარული შეიძლება იტალია ან შოტლანდია გახდეს. ესეც სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა. ამდენად, ჩვენი მომავალი მეტოქეები პლეი ოფში შესაძლოა იყვნენ ირლანდია, იტალია, შოტლანდია, უელსი და სამოა. ამ ხუთეულიდან სამს ნამდვილად მოუწევს ჩვენთან ერთად ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა.
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. III ტური. C ჯგუფი
საქართველო-საფრანგეთი
საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე, დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი, ზამთარაძე, პაპიძე, ჯაიანი, ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.
(16-23) პაპიძე, გოგიჩაიშვილი, დუგლაძე, საღინაძე, მაჩალაძე, აფრასიძე, აბჟანდაძე, მოდებაძე.
საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დერკონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კაპელი, ვერჰაასი, კოლომბე, მაუვაკა, ბონიფასი.
(16-23) კოლია, დუფუ, ბრენანი, ჟერასი, პესანტი, კოვი, არატე, დურო.
არგენტინა-ს.აფრიკა
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ს.აფრიკა 2 1 1 0 +24 7 2
2. საფრანგეთი 2 1 1 0 +1 6 0
3. არგენტინა 2 1 0 1 +10 6 2
4. საქართველო 2 0 0 2 -35 0 0
A ჯგუფი
ავსტრალია-ინგლისი
სამოა-უელსი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 2 2 0 0 +69 10 2
2. ავსტრალია 2 2 0 0 +14 9 0
3. უელსი 2 0 0 2 -19 1 1
4. სამოა 2 0 0 2 -64 1 1
B ჯგუფი
იტალია-შოტლანდია
ახ.ზელანდია-ირლანდია
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ.ზელანდია 2 2 0 0 +64 10 2
2. შოტლანდია 2 1 0 1 -18 5 1
3. იტალია 2 1 0 1 -41 5 1
4. ირლანდია 2 0 0 2 -5 2 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"