"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში პირველად იასპარეზებენ ტურნირში, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოს ჩემპიონატი წლეულს, 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.

ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად ჩვენმა გუნდმა ოთხი საწვრთნელი შეკრება უკვე გამართა. 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას ინგლისში საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" თებერვალში სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან გამართავენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნეში 16 თებერვალს, დილით გაემგზავრა. პირველ ორ მატჩს ჩვენი 20-წლამდელები "პუმიტასის" წინააღმდეგ გამართავენ,
ხოლო ბოლო ორში "ტერიტოსს" ეთამაშებიან.

ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ბოლოსწინა ეტაპზე ვართ. მოგვიანებით, გვექნება კიდევ ერთი გენერალური შეკრება. ძლიერი თამაშები გველის წინ. ბიჭებისთვის შეიცვლება ყველანაირი პირობა - სეზონურიც, რადგანაც იქ ზაფხულია. მოკლედ, წინ ყველანაირი გამოცდა გველის, სადაც გამოჩნდება მათი მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური უნარები. შევეცდებით, რომ რაც აქამდე ვიმუშავეთ, გამოვცადოთ რეალური წნეხის პირობებში და გავიგოთ, სად ვართ ახლა.

სამწუხროდ, რამდენიმე ლეგიონერი დაშავებულია და ვერ ჩამოვიდა. რამდენიმეს კლუბთან აქვს შეთანხმება და ჩვენ არ გავამწვავეთ კლუბებთან ურთიერთობა, რადგანაც ლეგიონერები მხოლოდ გენერალურ შეკრებაზე გვჭირდება. 3 მოთამაშე ეროვნულ ნაკრებშია, სამივემ ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ, ორმა პორტუგალიასთან. ლეგიონერებიდან ამჟამად გუნდში გვყავს ნიკა ნეფარიძე "კლერმონიდან", გიორგი ცუცქირიძე "ბრივიდან", გიორგი ჯავახია და ნიკა იურინი "ლიონიდან", თუმცა ჯავახია დაშავებულია და ვერ შეძლებს ამ ტურნესთვის გამოჯანმრთელებას".

ლადო კილასონია, მწვრთნელი:

"ტურნედან რომ დავბრუნდებით, მე-5 შეკრებას გავმართავთ, რომელიც ბევრ რამეს გვაჩვენებს. ჩამოვალთ, დავისვენებთ, მარტში მსუბუქი ვარჯიშები გვექნება. 8 აპრილიდან მოთამაშეები გადმოდიან მთლიანად ჩვენს განკარგულებაში და იწყება მთავარი შეკრება, რომელიც გასტანს დაახლოებით 4 კვირას.

გათვალისწინებულია კვირაში 5 დღე ვარჯიში, 2 დღე დასვენება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ და ძალიან მაღალი დონის გუნდებს დავუპირისპირდებით. ჩვენი მიზანია, ამ ახალგაზრდების მომზადება დაემსგავსოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს თასისწინა მოსამზადებელ პერიოდს.

აპრილში, იმედი გვაქვს, ყველა ლეგიონერი შემოგვიერთდება, ამაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საფრანგეთს თავისი ტურნირი აქვს, თავისი გრაფიკით. ბევრ ჩვენს მორაგბეს კლუბები არ ათავისუფლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის ოფიციალური ტესტები. ეს მოთამაშეები ჩვენთან ერთად იქნებიან აპრილიდან სრული შემადგენლობით და ვითამაშებთ მათთან ერთად. ამჟამად, საფრანგეთიდან ჩამოსულია 4 მოთამაშე, თუმცა ორს ტრავმა აქვს.

რა თქმა უნდა, ვასილ ლობჟანიძის გამოცდილება მსოფლიოს თასის შემდეგ ნამდვილად წაადგება ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს. ასევე ძალიან წაგვადგება ბექა გორგაძის გამოცდილება, რომელსაც ის მიმდინარე რაგბი ევროპის გათამაშებაზე შეიძენს. ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი მოთამაშეებისთვის მათი მაგალითი, რადგანაც ბიჭები ხედავენ, რომ თუ აქ კარგად ითამაშებენ, მათთვის ეროვნული ნაკრების კარიც გაიღება".

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: უშანგი ჭეიშვილი, თორნიკე მატარაძე, გიორგი უშხვანი (სამივე - აია), ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), ლაშა საჯაია (ჯიქი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), გიგა ხუროშვილი (არმაზი), გურამ პაპიძე (ყოჩები)
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), გაგა არაბული (ლოკომოტივი)
მესამე ხაზი: ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმია), ცისკარა ბერიშვილი (ლელო), ირაკლი ცხადაძე (არმაზი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), მიხეილ გორგასლიძე (აია).
#9: გელა აფრასიძე (ლელო), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)
#10: რატი შანიძე (ლელო), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)
#12-13: გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი გოგოლაძე (არმია), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: გიორგი მელაძე (ყოჩები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), დავით მესხი (არმია)
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია).

მატჩების განრიგი
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
არგენტინა - საქართველო

24 თებერვალი, როსარიო
არგენტინა - საქართველო

28 თებერვალი, პაისანდუ
ურუგვაი - საქართველო

4 მარტი, მონტევიდეო
ურუგვაი - საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტავ რატომ არ უნდათ, რომ 1998-2004 წლებში, ელიტაში ვიყავით U19- ში.
ოთო
18:26 16-02-2016
0
2005 ნაკრებიდან ბევრს უნდა ეთამაშა დიდი რაგბი.
1

სიახლეები პოპულარული