"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე", რომელიც მომავალ წელიწადს საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა, ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში კანადის ნაკრები დაამარცხა - 31:17.

ჩვენი გუნდი იუტას შტატის ამ ულამაზეს ქალაქში, რომელმაც 2002 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, ერთი კვირის წინ ჩავიდა.

ძნელი სათქმელია, საკმარისია თუ არა ეს დრო აკლიმატიზაციისთვის და დროში ათსაათიანი სხვაობით შექმნილი პრობლემების დასაძლევად, თუმცა ფაქტია, რომ მატჩის პირველ ნახევარში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ოდნავ მძიმედ გამოიყურებოდნენ და შეცდომებიც საკმარისად ბევრი
მოსდიოდათ.

შარშან თბილისში ჩვენმა ნაკრებმა "ნეკერჩხლის ფოთლები" დიდი ანგარიშით, 38:9 დაამარცხა. კანადელები ეცადნენ, მაშინ მიღებული გაკვეთილისგან სათანადო დასკვნები გამოეტანათ.

მატჩამდე რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებაში კომენტარისას, მუდმივად ხაზს უსვამდნენ ჩვენი გუნდის ფიზიკურ სიძლიერესა და ღონიერი შერკინების ეფექტურობას.

ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ შემადგენლობაში ორი 120-კილოგრამიანი მოთამაშე დააყენეს, თუმცა ამან შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო.

კანადელებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლეს. ანგარიში დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების ფულბეკმა საბა ნიკოლავამ საჯარიმოთი გახსნა - 3:0. აღსანიშნავია, რომ "არმიას" ახალგაზრდა მცველმა თავი ფეხჩუბინობით გამოიჩინა. მან მეტოქის კარში შვიდჯერ დაარტყა და აქედან ექვსჯერ ბურთი ძელებს შორის გაატარა.

ჩრდილოამერიკელებმა ანგარიშში დაწინაურება მალევე შეძლეს. შუამარბმა ტეილორ პარისმა გაგვიტანა ლელო, რომელიც მგეზავმა კონორ მაკკენმა გარდასახა - 7:3. ამის მერე ნიკოლავამ და მაკკენმა თითო საჯარიმო გაცვალეს და ტაიმის შუაწელამდე კანადელები ოთხი ქულის სხვაობით იგებდნენ - 10:6.

მალე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლელო გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ. კანადელების იერიში ჩვენმა მორაგბეებმა მოედნის ცენტრში შეაჩერეს, ბურთი აართვეს და მორკინალებმა მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს, მერე კი ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა შეტევას მიმართულება შეუცვალა და მარჯვნივ მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს გადააწოდა.

მან შეტევაში გარემარბი ლევან გოგოლაშვილი ჩართო, რომელიც ცრუ მოძრაობით მეტოქის ორ მცველს ხელიდან დაუსხლტა, ათიოდე მეტრი ირბინა და კიდისკენ შუამარბ ზურაბ ძნელაძეს გადააწოდა, რომელმაც კიდევ უფრო წინ წაიწია და ბურთი იქვე მიმყოლ მეორე გარემარბს, გიორგი ბიწაძეს გადააწოდა.

მისი შეჩერება კანადელებმა ვერაფრით შეძლეს და ქუთაისელმა მორაგბემ ლელო ძელებს შორის გაიტანა. ნიკოლავამ გარდასახა - 13:10.

მეტოქე გონს მალევე მოეგო და მათმა საუკეთესო მოთამაშემ, ტეილორ პარისმა მეორე ლელო გაგვიტანა. მაკკენმა ესეც გარდასახა - 17:13. ტაიმის დასრულებამდე ნიკოლავამ კიდევ ორი საჯარიმო დაარტყა ზუსტად და შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ორქულიანი უპირატესობით წავიდა - 19:17.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საქართველოს ნაკრების შერკინება უფრო მძლავრად ამუშავდა, დაცვაში ჩვენი მორაგბეები ყურადღებით ირჯებოდნენ. შედეგად ბურთს, ძირითადად, აკონტროლებდნენ და, შესაბამისად, მატჩის სადავეებიც ხელთ ეპყრათ.

კანადელებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. ქართველმა მორაგბეებმა კი ორი ლელო გაიტანეს. მეორე ნახევრის დასაწყისში თავი შერკინების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ნიკოლავამ სწორედ ეს ლელო ვერ გარდასახა - 24:17.

გამარჯვება კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველხაზელის, გიორგი თეთრაშვილის ლელოთი განამტკიცეს, რომელიც კანადის ნაკრების ჩათვლის მოედანთან ჩვენი მორკინალების მიერ მოწყობილ შტურმს მოჰყვა. ნიკოლავამ ამჯერად ზუსტად დაარტყა - 31:17.

სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრების გარემარბ გიორგი ბიწაძეს არბიტრმა მეტოქესთან ჩხუბისთვის წითელი ბარათი უჩვენა. შედეგად, მას მინიმუმ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ბიწაძის კონკრეტულ სასჯელს სადისციპლინო კომისია დღეს დაადგენს.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ზიმბაბვეს ნაკრებია, რომელიც შარშანდელი ტურნირის ფინალისტს და ჩვენი ჯგუფის ფავორიტს, იაპონიის ნაკრებს ბოლო წუთებამდე უგებდა, თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა ლელოს გატანა და მატჩში გამარჯვება მაინც მოახერხეს - 39:36.

სენსაციური შედეგებით დასრულდა ორივე შეხვედრა A ჯგუფში. შეჯიბრების ფავორიტი ტონგას ნაკრები მასპინძელთა გუნდთან 11:22 დამარცხდა. ჩილეს ნაკრებმა კი, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან ურუგვაი შეცვალა, რუსეთის 20-წლამდელთა გუნდი გაანადგურა - 53:19.

საქართველო-კანადა 31:17
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. არჩილ ბეჟიაშვილი, 17. ვაჟა თაგაური, 18. ზაზა ნავროზაშვილი, 19. გურამ შენგელია, 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. გიგა გაგოშვილი
3ლ: ბიწაძე, ლომიძე, თეთრაშვილი. 4ს,2გ: ნიკოლავა.
გაძევება: ბიწაძე.
კანადა: 15. ჯონ ვესტი, 14. ლუკას ჰამონდი, 13. ტეილორ პარისი, 12. მაიკლ ფუაილეფაუ, 11. ჯოშ ჰარტი, 10. კონორ მაკკენი, 9. ენდრიუ ფერგიუსონი. 1. ნოა ბარკერი, 2. კესი რიდი, 3. ჯეკი ილნისკი, 4. ენდრიუ მაკგინი, 5. იაკობ რამბოლი, 6. მეტი ჰიტონი, 7. ჩეზ კელეჰერი, 8. კემ სტონესი.
16. ერიკ სელვაგი, 17. ალექს მარშალი, 18. რაიან მონაჰანი, 19. იარედ დუგლასი, 20. გრადინ ბოუდი, 21. პატრიკ კეი, 22. მაიკ დალსინი.
2ლ: პარისი (2). 2გ,ს: მაკკენი.

A ჯგუფი
ჩილე-რუსეთი 53:19, აშშ-ტონგა 22:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩილე - 5 ქულა, 2. აშშ - 4, 3. ტონგა - 0, 4. რუსეთი - 0.

B ჯგუფი
იაპონია-ზიმბაბვე 39:36
სატურნირო მდგომარეობა
1. იაპონია - 5 ქულა, 2. საქართველო - 4, 3. ზიმბაბვე - 1, 4. კანადა - 0.

22 ივნისი
საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა, ტონგა-რუსეთი, აშშ-ჩილე.

26 ივნისი
საქართველო-იაპონია, ზიმბაბვე-კანადა, ჩილე-ტონგა, აშშ-რუსეთი.

30 ივნისი
ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული