"უმცროს ბორჯღალოსნებს" "ჰართპური" ბოლო წუთზე გადაურჩა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ამჟამად ინგლისში იმყოფებიან, სადაც ერთი საწვრთნელი მატჩი უკვე გამართეს.

ჩვენი მორაგბეები "ჰართპურის" კოლეჯის 18-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ და საკმაოდ დრამატულ, საინტერესო მატჩში 26:31 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა, რაზეც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინგლისური კომენტარებიც მეტყველებს.

"მადლობა ქართველ სტუმრებს შესანიშნავი მატჩისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მომავალ შეხვედრებში" - წერს ერთი; მეორე კი აღფრთოვანებას ვერ მალავს: "ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ჰართპურელებს არაადამიანური ძალისხმევა დასჭირდათ ქართველების დასამარცხებლად".

ილია მაისურაძე (საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი
მწვრთნელი): "მატჩის დასაწყისი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი 15 წუთის განმავლობაში სულ დაცვაში თამაში მოგვიწია.

პირველი ტაიმი სათადარიგო შემადგენლობით დავიწყეთ. მატჩის მსვლელობისას განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და თამაშის ბოლო წუთამდე 26:24-ს ვიგებდით.

გაგვიჭირდა დერეფანში თამაში. გაშვებული ლელოები დაცვაში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო.

საერთო ჯამში, შეტევაში შერკინებამ და უკანა ხაზმაც კარგად ითამაშა. ვფიქრობ, ბიჭებმა სასარგებლო გამოცდილება მიიღეს"
.

ოთარ იაშვილი (საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი): "აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თავდაუზოგავად ითამაშა "ჰართპურის კოლეჯთან", რომელიც ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი ასაკის გუნდებს შორის.

ფიზიკური მონაცემებით, ინგლისელი მორაგბეები სჯობდნენ ჩვენს ბიჭებს, რის გამოც შერკინებასა და დერეფანში შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდათ.

საგულისხმოა, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოწინააღმდეგის შერკინებაში შედარებით ძლიერ თამაშს უკანა ხაზის შესანიშნავი გარჯით უპასუხეს."


ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეს გამარჯვება ჰართპურელებისთვის თავიანთ წაუგებელ სერიაში 43-ე იყო.

საქართველოს ნაკრები კი ინგლისში კიდევ ერთ შეხვედრას 17 მარტს გამართავს ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებთან და მერე საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაემგზავრება.

საქართველო
პირველი ხაზი: ზაურ ხარებავა (რაინდები), დავით ფხაკაძე (ივერია), ბადრი ალხაზიშვილი (ინგლისი), გიორგი ტორაძე, გუგა ხანთაძე (ორივე - აია), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი).
მეორე ხაზი: როლანდ კვაჭაძე (ლელო), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (ხარები).
მესამე ხაზი: თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), დავით პაპავაძე (ჯიქები), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), ბადრი დანგაძე (აია).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თეიმურაზ თუთბერიძე (აია), დავით გულიტაშვილი (ხარები).
#10: რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), თემურ ირემაძე (აია), ლევან გიკაშვილი (ლელო).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით ლობჟანიძე (ლელო).
#15: ირაკლი სვანიძე (ხულიგანა).

1/4-ფინალი
საქართველო-ირლანდია
ინგლისი-პორტუგალია
საფრანგეთი-იტალია
უელსი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებო მიდით შეეჩვიეთ ევროპულ რაგბს, წარმეტებები
Lelo 2015
10:09 16-03-2013
0

სიახლეები პოპულარული