შვიდდღეული: ოქროს თანაფარდი ვერცხლი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის ძლევის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგში ექვსი ერის წარმომადგენელ იტალიას გაასწრო, რის შემდეგაც ევროპული რაგბის მამები ექვს ერში (7 ერი დაერქმევა თუ 6+1, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს) ჩვენს გაწევრიანებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.

ცეცხლზე ნავთი დაასხა (კარგი გაგებით) ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებამ. ჩვენმა ჭაბუკებმა უკან მოიტოვეს იტალია, ინგლისი და მეორე ადგილი დაიკავეს.

პერსპექტივა ვერცხლი
ოქრო ვერცხლზე ძვირად ფასობს, სპორტში გამარჯვებულებს ოქროს მედლებს აძლევენ, მეორეადგილოსნებს - ვერცხლისას. თუმცა საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებისთვის ვერცხლის მედალი ოქროს უდრის. მათ ხომ მსოფლიოს
დაანახეს, რომ ევროპაში, ჭაბუკთა შორის მეორეები არიან. მათ დამსახურებას არც ფინალში, საფრანგეთთან დიდი სხვაობით მარცხი (0:57) აფერმკრთალებს.

მწვერვალისკენ - ორი ქართული
სარაგბო ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ორი "ქართული" გუნდი გავიდა. ესეც ძალიან გასახარია და იმედი დავიტოვოთ, რომ საბოლოოდ ერთ-ერთი მაინც მოიგებს ამ თასს.

ერთი გუნდია "კლერმონი" (დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი), მეორე - "ტულონი" (მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე).

თასი - დინამო-სამტრედია
საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშების ნახევარფინალში "დინამომ" და "სამტრედიამ" 50-პროცენტიან ზღვარს გადააბიჯეს: მათ პირველ მატჩებში ისეთი უპირატესობა მოიპოვეს, თამამად შეიძლება ფინალში გასვლის შანსი 50-დან 90 პროცენტამდე შევაფასოთ. "დინამომ" შინ "ცხინვალს" 2:0 სძლია, "სამტრედიამ" სტუმრად - "საჩხერეს" 1:0.

კომენტარი - აგრეია
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გერმანიასთან მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა თასების თასის მფლობელმა ვლადიმერ გუცაევმა:

"საერთოდ, ინდივიდუალიზმის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. ეს არის ის, რაც თამაშს "ხსნის", იგებს. ინდივიდუალურ თვისებებს ვხედავ ლევან მჭედლიძეში და გიორგი ჭანტურიაში. მათ და ყველა ფეხბურთელს ვურჩევ - იყვნენ მეტად აგრესიულები".

ტიტული - დინამო
4 აპრილს გაიმართა საქართველოს თასის ფინალი კალათბურთში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "დინამო" და "რუსთავი". დინამოელებმა გადამწყვეტი წუთები უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს და 95:87 გაიმარჯვეს.

ფინალის საუკეთესოდ თბილისელთა გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე დასახელდა.

აღიარება - ფაჩულია
გაზეთმა "ლელომ" იანვრიდან ახალი ტრადიცია დაამკვიდრა: ყოველ თვეში საუკეთესო ქართველ სპორტსმენს ავლენს. იანვარში პირველობა არავის დაუთმო კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, თებერვლის საუკეთესო ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი იყო, ხოლო მარტში პირველობა ისევ ფაჩულიამ დაიბრუნა.

მის მარტისეულ რეკორდებზე ჩვენი ჟურნალის მკითხველი უკვე ინფორმირებულია.

რიცხვი - 80
8 აპრილს ზაზა ფაჩულიამ ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდის" წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი ცენტრი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 19 ქულა და 10 მოხსნა. ეს გახლდათ მისი მე-80 ორმაგი დუბლი NBA-ში.

გოლი - 300
არც ევროპული ფეხბურთი გვაძლევს მოწყენის უფლებას - ბოლო დღეებში მადრიდის "რეალი" და მისი ლიდერი კრიშტიანო რონალდო ამოიქოქნენ. მან გრანადასთან (9:1) მატჩში ერთბაშად 5 გოლი გაიტანა. აქამდე პენტა თრიკი მას ერთხელაც არ შეესრულებინა. "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში (2:0) გატანილი პირველი გოლი კი რონალდოსთვის "რეალის" მაისურით მე-300 აღმოჩნდა.

ანონსი - ძალოსნობა
11 აპრილს თბილისში დიდი შეჯიბრება დაიწყება - ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც ზუსტად ერთ კვირას გაგრძელდება. სპორტის სასახლის ფიცარნაგზე მხოლოდ უცხოელების წარმატებებს კი არა, ქართულ მედლებსაც ველით.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმ ექვსი ერის წარმომადგენელმა რომ გითხრას 57:0 enough said - რას უპასუხებთ ნეტავ :)))))))
odala
23:22 11-04-2015
0
საცოლე რომელიც ფეხმზიმეა ციხელაშვილია. ეგ კაციც მაგ გვარისაა.სიძეს საბალეშიკოდ მივიდა
chokhela
09:23 12-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული