"უმცროსი ბორჯღალოსნები" "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" მოსახვედრად იბრძვიან.
წლეულს 19-წლამდელთა ამოცანა იმითაც გართულდა, რომ 12 გუნდთა ელიტური დივიზიონიდან იტალია გამოვარდა და ავტომატურად დაიკავა ალაფზე ევროპისთვის არსებული ორი ადგილიდან ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გასულ წელს შესარჩევი ტურნირის ორი ფინალისტი ხვდებოდა ალაფზე, წლეულს მხოლოდ გამარჯვებული ნაკრები ითამაშებს.
ფინალი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება და ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე მასპინძელი პორტუგალია
ნამატჩევს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ რუმინეთთან გამართული მატჩი შეაფასა და მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა.
ლადო კილასონია - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
"მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ორჯერ ვაგებდით ჯერ 3:0-ს და შემდეგ 6:3-ს. რუმინელთა ჯარიმებს საბა ნიკოლავამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მეორე ნახევრისთვის გუნდი უფრო დალაგდა, რასაც მურაზ გიორგაძის ლელო მოჰყვა.
ბროძელმა ბურთი ფრთაზე დარჩენილ გიორგაძეს ფეხით გადაუკიდა და ასე გავიდა პირველი ლელო. ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:6. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ორჯერ შეგვეძლო ლელოს გატანა თუმცა ორივე შემთხვევაში დასკვნით ფაზაში ვითამაშეთ ცუდად და რეალური სალელოვე მომენტები ხელიდან გავუშვით.
მეორე ტაიმი ჩვენი აქტიურობით დაიწყო, ლელოს გატანაც შეგვეძლო, თუმცა ხიდეშელს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანთან ბურთი ხელიდან გაუვარდა. მეორე ლელო შერკინების კარგი თამაშის შემდეგ გავიტანეთ. დანიშნულ შერკინებაში რუმინელებს უკან დავახევინეთ, შემდეგ რამოდენიმე მოკლე დარტყმა განვახორციელეთ და ვახო ამირანაშვილმა ლელო გაიტანა. ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა - 20:6.
მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ გუნდი მოეშვა და შეცდომებმაც იმატა. შედეგად, მეორე ტაიმის დასკვნითი 15 წუთი რუმინელთა შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ ლელოც გაგვიტანეს, თუმცა გარდასახვა გაუცუდდათ და საბოლოო ანგარიში 20:11 დაფიქსირდა.
ფინალში მასპინძელ პორტუგალიას ვეთამაშებით, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უკანასკნელ წუთზე გატანილი საჯარიმოთი 21:18 სძლია ბელგიას. სწრაფი გუნდია, მოძრავი და კარგი დამრტყმელი ჰყავთ. საკმაოდ რთული მატჩი გველის წინ.
გუნდში რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. კუნთი სტკივათ გიორგი გეგიას და რევაზ ბროძელს; ასევე, მიკრო-ტრავმა აქვს შალვა შაშიაშვილს, თუმცა ექიმების თქმით, საგანგაშო არაფერია.
აუცილებლად გავაკეთებთ მატჩების ვიდეოანალიზს და დეტალურად განვიხილავთ მოწინააღმდეგის თამაშის ძლიერ და სუსტ მხარეებს. სამუშაო ბევრია, წინ ურთულესი მატჩი გველის".
* * *
პორტუგალიაშივე მიმდინარეობს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 55:6 ბელგიელები დავამარცხეთ. მოწინააღმდეგეს 9 უპასუხო ლელო გავუტანეთ და თამაში სრულიად ჩვენი კარნახით წარვმართეთ.
რაც ყველაზე სასიხარულოა, გუნდმა ძალიან დალაგებული და გააზრებული თამაში აჩვენა. შედეგად, მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და იტალიასთან ერთად ითამაშებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში.
ტურნირი წრიული სისტემით ტარდება და ორგანიზატორებს თამაშები იმგვარად აქვთ დაგეგმილი, რომ ჩვენს ნაკრებს ბოლო მესამე მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან გაემართა. პორტუგალიელებმა პირველი მატჩი ბელგიელებთან მოიგეს და წესით, დღეს გერმანელების დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. ფინალური მატჩი 2 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მომავალი მოწინააღმდეგის, პორტუგალიის მატჩის სანახავად იმყოფებოდა. ამიტომ ბელგიასთან მატჩის მიმოხილვა ნაკრების მენეჯერ ზურაბ ამონაშვილს ვთხოვეთ.
ზურაბ ამონაშვილი - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი:
"ძალიან კარგი თამაში იყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს მწვრთნელების მუშაობა, რომლებმაც ზუსტად შეისწავლეს ბელგიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. მოხდა მოწინააღმდეგის თამაშის სტილის დეტალური განხილვა. ჩვენებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რომლებიც ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს.
დაბალანსებული იყო შერკინებისა და ხაზის თამაში, რაც ბელგიელებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჩვენ მიერ გატანილი ლელოების უმეტესობა იყო კარგად გააზრებული, ზუსტად შესრულებული კომბინაციური და გუნდური თამაშის შედეგი.
ბელგიელებმა რამდენიმეჯერ სცადეს სათამაშო სტილის შეცვლა, თუმცა ჩვენი ბიჭები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ და მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ბურთი სწრაფად გამოდიოდა ხაზზე, რაც ბელგიელებს აიძულებდა, უკან დაეხიათ და დაცვაში ნაპრალები დაეტოვებინათ, რასაც ბიჭები კარგად იყენებდნენ.
ტაიმის ბოლოს, როდესაც უკვე დიდი ანგარიშით ვიგებდით, ბიჭები ცოტათი მოეშვნენ და დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელებმა ზუსტი მითითებები მისცეს და თამაში გამოვასწორეთ.
შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა სამუშაო კვლავაც ბევრია და ვეცდებით, პორტუგალიასთან მატჩისათვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ".
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"