U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს 18:17 მოუგო და თავისთვის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ცხადია, ხარვეზი, ისევე, როგორც ყველა გუნდის თამაშში, ჩვენი ბიჭების გარჯაშიც იყო, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ის იქვე, თითქმის პირდაპირ მოედანზე, ჩვენ თვალწინვე სწორდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი ითამაშეს.

შეხვედრის პირველი წუთები ჩვენი გუნდისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა. იტალიელებმა თავიდანვე სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა, დაცვაში ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავად ითამაშეს და ხიფათი
გააუვნებელყვეს.

პირველ ტაიმში ყველაზე ცუდი დერეფანში თამაში იყო. ეს კომპონენტი ვერაფრით დალაგდა და ზედიზედ წაგებული სამი აუტის შედეგად იტალია გვიტევდა, იმის ნაცვლად, რომ იქით შეგვეწუხებინა.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე მათზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში პირველად მე-16 წუთზე შეაღწიეს და შედეგიანადაც. საჯარიმო აუტში გადავიტანეთ. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ, მოლი შევკარით, მძლავრი მიწოლით მეტოქეს უკან დავახევინეთ და თორნიკე მატარაძემ ჩათვლის მოედანში შეაღწია. დავით მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 5:0.

მალე ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავი იერიში განახორციელეს. მატარაძემ ისევ დაამიწა ბურთი ლელოში, თუმცა არბიტრმა წესის დარღვევა დააფიქსირა და, ცხადია, ლელო არ ჩაგვითვალა.

30-ე წუთზე იტალიელებმა ლელო იმავე მეთოდით გაგვიტანეს, რომლითაც ჩვენ დავამწუხრეთ. ამასთან ერთად, მათმა დამრტყმელმა გარდასახვაც გამოიყენა - 7:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მთლიანად დაეუფლა უპირატესობას. გუნდი უფრო ლაღად ათამაშდა, დერეფანში თამაშიც გამოსწორდა, შერკინებაში მეტოქეს ისევ საგრძნობლად ვჩაგრავდით და შედეგმაც არ დააყოვნა.

55-ე წუთზე, ერთ-ერთი იერიშისას, იტალიელები საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ. ჩვენმა კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ შერკინება მოითხოვა. სამი მცდელობის შემდეგ მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ ბურთი აიტაცა და ლელოში გადადო. ლობჟანიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 10:7.

მალე მგეზავ დავით მოძღვრიშვილის ნაცვლად თამაშში გელა აფრასიძე ჩაერთო. 63-ე წუთზე მან საჯარიმოდან სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ ვერ გაიტანა. იტალიელებმა 22-მეტრიანი ზონიდან თავისუფალი დარტყმით განაახლეს თამაში. ბურთს ჩვენი მორაგბეები ზედ ცენტრის ხაზთან დაეუფლნენ და აფრასიძის მიერ წამოწყებული კომბინაცია შედევრი გამოვიდა.

იერიში გორგაძემ განაგრძო, მეტოქის ხაზი გაჭრა და 15 მეტრი ირბინა. მერე ბურთი ისევ აფრასიძეს დაუბრუნა. ამან ლობჟანიძეს გაატანა, რომელიც ასევე შესანიშნავად გაისარჯა, მოწინააღმდეგეებს ხელიდან დაუსხლტა და მისი შეჩერება მხოლოდ ლელოდან ხუთ მეტრში შეძლეს. აფრასიძემ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარცხენა გრძელ ფრთაზე გაათამაშა. ლელო გარემარბმა ლადო მიმინოშვილმა მიითვალა. აფრასიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 15:7.

იტალიელებმა სამი ქულის გაქვითვა საჯარიმოდან მალევე შეძლეს, თუმცა 70-ე წუთზე აფრასიძემ ასევე საჯარიმოდან მაინც შეძლო ბურთის ძელებს შორის გატარება და რვაქულიანი უპირატესობის აღდგენა. იტალიელებმა ხელი ბოლო წუთებზე გამოიღეს. თამაშის დრო უკვე გასული იყო, ლელო რომ გაიტანეს, გარდასახვაც მიაყოლეს, მაგრამ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა - 18:17.

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე 25 ივნისს საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელმაც იაპონიას 41:27 მოუგო. ფინალში კი მასპინძელი ინგლისი ირლანდიის გუნდს დაუპირისპირდება.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. IX ადგილისთვის. 1/2-ფინალი
საქართველო-იტალია 18:17
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ირაკლი ცხადაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ფუტკარაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.
3ლ: მატარაძე, გორგაძე, მიმინოშვილი. ს: აფრასიძე
იტალია: 15. მატეო მინოზი, 14. ლორენცო მასატო, 13. მარკო ზანონი, 12. დარიო სკიაბელი, 11. ლუკა სპერანდო, 10. ლეონარდო მანტელი, 9. რიკარდო რაფაელი. 1. დანიელ რიმპელი, 2. ენჯელ მაკელარა, 3. მარკო რიჩიონი, 4. ლეონარდ კრუმოვი, 5. დავიდე ფრანიტო, 6. ლორენცო მასელი, 7. ჯოვანი პეტინელი, 8. ჯოვანი ლიკატა.
16. მარკო მანფრედი, 17. დამიანო ბორეანი, 18. ჯოშუა ზილოკი, 19. ჯორდანო ბალდინო, 20. დავიდე ცოტოლი, 21. ჩარლი ტრუსარდი, 22. რობერტო დალცილიო, 23. ანდრეა ბრონზინი
2ლ: მაკელარა, სპერანდო. 2გ,ს: მანტელი

საფრანგეთი-იაპონია 41:27

V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-უელსი 71:12
შოტლანდია-ავსტრალია 19:35

ნახევარფინალი
ინგლისი-სამ.აფრიკა 39:17
ირლანდია-არგენტინა 37:7

XI ადგილისთვის
25 ივნისი
იტალია-იაპონია

IX ადგილისთვის
25 ივნისი
საქართველო-საფრანგეთი

VII ადგილისთვის
25 ივნისი
უელსი-შოტლანდია

V ადგილისთვის
25 ივნისი
ახ.ზელანდია-ავსტრალია

III ადგილისთვის
25 ივნისი
არგენტინა-სამ.აფრიკა

ფინალი
25 ივნისი
ირლანდია-ინგლისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
იაპონიასთან არაფერი გვესაქმება, ბოლო თამაში ფრანგებთან გვაქვს მე-9 ადგილისთვის და დიდი ალბათობით წავაგებთ, მაგრამ შედეგი უკვე დადებულია!
ალეკსანდრეს
21 ივნისი 2016 18:32
0


ყველაზე ძაან ხელით თამაში აკლდა ქართულ რაგბს, და აჰჰააა ამითაც გამახარეთ და გაახარეთ სრულიად საქართველო; ჩვენო ჯიგრიანო ბიჭებო გაიხარეთ!
დიდი მადლობა თავ-დადებისთვის . . .




J A G A
21 ივნისი 2016 15:55
0
მესამე ლელო მარტლაც უმაგლეს დონეზე იკო შესსრულებული,ტან რა გონივრულად გაატამაშეს,მიტ უფრო დასანანია ამდენი ჯარიმის გაფუჩება,აუცილებლად გამოასცორებენ ამასაც,ნელ ნელა გამოცდილებაც მოვა და მერე ვნახოტ ბრიტანულ გუნდებტან როგორ იტამაშებენ
ალეკსანდრე
21 ივნისი 2016 15:48
0
პირველმა თამაშებმა აჩვენა რომ კარგი თაობა გვეზრდება, კაერგი რეგბისტები გვყავს, ამ თამაშმა აჩვენა რომ კარგი მწვრთნელები ჰყავთ.
გიორგი
21 ივნისი 2016 15:21
0
დიდი მადლობა ყველას არა მარტო რაგბისტები არამედ მაგარი მწვრთნელებიც მოდიან რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. წარმატებები ყველას.
პ.ს მესამე ლელო სუფთა ზელანდიურ სტილში იყო. უმაგრესად ითამაშეს.
vato
21 ივნისი 2016 14:54
0
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა ამხელა სიხარულისთვის. მომავალ აღმასვლას გისურვებთ ლომებო.
kaxa
21 ივნისი 2016 14:53
0
იაპონიას ტუ მოვუგეტ,ნამდვილი გმირობა იქნება, ჯარიმების შესრულებას ტუ გამოასცორებენ ყველაფერი შესაძლებელია
ალეკსანდრე
21 ივნისი 2016 14:44
0
მესამე ლელო!!! რამდენჯერ ვუყურე და კიდევ რამდენჯერ დავუბრუნდები არ ვიცი.არათუ ღირსეული ცვლა, მგონი ეს ბოკვერები მალე ჩვენს სახელოვან ლომებს აჯობებენ:)თქვენ გაიხარეთ!
murtalo
21 ივნისი 2016 14:37
0
ააა, გადაგაყლაპეთ სპაგეტი?
bavaria
21 ივნისი 2016 14:06
0
გაიხარეთ ბიჭებო!
soxumeli
21 ივნისი 2016 13:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული