ორი ძმის ერთი მიზანი - ილია და ნუგზარ სპანდერაშვილებს "მსოფლიო რაგბიმ" წერილი უძღვნა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისურ მანჩესტერში მიმდინარეობს, 18 წლის მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი თამაშობს. "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მას და მის ფეხბურთელ ძმას, ნუგზარ სპანდერაშვილს ეძღვნება.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"ძმები - ილია და ნუგზარ სპანდერაშვილები ნიჭიერი სპორტსმენები არიან, თუმცა სხვადასხვა სახეობით არიან გატაცებულნი.

ფლანკერი ილია სპანდერაშვილი "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ამჟამად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს და დებიუტი უელსთან მატჩში ჰქონდა, რომელიც ქართველებმა მინიმალური სხვაობით, 9:10 წააგეს. მისი ტყუპისცალი "ნუგო" კი ფეხბურთელია და საქართველოს 18-წლამდელთა
ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელია.

"ჩვენ ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ცხადია, ორივეს გვაქვს რაღაც მიზანი, რომლის მისაღწევადაც ბევრს ვშრომობთ" - ამბობს ილია.

ძმური კონკურენცია
"ბავშვობიდანვე ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას ვუწევდით. ხანდახან იმის გარკვევა, ვინ უფრო უკეთესია, ჩხუბამდე მიდიოდა. ახლაც ყველანაირად ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესოები ჩვენ მიერ არჩეულ სპორტის სახეობებში.

ილია ფეხბურთის აზრზე არ არის. მას ოვალური ბურთით, ძალისმიერი თამაში უფრო გამოსდის", - თქვა ნუგზარმა.

უნდა აღინიშნოს, რომ რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობაა. "ბორჯღალოსნების" წარმატებული ასპარეზობა 2015 წლის მსოფლიოს თასზე და ახალგაზრდა მორაგბეების გამოჩენა, როგორიცაა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიოს თასების ისტორიაში, განუხრელად უწყობს ხელს ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებას.

განსხვავებული გზა
ორივე ძმა სპორტით ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით კლასში სწავლისას დაინტერესდა.

"ფიზიკურად საკმაოდ დიდი ვიყავი. ორიდან ერთი უნდა ამერჩია. მე რაგბიზე შევედი, ნუგზარმა უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ახლა მას 15 მატჩზე მეტი აქვს გამართული ასაკობრივ ნაკრებებში და 35-ე საფეხბურთო სკოლის წამყვანი თავდამსხმელია.

ჩემი ძმა კარგი, ნიჭიერი და ძალიან მონდომებული ფეხბურთელია. თუ ისევ ძველებურად განაგრძობს შრომას და განვითარებას, დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება", - შეაქო ძმა ილიამ, რომელსაც ძმის მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა აქვს.

"არ მინდა, ის ძალიან ვაქო, რადგან თავმდაბალი ბიჭია. მისი მიზანმიმართულობა შესაშურია. ძალიან მაგრად გამოსდის ყველაფერი, რასაც აკეთებს.

შარშან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა. ამ მატჩს ჩემს მეგობარ ფეხბურთელებთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორში. ძალიან ვინერვიულე. მინდოდა, ჩემს ძმას კარგად ეთამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო, ყველა ჩემი თანაგუნდელი ამბობდა, რომ ილიამ ძალიან კარგად ითამაშა. ამაყი ვიყავი ჩემი ძმის გამო", - დასძინა ნუგომ.

ნუგოს შეუძლია, უფრო ახლოდან უქომაგოს ძმას, რადგან 2017 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

მოტივაცია
ქართველების ყველაზე გამორჩეულ მორაგბეს, მამუკა გორგოძეს, მალე 32 წელი შეუსრულდება. ცხადია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები სამომავლოდ მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ილია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, ყველაფერს გააკეთებს, რათა განვითარდეს და ეროვნული ნაკრების კვართი მოირგოს.

"ყოველთვის, როცა ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშს ვუყურებ, უმძაფრესი სურვილი მიჩნდება, მისი კვართით ვიასპარეზო მომავალში. ცხადია, ბევრი ძალიან კარგი მორაგბე გვყავს ქართველებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მამუკა გორგოძე მათ შორის ყველაზე დიდია", - თქვა ილიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან კარგი ბიჭები არიან
სალომე
12:27 17-06-2016
0
ძალიან მაგარი ბიჭები არიან კარგი მამის შვილები. წარმატებები
თამრიკო
12:25 17-06-2016
0

სიახლეები პოპულარული