საქართველო U19-ინგლისი U20 14:16 - ბრძოლით, ჟინით, თავდადებით

AutoSharing Option
ფოტო
თბილისში სტუმრად იმყოფება ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საწვრთნელი შეხვედრა გამართა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან და დაძაბულ ბრძოლაში 16:14 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, მრავლისმხილველმა თემურ ბენდიაშვილმა ჩვენი გუნდის თამაში რამდენიმე სიტყვით შეაფასა:

"ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ასე კარგად ეთამაშოს, არასდროს მინახავს".

საქართველოს ნაკრებს 19-წლამდელებისა კი ერქვა, მაგრამ გუნდში მრავლად იყვნენ 18-წლამდელთა ნაკრების წევრებიც.

ინგლისელები ასაკითაც და ფიზიკურადაც დიდები იყვნენ. თითოეული მათგანი ზრდასრული, ჩამოყალიბებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

სტუმართა გარემარბები ჩვენს მესამეხაზელებს ყველა პარამეტრით
ლამის აღემატებოდნენ.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბოლომდე თავდადებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავგანწირვით ითამაშეს.

რაც მთავარია, გვანახვეს, რომ გამართულად რაგბობა შეუძლიათ. ცხადია, ცუდია, რომ წავაგეთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს თამაში ჩვენი ბიჭებისთვის კარგი გამოცდილება იყო. სწორედ ასეთი, ფიზიკური და ემოციური წნეხის ქვეშ შეიძლება ჩამოყალიბდნენ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები დიდ მორაგბეებად.

თამაში ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთულად დაიწყო. ინგლისელები მყისიერად შეტევაზე გადავიდნენ. ისინი ფიზიკური კონდიციების გამოყენებით და მაქსიმალური აგრესიულობით ცდილობდნენ "უმცროსი ბორჯღალოსნების" დაცვის ხაზის გაჭრას.

თუმცა ქართველი მორაგბეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში თითქმის შეუცდომლად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი სალელოვე შეტევაც კი არ განუხორციელებია.

მიუხედავად ამისა, ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. საჯარიმო მე-10 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან მათმა მგეზავმა რობ ევერ-რაითმა გაიტანა - 3:0.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ინგლისელები ზეწოლას განაგრძობდნენ. ჩვენი მორაგბეები, დიდი მცდელობის მიუხედავად, იერიშის წამოწყებას ვერაფრით ახერხებდნენ და 27-ე წუთამდე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც არ შეუღწევიათ. იქამდე კი, ერთი წუთით ადრე, ინგლისის საგრაფოთა ნაკრებმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 6:0.

პირველი ტაიმის დასკვნით 13 წუთში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საკუთარი თამაში იპოვეს. ჩვენს მორაგბეებს ორჯერ შეეძლოთ ლელოს გატანა, თუმცა ერთ შემთხვევაში მგეზავის, რევაზ ჯინჭველაშვილის მიერ მარჯვენა კიდისკენ ფეხით გადაკიდებული არ გამოდგა ზუსტი; მეორედ კი, ლელოსთან ერთ მეტრში მისულებს, ბურთი რაკში გაგვიჭედეს.

მეორე ტაიმი პირველის იდენტურად დაიწყო. ინგლისელები ისევ სწრაფად და მძლავრად ამოქმედდნენ. ისინი 55-ე წუთამდე უპირატესობას ფლობდნენ. დროის ამ მონაკვეთში მათ ჯერ საჯარიმო გაიტანეს. მერე, 53-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ერთი იშვიათი შეცდომა დაუშვა და ლელო მესამეხაზელმა ედვარდ ვებსტერმა მიითვალა. ევერ-რაითმა გარდასახა - 16:0.

ამის შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. ქართველი მორაგბეები თამამად ამოქმედდნენ, საკმაოდ ორგანიზებულად და სწრაფად უტევდნენ, თუმცა წვრილ-წვრილი შეცდომების გამო იერიში ბოლომდე ვერ მიჰყავდათ.

62-ე წუთზე ჩვენი გუნდის მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა მეტოქის შეცდომით კარგად ისარგებლა. ინგლისელებმა ბურთის მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ჩათამაშება გადაწყვიტეს. ჯინჭველაშვილმა ზუსტად წაიკითხა მეტოქის ჩანაფიქრი, ერთ-ერთი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. გარდასახვა თვითონვე გაიტანა - 7:16.

წარმატებამ ჩვენს ბიჭებს ფრთები შეასხა. 73-ე წუთზე ინგლისელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს.

მორკინალებმა კარის პირდაპირ შეუტიეს. მერე ცხრა ნომერმა თემურ თუთბერიძემ ბურთი მარცხნივ, ხაზზე გაიტანა. ინგლისელებმა ეს მიმართულებაც დაიცვეს, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა რაკში მათი უხვად ჩათრევა შეძლეს და ახლა ბურთი ხელდახელ მარჯვნივ გაათამაშეს.

ლელო კიდესთან ახლოს შეცვლაზე შესულმა გიორგი ნათელაშვილმა გაიტანა. ჯინჭველაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 14:16.

საქართველოს ნაკრებს ამ მატჩის მოგებაც შეეძლო. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შუამარბმა რეზო ბროძელმა ორმოცი მეტრიდან არეკნით სცადა ინგლისელთა კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ. მომდევნო მატჩი ამ გუნდებს შორის 18 მაისს, ისევ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართება.

საქართველო U19-ინგლისი U20 14:16
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. დავით გულიტაშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 12. რეზო ბროძელი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემურ თუთბერიძე. 1. დავით ფხაკაძე, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ნიკა გიგაური, 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. დავით პაპავაძე.
2ლ: რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ნათელაშვილი. 2გ: რევაზ ჯინჭველაშვილი.
ინგლისი: 15. ჯიმი უიგლსოურთი, 14. ჯეკ როსიტერი, 13. ეიდენ მოსი, 12. დევიდ მეისი, 11. ბენ რეთი, 10. რობ ევერ-რაითი, 9. ნიკ ფოსტერი. 1. რიკი კანო, 2. უილ რობერთსი, 3. დევიდ ქოუნდსი, 4. ჯოშ ფეთი, 5. გარეთ ბაქსთერი, 6. ჯორჯ ორემი, 7. ედვარდ ვებსტერი, 8. დევიდ ჯოუნსი.
ლ: ედვარდ ვებსტერი. 3ს,გ: რობ ევერ-რაითი
მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული