"ურუგვაი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა ჩვენ პროვოცირებას და ბოლოს მოახერხა"

AutoSharing Option
ფოტოზე: 20-წლამდელთა მწვრთნელი ილია მაისურაძე
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" წარმატებული სტარტი აიღო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებიც A ჯგუფის ბინადარნი არიან, პირველ მატჩში ურუგვაის ნაკრებს სძლიეს - 46:12.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ თამაში შეაფასეს და მომავალ მეტოქეზე - ფიჯიზეც ისაუბრეს.

ილია მაისურაძე (20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი): "გუნდი თამაშზე კონკრეტული დავალებით
გავიდა, რომ ბურთის მოგების ზონაში ყოფილიყო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი, იქნებოდა ეს შერკინება, მოლი თუ დერეფანი; გადაეკვეთა უპირატესობის ხაზი და რიცხობრივი უპირატესობის შექმნის შემდეგ ხაზზე გაეტანათ ბურთი, რაც ბიჭებმა პირველ ტაიმში კარგად შეასრულეს.

დალაგებულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი მომხდარი ჩხუბის გამო ავირიეთ. ფაქტია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგე ცდილობდა ჩვენ პროვოკაციაზე წამოკიდებას, რაც საბოლოოდ მოახერხა და სამწუხაროდ, წითელი ბარათით დავისაჯეთ.

ამის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და ეს სათამაშო დისციპლინაზეც აისახა - კაპიტანი გაგვიგდეს, შემდეგ ორჯერ სინბინიც მივიღეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა მალევე მოახერხა დალაგება და დისციპლინაც გამოასწორა, რაც ცალსახად მათი მენტალური სიძლიერისა და მდგრადობის მანიშნებელია.

მომავალ მოწინააღმდეგეების თამაშს რაც შეეხება, ფიჯის დიდი და საგრძნობი უპირატესობა აქვს ღია თამაშში და ძალიან სწრაფები არიან. ჩემდა გასაკვირად, კუნძულელები პორტუგალიელებს შერკინებაშიც სჯობნიან. მიმაჩნია, რომ პორტუგალიას უფრო უნდა ჩაეკეტა მათთვის თამაში. სწრაფი ბურთაობაა და ბევრი ოფლოუდია. ფიჯი საკმაოდ შემოქმედებითად თამაშობს. ამ ყველაფერს ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ შემდეგი მატჩისთვის და შესაბამისად მოვემზადებით".

ირაკლი აბუსერიძე (რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი): "ყველა სტატიკურ ფაზაში, იქნებოდა ეს დერეფანი თუ შერკინება, ბიჭებმა შეძლეს მოწინააღმდეგის დაჯაბნა. უბრალოდ, აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ურუგვაელები ცდილობდნენ ჩვენი მოთამაშეების პროვოკაციაზე წამოკიდებას და ბოლოს ბიჭებს ნერვებმა უმტყუნა და მეორე ტაიმში მოხდა ეს ჩხუბი, რომელსაც სამწუხაროდ, ბადრი ალხაზაშვილის წითელი ბარათი მოჰყვა.

ახლა ჩვენი მენეჯერები ესაუბრებიან ტურნირის ორგანიზატორებს. ვიდეოს განიხილავენ და ალბათ, მალე გავარკვევთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რა თქმა უნდა, ამ უსიამოვნო ეპიზოდმა ცოტათი არია ჩვენი თამაში და სათამაშო დისციპლინაზეც იმოქმედა, მაგრამ ბიჭებმა მაინც შეძლეს დალაგება და თამაშის გამოსწორება.

მთლიანობაში, ჩვენი 20-წლამდელების თამაშს შევაფასებ დადებითად. ამ მატჩამდე ყველას ფავორიტად ურუგვაი მიაჩნდა, ხოლო ბიჭები შესაბამისი განწყობით გავიდნენ მოედანზე და შესანიშნავად ითამაშეს.

მოთამაშეები ჯანმრთელად არიან, არავის მნიშვნელოვანი ტრავმა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე დაჟეჟილობებს, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდის პროვოკაციებით არის გამოწვეული".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დისციპლინა მართლა საშინელი იყო.ქართველების სუსტი წერტილია დისციპლინა.იყო დადებითი მომენტები,მაგრამ ეს გადამეტებული ემოცია და დისციპლინა აუფერულებს იმ კარგ თამაშს. გასაკვირია თუ 1ტაიმის შემდეგ მწვრთნელებმა ეს ვერ შეამჩნიეს და არ დაარიგეს ბიჭები.
jemali
11:02 14-05-2015
0
გვეკაიფებიან თუ რა? ურუგვაის ფავორიტობა ვინ თქვა? რატომ იმაზე არაფერს ამბობთ, დისციპლინა ნულს ქვემოთ რომ იყო? პირველი 10 წუთის მერე იყო შესაცვლელი კაპიტანი, ემოციების კონტროლს აშკარად ვერ ართმევდა თავს.
PIUTAU
12:58 13-05-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული