ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში 17 და 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს შეხვდა

AutoSharing Option
9 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში რუმინეთიდან დაბრუნებულ 17 და 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს შეხვდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა და ჩემპიონი გახდა. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთი 27:6, ბელგია 27:9, ხოლო ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხეს და ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვეს. მომავალ წელს პატარა "ბორჯღალოსნები" ევროპირველობის B ჯგუფში, ინგლისის, უელსის და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ 19-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებიც, მათ ევროპირველობა დამაჯერებლად მოიგეს და
მომავალ წელს გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს "ალაფის" საგზური დაისაკუთრეს. ქართველმა 19-წლამდელებმა მეოთხედფინალში შვეიცარიას 50:0 მოუგეს, ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს 24:8 აჯობეს, ფინალში კი რუსეთი 20:12 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

ლადო ვარძელაშვილი: " ჩემი თაობა ურთულეს პირობებში ვარჯიშობდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ეს წარმატება რაგბის კავშირის სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ორივე ნაკრებს თავდადებული და ლამაზი თამაშისთვის, რითაც მთელი საქართველო გაახარეს. სახელმწიფო რაგბის დახმარების 4 წლიან პროგრამას აგრძელებს და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება".

გიორგი ნიჟარაძე:" მადლობა მწვრთნელებს, მენეჯერებს, მორაგბეებს და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბიჭებმა ძალიან გულიანი რაგბი ითამაშეს და ყველას დაანახეს, რომ დღეს ევროპაში სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. მომავალ წელს
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ გუნდებთან თამაში მოგვიწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 19-წლამდელთა ნაკრები კი მსოფლიოს ალაფაზე ითამაშებს და იქ ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება, რაც, ცხადია, რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია".

სამინისტროს პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული