ილია მაისურაძე: "უმცროსი ბორჯღალოსნები" ყოველ თამაშში პროგრესირებენ

AutoSharing Option
20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 18:17 დაამარცხა იტალია და 25 ივნისს მე-9 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ამ გამარჯვებას supersport.com გამოეხმაურა:

"მხიარულების სცენები ვიხილეთ "ბელ სტედიუმზე", სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებს ელიტაში თამაში 2017 წელს ისედაც გარანტირებული ჰქონდა, რადგან ტურნირის მასპინძელია.

"ჯუნიორ ლელოებმა" მეორე ტაიმში იძალეს და 5:7-ით წაგებული პირველი ნახევარი ამოქაჩეს. ამისთვის მათ დიდებულად გამოიყენეს ძალით განთქმული
მორკინალები. 2015 წლის მსოფლიო ტროფეის გამარჯვებულმა საქართველომ იტალიას სამი ლელო დაუდო და მხოლოდ ორი მიიღო, ნაკრებს კი კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ ულიდერა, რომელმაც ჯერ შერკინების ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, შემდეგ 10 ნომერზე.

"ლელოებმა" 5 ცდიდან მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ამის გამო ლამის დაისაჯნენ. იტალიის ნაკრებმა კი, ზედიზედ მესამედ, უნდა მოიგოს ბოლო შეხვედრა, რომ თავიდან აიცილოს ელიტიდან გავარდნა", - წერს საიტი.

გამოცემა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ვასილ ლობჟანიძისა და მწვრთნელის, ილია მაისურაძის კომენტარებსაც აქვეყნებს.

ვასილ ლობჟანიძე: "ძალიან გახარებულები ვართ, ეს იყო დიდებული გამარჯვება ჩვენთვის. ჩვენ დებიუტანტები ვართ. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ.

მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენ ვმასპინძლობთ, რაც ენთუზიაზმს გვიმატებს. ვიცოდით, რომ შედეგის მიუხედავად, გაისადაც ელიტაში ვითამაშებდით, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს უფლება სპორტული პრინციპით მოგვეპოვებინა და არა იმიტომ, რომ 2017 წლის ტურნირს ვმასპინძლობთ".

ილია მაისურაძე: "ჩემს გუნდს და მთელ საქართველოს ვულოცავ, რადგან ეს ისტორიული დღეა. ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. შევეცადეთ, გამოგვესწორებინა წინა სამ თამაშში დაშვებული შეცდომები.

დღეს ბიჭებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და არც დისციპლინაში მქონია შენიშვნები. მოხარული ვარ ჩემი გუნდის, ქართული რაგბის გამო. ყოველ თამაშში გვაქვს პროგრესი, ამას ყველა ხედავს.

დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ. იტალიის ნაკრებიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვიდექით და როცა შანსი მოგვეცემოდა, კარგადაც ვუტევდით".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა საფრანგეთიც წავაქციოთ ბიჭებოო.
kaxa
09:54 22-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული