U19. საქართველო-ბელგია 32:6 - ევროპა ჩვენია! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფინალში ბელგიის ნაკრებს დიდი ანგარიშით - 32:6 მოუგეს.

თამაშის პირველ ტაიმში ჩვენმა მორაგბეებმა ძალიან ინერვიულეს და, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქის გატეხა ვერაფრით შეძლეს. პირველი ნახევარი სრულიად მოულოდნელად ფრედ, 6:6 დასრულდა.

შეხვედრა ბელგიელებმა აქტიურად დაიწყეს. პირველი ხუთი წუთი თითქოს უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მერე ჩვენმა გუნდმა ჩვეულად ხელდახელ თამაშითა და მორკინალთა მიძალებით ბელგიელების შევიწროება და მისსავე ნახევარში ამოკეტვა შეძლო. თუმცა,
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ლელოში შეღწევას ვერაფრით ახერხებდნენ, არადა, ამის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ.

პირველი ტაიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა საქართველოს ნაკრები 6:0-ს იგებდა. გუნდი, როგორც ჩანს, ოდნავ მოდუნდა, ბელგიელები გააქტიურდნენ და დასკვნით სამ წუთში ორი საჯარიმო გაგვიტანეს.

ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მეტოქეს ერთი ლელოც გატეხდა და ჩვენს ბიჭებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებდა. შესვენების შემდეგ თამაში დიდი ხნის განახლებული არ იყო, როცა შეცვლაზე შესულმა გარემარბმა ანზორ სიჭინავამ პირველი ლელო გაიტანა. მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 13:6.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაახალისა, თამაში უფრო ლაღი და სწრაფი გახდა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მეტოქეზე, რომელიც ხუთ წუთში პირველხაზელი ზაურ ხარებავას მეორე ლელომ საბოლოოდ გატეხა. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 18:6.

თამაშის წარმატებით დასრულება ამის შემდეგ ტექნიკის საქმე იყო. 53-ე წუთზე მეტოქის ლელოს მისადგომებთან ჩვენმა გუნდმა ბელგიელების შეცდომით კარგად ისარგებლა და მორიგი ლელო გაიტანა.

ამ ეპიზოდში ცხრა ნომერმა თემურ თუთბერიძემ ბრწყინვალე, დაფარული პასით გარღვევაზე გაიყვანა მესამეხაზელი ბადრი დანგაძე, რომელიც ვერავინ შეაჩერა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 25:6.

ბოლო, მეოთხე ლელო კი დიდი რაგბის კატალოგიდან იყო. გიორგი აფციაურმა, რომელიც ჩვენს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ფეხით საპირისპირო, მარცხენა ფრთაზე დაკიდა, სადაც ბურთთან ყველაზე სწრაფად გარემარბი მურაზ გიორგაძე გაჩნდა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 32:6.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამ გამარჯვებით მომავალ წელს ჰონგ-კონგში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მასპინძლებთან ერთად კანადის, აშშ-ის, ტონგას და იაპონიის ნაკრებები იასპარეზებენ, ამათ კიდევ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ჩემპიონები დაემატებიან. აქ გამარჯვებული კი 2015 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს სძლიეს - 69:8, მერე კი, ნახევარფინალში ესპანელი "ლომების ბოკვერები" დაამარცხეს - 31:3.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, ევროპის ჩემპიონები გავხდით და მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით და თითოეულ მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ გარჯისთვის, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

დიდი შრომა გასწია სამწვრთნელო შტაბმა და მიხარია, რომ ამაგი დაგვიფასდა. ვულოცავ მათ და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას.

ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია,"
- თქვა ნამატჩევს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა.

გუნდის თავკაცის სიხარული, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემაც გაიზიარა, რომელიც ლისაბონში იმყოფებოდა:

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ამ ტურნირში გამარჯვება შეგვიძლია.

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი და ძლიერი მომავალი თაობა ეზრდება ქართულ რაგბის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მათგანს მალე ვიხილავთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელთა შტაბს, რაგბის აკადემიას და ყველას, ვინც გუნდის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა".


საქართველო-ბელგია 32:6
საქართველო (15-9) აფციაური, გიორგაძე, ტალახაძე, გულიტაშვილი, ლიპარტელიანი (სიჭინავა 36), ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე (სვანიძე 36)ს. (1-8) ხარებავა (ფხაკაძე 63), ტორაძე (ალხაზიშვილი 36), მარგველანი (კაკაბაძე 54)ს, კვაჭაძე, ბარბაქაძე, დანგაძე, ბუბუტეიშვილი (გიგაური 36), მღებრიშვილი (პაპავაძე 63).
4 ლ: სიჭინავა, ხარებავა, დანგაძე, გიორგაძე. 3გ: ჯინჭველაშვილი. 2ს: აფციაური, ჯინჭველაშვილი.
სინბინი: გიგაური.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ევროპის ჩემპიონატი
VII ადგილისთვის
პოლონეთი-ჩეხეთი 38:5

V ადგილისთვის
რუმინეთი-რუსეთი 37:17

III ადგილისთვის
ესპანეთი-პორტუგალია 17:9

ფინალი
საქართველო-ბელგია 32:6

საბოლოო მდგომარეობა
1. საქართველო, 2. ბელგია, 3. ესპანეთი, 4. პორტუგალია, 5. რუმინეთი, 6. რუსეთი, 7. პოლონეთი, 8. ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
როდესაც ევროპის ჩემპიონატზე არ მონაწილეობენ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნები იმას არ ჰქვია ევროპის ჩემპიონატი
giorgi
16:30 05-11-2013
0
კრიტიკული აზრი ბოღმა ?!
tamo-s
16:21 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული