ქართული რაგბის ოქროს თაობა

AutoSharing Option
"რუსეთის ნაკრებმა მთელი ტურნირი შესანიშნავად განვლო, მაგრამ ფინალში ქართული რაგბის ოქროს თაობასთან ვერას გახდა" - ასეთი იყო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ რუსული სპორტსდაილის კომენტარი.

19-წლამდელმა ბორჯღალოსნებმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, იქ მცხოვრები ათასამდე ქართველის ომახიანი მხარდაჭერით, რუსი თანატოლები გვარინად გვემეს, 38:7 მოუგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ჩელენჯ ტროფის საგზურიც მოიპოვეს.

მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში პორტუგალიისა (27:3) და რუმინეთის (29:3) ნაკრებების დამაჯერებელმა ძლევამ, იმედი ჩაგვისახა, რომ რუსებსაც კუდით ქვას ვასროლინებდით. თუმცა ის, რაც ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს, ძნელი წარმოსადგენი იყო.

ფინალს, ვისაც
უნდა ეთამაშებოდე, ყოველთვის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დატვირთვა ქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი მორაგბეებისთვის ეს ტვირთი ორმაგად მძიმე სატარებელი იყო, რადგან მეტოქე რუსეთის ნაკრები გახლდათ.

პაატა ნარიმანაშვილის დამოძღვრილმა ბიჭებმა ყველა სირთულეს თავი შესანიშნავად გაართვეს და მეტოქეს ყველანაირი იმედი პირველივე ტაიმში გადაუწურეს.

ანგარიში მატჩის დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების მგეზავმა უჩა მჭედლიშვილმა საჯარიმოთი გახსნა, რასაც ჩვენმა მორაგბეებმა სამი უპასუხო ლელო მიაყოლეს, ჯერ გუნდის საუკეთესო მელელოვემ, შუამარბმა დავით ლოსაბერიძემ იყოჩაღა, მერე კი მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილსა და გარემარბ გიორგი აბრამიძის ჯერიც დადგა. სამივე ლელო მჭედლიშვილმა გარდასახა - 24:0.

ვერ ვიტყვით, მეორე ტაიმში ჩვენი მორაგბეები მოდუნდნენო, ეს კია, პირველისგან განსხვავებით, რუსებს ერთით ნაკლები ლელო გაუტანეს და მეტოქესაც ერთხელ მიანიჭეს ეს ბედნიერება. მეორე ნახევარში ანგარიში ისევ ლოსაბერიძემ გაზარდა, მჭედლიშვილმა გარდასახა და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 31:0-ს ვიგებდით. რუსებმა ერთი ლელოს გატანა სწორედ ამის მერე შეძლეს, თუმცა საბოლოოდ წერტილი შეცვლაზე შესულმა გარემარბმა ლევან გოგოლაშვილმა დასვა - 38:7.

ეს გამარჯვება ქართვებმა 2008 წელს რუსეთთან ომში დაღუპულ ბიჭებს მიუძღვნეს. ჩვენებმა ევროპის ჩემპიონატი კი მოიგეს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. პირიქით, ახლა იწყება და ქართული რაგბის ამ მართლაც შესანიშნავ თაობას წინ უძნელსი ბრძოლები ელის.

საქართველოს ნაკრები გაისად "ჩელენჯ ტროფის" გათამაშებაში (აშშ) ოცწლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს. ერთის გარდა, ყველა მეტოქე ცნობილია, მასპინძლებთან ერთად უმცროს ბორჯღალოსნებს მეტოქეობას ზიმბაბვეს, იაპონიის, ურუგვაის, რუსეთის და სამოას ნაკრებები გაუწევენ.

საქართველო-რუსეთი 38:7 [ვიდეო]
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. ვანო გაბროშვილი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. უჩა მჭედლიშვილი, 9. ჯიმი ღამბაშიძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. მერაბ მატკავა, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. გიორგი ჭყოიძე
16. ირაკლი ჩომახაშვილი, 17. ზურაბ ერისთავი, 18. ტარიელ ჩხიკვაძე, 19. გიორგი ჟღენტი, 20. რამაზ ჯინაშვილი, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ლევან გოგოლაშვილი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ბექა ხიპაშვილი, 25. გოდერძი ჭინჭარაული, 26. ლუკა კვარაცხელია.
5ლ: ლოსაბერიძე (2), თხილაიშვილი, აბრამიძე, გოგოლაშვილი. 5გ,ს: მჭედლიშვილი.

ევროპის ჩემპიონატი
VII ადგილისთვის: პოლონეთი-უკრაინა 16:15
V ადგილისთვის: პორტუგალია-ესპანეთი 22:15
III ადგილისთვის: რუმინეთი-ბელგია 25:17
ფინალი: საქართველო-რუსეთი 38:7
საბოლოო მდგომარეობა
1. საქართველო, 2. რუსეთი , 3. რუმინეთი, 4. ბელგია, 5. პორტუგალია, 6. ესპანეთი, 7. პოლონეთი, 8. უკრაინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული