ილია მაისურაძე: მე-10 ადგილის დაკავებით საგაისოდ კარგი წინაპირობა შევიქმენით

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 2016 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან, რომელზეც მათ მე-10 ადგილი დაიკავეს, სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ.

რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა ნაკრების მწვრთნელ ილია მაისურაძისგან კომენტარი აიღო.

"ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიზანი იყო, დაგვემტკიცებინა, რომ მანჩესტერში შემთხვევით არ მოვხვდით. გვინდოდა მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს ადგილი სწორედ მოწინავე 12 გუნდშია. ამოცანად თავიდანვე მინიმუმ ერთი თამაშის მოგება დავისახეთ.

"ექვსი ერის" გუნდებს სერიოზული კონკურენცია გავუწიეთ, უელსთან და საფრანგეთთან მოგებაც შეიძლებოდა, ირლანდიასთან კი ასეთი სხვაობა დებიუტში მომხდარი დასანანი ფაქტის გამო დაფიქსირდა.

ურთულესი ტურნირი ჩავატარეთ. 19 დღეში
5 თამაშის ჩატარება იოლი არაა, დიდი ზეწოლას განიცდი და სულ დაძაბული, კონცენტრირებული და მობილიზებული უნდა იყო. არცერთ დღეს არ გაქვს დასვენების და მოდუნების საშუალება. ამ ყველაფერს მართვა უნდა და ის დასვენებაც მომზადების გრაფიკში შედის. ვარჯიშები ისე უნდა გაანაწილო, რომ ენერგია ყველა თამაშისთვის საკმარისი გქონდეს. ბოლო შეხვედრაში დაღლილობასთან ერთად შედარებით თავდაჯერების ნაკლებობაც იყო. მხოლოდ ბოლოში ავთამაშდით და ვერ შევძელით შედეგის შემოტრიალება. მთლიანობაში, ეს მატჩი მაინც აქტივში უნდა შევიტანოთ.

მე-10 ადგილის დაკავებით საგაისოდ კარგი წინაპირობა შევიქმენით, თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე. თაობათა ცვლა იქნება და მწვრთნელებს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, რათა ეს ადგილი შევინარჩუნოთ. ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ თამაშები დაგვაკლდა და სამომავლოდ ეს აუცილებლად გამოსასწორებელი იქნება. ძლიერ მეტოქეებთან თამაში საჭიროა, რათა გამოსწორდეს დისციპლინა, გაიზარდოს თავდაჯერებულობა, მივიღოთ გამოცდილება. ჩვენ ორ თვეში იმავე თამაშების ჩატარება რომ გვიწევდეს, ბევრად წარმატებით გამოვიდოდით.

1996 წელს დაბადებული ბიჭები გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. მე მათთან 2013 წლიდან ვმუშაობ. მათ შარშან ალაფაზე მოიპოვეს გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრი გაიღეს ქართული რაგბისთვის, დაუღალავად იშრომეს, თავი არ დაზოგეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ამით მათი სწავლების პროცესი არ დასრულებულა, თუმცა დღეს ამ დონეზე რომ ვართ და ასეთი შედეგი ვაჩვენეთ. ამაში ამ ბიჭების წვლილი უდიდესია.

97-იანებს გაისადაც მოუწევთ გუნდში ყოფნა. აქამდე მათ ამ დონის შეხვედრები არასდროს ეთამაშათ. ფიზიკურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად ის მიახლოებული იყო დიდ რაგბისთან. მათ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს და ეს გამოცდილება უნდა გაუზიარონ ახალმოსულებს. მთელი ერთი წელი სწავლების პროცესი იქნება და რაგბი სწორედ ისაა, რომ თამაშიდან თამაშამდე მეტი ისწავლო და გაიზარდო", – განაცხადა მწვრთნელმა.

მომზადებულია rugby.ge–ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული