U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგზრდულ ალაფზე" ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ზიმბაბვეს ნაკრები დაამარცხა - 43:7.

ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ერთი პრემიალური ქულაც ირგუნეს.

თამაში საკმაოდ მძიმედ დაიწყო. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველივე წუთზე დაჯარიმდნენ, თუმცა მეტოქემ 40 მეტრიდან კარში ზუსტად ვერ დაარტყა. სამაგიეროდ სამ წუთში ზუსტი იყო ჩვენი ფულბეკი საბა ნიკოლავა. ანგარიში საჯარიმოთი სწორედ მან გახსნა - 3:0.

ზიმბაბვეს ნაკრები, ცხადია, დანებებას არ აპირებდა. რამდენჯერმე მოგვეძალა, მაგრამ ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში შეღწევაც ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის დალაგებას დაახლოებით
15 წუთი მოანდომა. ამ დროის განმავლობაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" რაკში თამაშისას ხშირად ჯარიმდებოდნენ, იმდენად, რომ არბიტრმა ჩვენი გუნდი კაპიტანი მერაბ შარიქაძე ორჯერ იხმო და სიტყვიერად გააფრთხილა.

პირველი ლელო ჩვენმა ბიჭებმა 23-ე წუთზე გაიტანეს. მათ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს, 15 მეტრი იარეს, მერე თამაში რაკში გადავიდა, იქიდან გამოტანილი ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ლევან გოგოლაშვილს გადააწოდა, რომელიც მეტოქის ლელოში სწრაფად შეიჭრა. ნიკოლავამ გარდასახა - 10:0.

მორიგი ლელოს გასატანას ჩვენს გუნდს რვა წუთი დასჭირდა. მოედნიც ცენტრთან ახლოს ბურთი შერკიენბის მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ მიიღო, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზონამდე იარა. მერე შეტევა მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა, იქ მორკინალთა ორი მოკლე დარტყმის შემდეგ, ხუციშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, აქ შუამარბმა მერაბ შარიქაძემ იყოჩაღა, მეტოქეს ცრუ მოძრაობით ხელიდან დაუსხლტა და ჩათვლის მოედანში შეაღწია.

ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 17:0.

მესამე ლელო, რომელიც ხუთ წუთში გავიტანეთ, ისევ შარიქაძის ანგარიშზეა. მარჯვენა ფრთაზე გარემარბმა ზურაბ ძნელაძემ მეტოქის დაცვას აჯობა და მოდენის საკუთარი ნახევრიდან ზომბაბველთა 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. ძნელაძე სწორედ იქ შებოჭეს. შეტევა მარცხენა, გრძელ ფრთაზე ლომიძემ განაგრძო, ისიც მალევე შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ხუციშვილმა კიდევ უფრო მარცხნივ შარიქაძეს გაუტანა ბურთი. მისი შეჩერება კი მოწინააღმდეგემ ვეღარ მოახერხა.

ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 24:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ორ წუთში, მეოთხე, საპრემიო ქულის მომტანი ლელო მიითვალეს. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შერკინება მოიგეს და ხუციშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს გაუტანა, ამან მოსხეპით კიდისკენ, გოგოლაშვილს გადააწოდა, რომელმაც მეორე ლელო მიითვალა.

ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა გარდასხვა - 31:0.

გოგოლაშვილმა 63-ე წუთზე ჰეთრიკი შეასრულა. თუმცა მანამდე, როცა არბიტრმა მეორხაზელი მინდია ელგუჯაური გაასინბინა და როცა კაცნაკლული ვიყავით, ზიმბავემ ლელო გაგვიტანა, რომელიც გარდასახეს კიდეც. გოგოლაშვილის ლელო კი, რომელიც ჩვენი მორაგბეების მრავალფაზიან, კარგ შეტევას მოჰყვა, შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახა - 38:7.

თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეექვსე ლელოც გაიტანეს, რომელიც კიდევ ერთი უკანახაზელის ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა.

ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს იაპონიის ნაკრებთან გამართავს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფინალში გავა.

მსოფლიოს ახალგზრდული ალაფ
საქართველო-ზიმბაბვე 43:7
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. არჩილ ბეჟაშვილი, 2. ვაჟა თაგაური, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. გიორგი თეთრაშვილი, 17. დავით ხიდეშელი, 18. ვახტანგ ახობაძე, 19. გურამ შენგელია, 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. ბახვა კობახიძე.
3ლ: შარიქაძე (2), გოგოლაშვილი (3), ძნელაძე. 5გ: ნიკოლავა (4), კობახიძე. ს: ნოკოლავა.
სინბინი: ელგუჯაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენს გამარჯვებას გაუმარჯოს დათვის ბელებო,სულ გამარჯვებით გევლოთ ამ ქვეყანაზე!!!
datiko48
05:30 23-06-2012
0
გაიხარეთ ბიჭებო, ნაბიჯ ნაბიჯ და ლელო ლელო გევლოთ დიდი გამარჯვებებისკენ!!!
mirza
10:39 23-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული