"მსოფლიო ალაფი" საქართველოს პრესტიჟის საქმეა

AutoSharing Option
ერთი კვირაც და თბილისში "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება დაიწყება. ტურნირში, რომელიც 2012 წელს სამხრეთ აფრკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა, რვა გუნდი ითამაშებს. კანადის, აშშ-ს, სამოას, რუსეთის, ზიბმაბვეს, ურუგვაის, იაპონიისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვებული ელიტაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მომავალი ტურნირის შესახებ სასაუბროდ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" პრეკონფერენცია გამართა.

გიორგი ნიჟარაძე:
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის მოსამზადებელი ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. რაგბის კავშირმა საამისოდ უზარმაზარი შრომა გასწია. ვიცოდით, რომ ასეთი მაღალი რანგის ტურნირის ორგანიზება იოლი არ იქნებოდა,
მაგრამ თუ ასეთი ძნელი გამოდგებოდა, ნამდვილად არ გვეგონა.

სათამაშო მოედნების, აღჭურვილობის და სხვა წვრილმანი პრობლემები გადაჭრილია. დღეს, 18 მაისს გამთენიისას ჩემოვა იაპონიის ნაკრები, დანარჩენი გუნდები და ოფიციალური პირები კი 20-21 მაისს გვეწვევიან. კანადისა და აშშ-ს ნაკრებები სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" იცხოვრებენ, რუსეთისა და იაპონიის გუნდები "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდებიან, ურუგვაელ, ზიმბაბველ და სამოელი მორაგბეებს კი სასტუმრო "ჰოლიდეი ინი" უმასპინძლებს.

თამაშები ძირითადად "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება, რამდენიმე თამაში კი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ჩატარდება, სადაც მატჩებზე დასწრება უფასოა. "ავჭალის" სტადიონზე კი შესვლა აბონიმენტებით იქნება შესაძლებელი, რომლის ფასიც 30 ლარია და მფლობელს ოთხივე სათამაშო დღეს, ყველა მატჩის ნახვის საშუალებას აძლევს.

სამწუხაროდ, ვინაიდან "ავჭალის" სტადიონი მხოლოდ 2011 მაყურებელს იტევს, აბონიმენტების რაოდენობა შეზღუდულია და ის მატჩებზე დასწრების მსურველებმა დროულად უნდა შეიძინონ.

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფი" ისეთი დონის შეჯიბრებაა, როგორიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს გამართულა. ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საკმაოდ მაღალი დონის გუნდები ასპარზობენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უზადოდ ჩავატაროთ.

საქართველოში ჩამოდის სხვადასხვა კონტინენტის, კულტურისა და მენტალიტეტის ქვეყანათა ნაკრებები, რომელთაც უმრავლესობას საქართველოზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. მათ ყველა ნაბიჯზე უნდა დავანახოთ ჩვენი კეთილგანწყობა. თუ შევძელით და ტურნირმა კარგი შეფასება მიიღო, მომავალში უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებების გამართვის უფლებას მოგვცემენ. მათ შორის, შესაძლოა, საქართველოში 2013 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩავატაროთ.

ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ იმ დროისთვის, როცა ტურნირი დაიწყება, დაგეგმილია საპროტესტო აქციები, რასაც ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა მოჰყვება. ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ეს შეჯიბრება კი მარტო რაგბის კავშირის საზრუნავი არ არის, ეს მთელი საქართველოს პრესტიჟის საქმეა, ამიტომ მივმართავ პოზიციასაც და ოპოზიციასაც, მემარჯვენეებსაც და მემარცხენეებსაც, ყველანაირად ეცადონ მათმა ქმედებებმა სტუმრებს დისკომფორტი არ შეუქმნას.

ტურნირში მოასპარეზე გუნდების ავტობუსებზე დამაგრებული იქნება სპეციალური სტიკერები. როცა მათ რაიმე შეფერხება შეექმნებათ, გთხოვთ, ყველამ აღმოუჩინოთ დახმარება.

პირველ ივნისს თბილისში მეორედ გვეწვევა IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რომელიც ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრებს დაესწრება. ის სპეციალურად ჩამოდის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს რაგბის საერთაშორისო საბჭოს პატივისცემა ქართული რაგბის მიმართ. ორი დღის შემდეგ კი IRB-ს განვითარების მენეჯერი, ქართული რაგბის ქომაგი და ლობისტი მარკ იგანი გვეწვევა.

რუსეთის ნაკრებს რაც შეიძლება კარგად უნდა ვუმასპინძლოთ. ქართულ და რუსულ რაგბის თემებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. საქართველოში ჩამოდიან 18-19 წლის რუსი ბიჭები, რომლებმაც საქართველოზე არაფერი იციან, იმ ნეგატიურის გარდა, რასაც რუსული მედია აწვდის. რა უფრო ჯობია, ვანახოთ ის რასაც რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდა ეწევა თუ პირიქით, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა, კულტურა.

განა უკეთესი არ არის, საქართველოდან რუსეთში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის 30 მეგობარი, რომლებიც თავიანთ ოჯახებში, მეგობრებში მიიტანენ ჩვენ შესახებ დადებით ინფორმაციას. ვფიქრობ, რუსები და იაპონელები განსაკუთრებული სითბოთი უნდა მივიღოთ. იაპონელებს, ამ მართლაც უდიდეს ერსს, უნდა დავანახოთ, რომ დიდად ვწუხართ იმ უბედურების გამო, რაც თავს დაატყდათ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს. ასეთი პირობები, როგორიც მათ აქვთ შექმნილი, ჩვენი ქვეყნის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს არასდროს ჰქონია. გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ცხოვრობს. სამწუხაროდ ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა. რამდენიმეს მიკრო ტრავმა აწუხებს და იმედია შეჯიბრების დაწყებამდე გამოჯანმრთელდებიან.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის გუნდები, რომლებიც ამ ტურნირში იასპარეზებენ, თვისობრივად განსხვავდებიან იმ გუნდებისგან, (რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ), ვისაც აქამდე ვეთამაშებოდით. ისინი ერთი თავით მაღლა დგანანან მათზე.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მეტოქეების შემადგენლობაში, რამდენიმე ისთი მოთამაშე იქნება, ვისაც ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე, თავისი ეროვნული ნაკრების ღირდსების დაცვის პრეტენზია აქვს. ამიტომ ყველა გუნდი ბოლომდე, თავდადებით იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, თითოეული გუნდიდან მინიმუმ ორი მოთამაშე შეძლებს ეროვნული ნაკრებიდან მიწვევა მიიღოს.

ტურნირზე ბევრი თავისუფალი დრო გუნდებს არ ექნებათ. თუმცა, ჩვენ მაინც შევთავაზებთ კახეთის, მცხეთის და თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას. თუ მოისურვებენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ კმაყოფილნი დარჩნენ. ტურნირის დასრულების შემდეგ კი ერთი დიდი ბანკეტი გაიმართება, სადაც პატარა კონცერტს მოვაწყობთ, რაც ჩვენ სტუმრებს საშუალებას მისცემს ქართულ კულტურაზე წარმოდგენა შეექმნათ.

სტადიონზე თამაშების მსვლელობისას, მაყურებლებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი. გაიხსნება კვების ბლოკი, გაიყიდება სუვენირები. ერთი სიტყვით, ვეცდებით ერთი დიდი სარაგბო ზეიმი მოვაწყოთ, რომელშიც ყველა, ორგანიზატორებიც, მორაგბეებიც და მაყურებლებიც, ერთად მივიღებთ მონაწილეობას."

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ზურაბ ერისთავი, ზურა ჟვანია, მერაბ მატკავა (სამივე-აია), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი).
მეორე ხაზი: ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჟღენტი (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), გიგა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლევან თხელიძე (ლელო).
#9: ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები).
#12-13: გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), დავით ლოსაბერიძე (ბონი), გიორგი მარგიანი (აკადემია)
#11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ვანო გაბროშვილი (არმახზი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია)
#15: ზურა ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე (არმია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო).

მსოფლიო ალაფი
A ჯგუფი: სამოა, რუსეთი, ურუგვაი, აშშ
B ჯგუფი: იაპონია, საქართველო, კანადა, ზიმბაბვე

24 მაისი
იაპონია-ზიმბაბვე, სამოა-აშშ, რუსეთი-ურუგვაი, საქართველო-კანადა

28 მაისი
სამოა-ურუგვაი, იაპონია-კანადა, რუსეთი-აშშ, საქართველო-ზიმბაბვე

1 ივნისი
კანადა-ზიმბაბვე, ურუგვაი-აშშ, სამოა-რუსეთი, საქართველო-იაპონია

5 ივნისი,
ფინალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული