საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები - კიდევ ერთხელ დაკარგული შანსი

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში იაპონიის ნაკრებთან წაგების შედეგად ფინალში ვერ გააღწია, რითაც გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილები ფინალისკენ მიმავალ გზაზე ზედიზედ მეორედ გადაგვეღობნენ. შარშან თბილისში გამართულ ანალოგიურ ტურნირზე ჯგუფიდან გასვლა სწორედ ამ გუნდმა არ დაგვანება.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ გააღწია "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ფინალში. 2010 წელს ის იტალიის ნაკრებმა დაამარცხა 36:7, თბილისში კი სამოამ სძლია -31:24. ერთი სიტყვით, მათთვის
ფინალში თამაში ახალი არ არის.

ამჯერად მათი მეტოქე მასპინძელთა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იქნება. ამერიკელებმა ჯგუფურ ტურნირში სამივე მატჩი დამაჯერებლად მოუგეს ჩილეს, ტონგასა და რუსეთის ნაკრებებს. "უმცროს არწივებს" ფავორიტებად მიიჩნევენ, მით უფრო, რომ ფინალში შინაური კედლებიც ხელს შეუწყობს.

"უმცროსი ბორჯალოსნები" კი მხოლოდ მესამე ადგილისთვის ბრძოლას დასჯერდებიან. მეტოქე საკმაოდ ძლიერი ტონგას ნაკრები იქნება, რომელიც შარშან ელიტაში ასპარეზობდა. თუმცა ამ შეხვედრას, პრესტიჟის გარდა, სხვა დატვირთვა არ ექნება.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად კიდევ ერთი წელი მოგვიწევს ლოდინი. ელიტიდან წლეულს იტალია გამოვარდა, რომელსაც სწორედ იაპონიასა და აშშ-ის ნაკრებებს შორის გამარჯვებული შეცვლის.

მომავალ წელს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" სწორედ იმ გუნდს მოუწევს თამაში, რომელმაც წლეულს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა და საბოლოოდ ამ ექსპერიმენტულ ტურნირზე ევროპის ელიტურ სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

"სინამდვილეში რა მანერითაც ჩვენი გუნდი ამჟამად თამაშობს, მხოლოდ მოდელია იმისა, რისი მიღწევაც გვსურს. რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებთ, მატჩის მსვლელობისას სრულყოფილად არ გამოგვდის. იმედი მაქვს, რომ ეს მომდევნო თამაშებში გამოსწორდება.

რა არის ჩვენი პრობლემა? ეს სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. პირველ მატჩთან შედარებით, მეორეში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს ახლოსაც არ არის იმასთან, რასაც თამაშის წინ ვგეგმავთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. დაცვაში ბიჭები კარგად ირჯებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მორაგბეები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, რაც, ცხადია, ბუნებრივია. ისინი მიხვდნენ, რომ სწორი თამაშით გამარჯვების მიღწევა უფრო იოლია, ვიდრე ეს მანამდე ეგონათ" - ეს სიტყვები თამაშის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა იან სმიტმა თქვა.

როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ საბოლოოდ მაინც ცუდი ზეგავლენა იქონია გუნდზე. არადა, იაპონელები ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელიტაში მოასპარეზე სამოას ნაკრებს შეხვდნენ და მანამდეც ხშირად მართავდნენ სპარინგებს.

აღსანიშნავია, რომ სმიტი ჩვენი გუნდის ამ პრობლემაზე "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" პირველი მატჩიდან მოყოლებული გამუდმებით ლაპარაკობდა. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და მის გადაჭრელად წინსვლა წარმოუდგენელია. რაც შეიძლება მეტი თამაში, რომელსაც უწინარესად გამოცდილება და გუნდის ფსიქოლოგიური მდგრადობა მოაქვს, წარმატების საწინდარია.

საქართველოს ნაკრები, U-20
პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).
მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).
მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).
#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).
#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე-არმია).

A ჯგუფი
აშშ-რუსეთი 36:13
ტონგა-ჩილე 41:14

სატურნირო მდგომარეობა
1. აშშ - 14 ქულა, 2. ტონგა - 10, 3. ჩილე - 5, 4. რუსეთი - 0.

B ჯგუფი
საქართველო-იაპონია 33:36
კანადა-ზიმბაბვე 65:45

სატურნირო მდგომარეობა
1. იაპონია - 15 ქულა, 2. საქართველო - 11, 3. კანადა - 7, 4. ზიმბაბვე - 2.

30 ივნისი
VII ადგილისთვის
ზიმბაბვე-რუსეთი

V ადგილისთვის
კანადა-ჩილე

III ადგილისთვის
ტონგა-საქართველო

ფინალი
იაპონია-აშშ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U20 საქართველო-იაპონია 33:36 - იაპონია ისევ დაუძლეველი ბარიერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული