გორის სარაგბო არენაზე გუნდებმა საკმაოდ კარგი სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს. მატჩის დინამიკას არც პუბლიკა ჩამორჩენია - თბილისიდანაც მრავლად იყვნენ ჩამოსულები და ქომაგობაში ტოლს არ უდებდნენ მასპინძლებს.
მატჩის დასაწყისი თანაბარი იყო, ცოტა მეტ დროს მეტოქის ნახევარზე თბილისელები ატარებდნენ, მაგრამ დაწინაურების რეალური შანსი გორელ დიტო კიკნაძეს მიეცა, რომელმაც მოედნის ცენტრში ჩაჭრა მოწინააღმდეგის იერიში და ისე, რომ წინ ხელს არავინ უშლიდა, შეეძლო ლელოს ზონამდე ერბინა, მაგრამ მალე
"ჯიქი" ამით არ გატეხილა, მწყობრად შეუტია და ზედიზედ ორჯერ საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღო, თუმცა საჯარიმოების გორელმა შემსრულებელმა რამაზ ხარაზიშვილმა ორივე შანსი გაფლანგა. გორელებს არც ამის შემდეგ ჩამოუყრიათ ხელები, უფრო გააფთრებით შეუტიეს და მორიგი იერიშისას ლელოს ხაზთან ახლოს შერკინება მოიპოვეს. ამ მომენტში, ისევე, როგორც უმეტეს შემთხვევაში, შერკინება გორელებმა მოიგეს, ჩაათამაშეს ბურთი ფლანგზე და აუტის ხაზთან ნიკა ბიწაძემ ლელოც გაიტანა. რთულად შესასრულებელი გარდასახვა ხარაზიშვილმა ამჯერად ზუსტად შეასრულა - 7:3.
მეორე ტაიმის დებიუტშივე მეტოქეს მიძალებულმა თბილისელებმა კიდევ ერთი საჯარიმო დაარტყეს და ყიასაშვილმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 7:6. გორელებმა ერთხანს მეტოქის ნახევარზე დაჰყვეს დრო და ლელოს დადებით რამდენჯერმე დაემუქრნენ მეტოქეს. აქ სტუმრებმა ორჯერ კი შეძლეს კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაგრამ 65-ე წუთზე ეს ვეღარ შეძლეს და ნიკოლოზ სუხიაშვილმა ლელო მიითვალა. გარდასახვა ხარაზიშვილმა ისევ კარგად შეასრულა - 14:6.
მალევე ერთხელაც დაიძაბა თამაში, როდესაც მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაუთვალა "ლელო სარასენსს" და გარდასახვაც იდეალური პოზიციიდან კვლავ ზუსტად შეასრულა ყიასაშვილმა - 14:13.
მატჩის მიწურულს, ანგარიშში სხვაობის შემცირების მიუხედავად, "ჯიქი" უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებია. მეტიც, პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებმა კიდევ ერთი საჯარიმოს ზუსტად შესრულებით (რამაზ ხარაზიშვილი) საბოლოო ანგარიშად ტაბლოზე 17:13 დააფიქსირეს.
მატჩის შემდეგ:
პალიკო ჯიმშელაძე (ჯიქი):
"დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საიმისოდ, რომ პირველ-მეორე ადგილზე დაგვემთავრებინა რეგულარული სეზონი. "ლელო სარასენსი" ძალიან ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში და მასთან მოგება, ცხადია, ურთულესი საქმეა. სასიხარულოა, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, უშუალო კონკურენტი კიდევ უფრო ჩამოვიტოვეთ. ამით გაგვეზარდა სატურნირო ცხრილის სათავეში დამკვიდრების შანსი".
დიდი 10. XVII ტური
გორი. რაგბის სტადიონი. 2. აპრილი
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13
ჯიქი: (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ჯინჯიხაძე, სამხარაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე (ბროძელი 41) (1-8) ორაგველიძე, სუთიძე (მამრიკიშვილი 41), დონაძე (გურგენიძე 76), გოგოლიძე, ტრაპაიძე (დიდებულიძე 70), შენგელია (ჯიმშელეიშვილი 71), მჭედლიშვილი, სუხაშვილი
2 ლ. ბიწაძე, სუხიაშვილი 2 გ ხარაზიშვილი 1ს ხარაზიშვილი
ლელო: (15-9) კვირიკაშვილი (მარგალიტაძე 55), ხეცოიძე, თოდუა, ბარკალაია, ყიასაშვილი, ხმალაძე, მინდიაშვილი (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, ქართველიშვილი, ჭეიშვილი, ქოიავა, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი (ლომთაძე 52 ხორბალაძე 79), მაისურაძე
1ლ. ტექნიკური 1გ ყიასაშვილი 2ს ყიასაშვილი
სინბინი: მარგალიტაძე
სხვა მატჩები
აია-აკადემია 35:6
ყოჩები-არმაზი 17:17
ლოკომოტივი-ბაგრატი 64:14
ბათუმი-არმია 40:7
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"