დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში დასკვნითი ეტაპი დაიწყო. გასავარდნი ფინალის შესარჩევ პლეი ოფში ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" საკუთარ, "ლელო არენაზე" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 15:5 დაამარცხა.

თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მატჩისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ვერაფრით ვიტყვით, რომ თამაში ღია, ხელდახელ ბურთაობაში წარიმართა. ერთი რამ უდავო იყო, "ლელო" მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშში რეალურად ვერ აისახა.

რკინიგზელები ძირითადად დაცვაში იდგნენ.
არადა, მატჩის პირველ ტაიმში მეტოქეს შერკინებასა და დერეფანში მცირედით, მაგრამ მაინც სჯობდნენ. შესვენების შემდეგ ლელოელებმა ეს ხარვეზიც აღმოფხვრეს და რკინიგზელებს ერთხელაც არ მისცემიათ ლელოს გატანის შანსი.

"ლელოს" ტრავმირებული მერაბ კვირიკაშვილი და ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული რამდენიმე მორაგბე აკლდა. ცხადია, დანაკლისი საგრძნობი იყო, მაგრამ ლელოელებმა გამარჯვების მისაღწევად ყველა ღონე იხმარეს.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მოედნის ცენტრში დაშვებული შეცდომის შედეგად, რკინიგზელები მეტოქის ლელოს მიუახლოვდნენ. ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დანიშნული შერკინებიდან "ლოკომოტივის" მორკინალებმა ჯერ მოკლე დარტყმები განახორციელეს, მერე რამდენჯერმე შეცვალეს შეტევის მიმართულება, დაცვის ხაზი გაწელეს და პირველხაზელი მირიან ბურდული დაუცველ სივრცეში შეიჭრა. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გარდასახა - 5:0.

დიდი მცდელობის მიუხედავად, "ლელომ" პირველ ტაიმში ანგარიშში დაწინაურება ვერ შეძლო. ლელოელებმა ორჯერ წააგეს დერეფანი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. არადა, შეიძლებოდა ორივეჯერ საჯარიმოს კარში დარტყმა.

25-ე წუთზე "ლელოს" სასარგებლოდ ჯარიმა თითქმის კარების პირდაპირ დაინიშნა და ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 3:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ამას ისიც დაერთო, რომ მატჩის ირლანდიელმა არბიტრმა რკინიგზელთა ლიდერები ვაჟა ხუციშვილი და ბექა წიკლაური სინბინში გაუშვა. შედეგად, "ლოკომოტივს" 20 წუთის განმავლობაში კაცნაკლულს მოუწია თამაში.

48-ე წუთზე "ლელომ" საჯარიმო ისევ აუტში გადაიტანა. ამჯერად ამ ხერხმა გაამართლა. დერეფანი მასპინძლებმა სუფთად მოიგეს, მოლი ააგორეს და ლელო მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ მიითვალა. ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გარდასახა - 8:5.

ეს ანგარიში დიდხანს შენარჩუნდა. "ლელო" უტევდა, "ლოკომოტივი" თავს იცავდა და თავის შანსს ელოდებოდა, მაგრამ... 75-ე წუთზე "ლელომ" საჯარიმო ისევ აუტში გადაიტანა, ისევ მოლი ააგორა და ამჯერად ლელო მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 15:5.

ლელო-ლოკომოტივი 15:5
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, თოდუა, ხეცურიანი, ასათიანი, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 71), ჭყოიძე (ლომთაძე 78), ქართველიშვილი (მჭედლიძე 71), ჭეიშვილი, ქოიავა, ბუბუტეიშვილი (ხორბალაძე 72), ბერიაშვილი, მაისურაძე.
2ლ: მაისურაძე, ჭეიშვილი. ს,გ: ყიასაშვილი
ლოკომოტივი: წიკლაური, შკინინი, გაგოშვილი, ტალახაძე, გოგოლაშვილი, კავთიძე (ნიკოლავა 70), ხუციშვილი. (1-8) ელოშვილი (ქვათაძე 41), თედორაძე (ელოშვილი 68), ბურდული (პეტრიაშვილი 78), გეგია, არაბული, გასვიანი, დარასელია (ტურაშვილი 49), ბერიშვილი (გოგისვანიძე 55).
ლ: ბურდული.
სინბინი: ხუციშვილი, წიკლაური
მსაჯი: რობერ ვატსონი (ირლანდია)

* * *
გასავარდნი ფინალის შესარჩევი პლეი ოფის მეორე მატჩში ქუთაისის "აიამ" შინ მოულოდნელად წააგო თბილისის "აკადემიასთან" - 7:13 და გათამაშებას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ რეგულარულ გათამაშებაში აკადემიელებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს. როგორც ჩანს, მასპინძლებმა მეტოქე არასათანადოდ შეაფასეს.

პირველ ტაიმში "აკადემიამ" ქუთაისელებს ორი ლელო გაუტანა, რაზეც "აიამ" მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხა - 7:10. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს. "აკადემიამ" კი, კიდევ ერთი საჯარიმო მიითვალა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

აია-აკადემია 7:13
აია (15-9) ძნელაძე, კიკვაძე (მანაგაძე), ჩხიკვაძე, ირემაძე, აბრამიძე, გ.ბაბუნაშვილი (ლომიძე), როხვაძე (თუთბერიძე); (1-8) რატიაშვილი, გ.ტორაძე (ერემეიშვილი), წაქაძე (ხარებავა), მ.ბაბუნაშვილი (ხანთაძე), შალამბერიძე, რევიშვილი, ლოსაბერიძე (დანგაძე), მღებრიშვილი
ლ: რატიაშვილი. გ: გ.ბაბუნაშვილი
აკადემია (15-9) მათიაშვილი, სიჭინავა (ლაზარიშვილი), ხელაია, ჭუაძე, ილურიძე, ახობაძე (დავითაშვილი), ღამბაშიძე (მაზმიშვილი); (1-8) ქადარია (გვარამია), ლომაური (ღამბაშიძე), რ.მაზმიშვილი (ტიტვინიძე), ბერიკაშვილი, ზოიძე (მაღლაკელიძე), ლუარსაბიშვილი, შუბითიძე, გოგლიძე
2ლ: ზოიძე, ბერიკაშვილი. ს: მათიაშვილი
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

მომდევნო მატჩები
შესარჩევი ფინალი
29 აპრილი
ჯიქი-ბათუმი

გასავარდნი ფინალი
30 აპრილი
ლელო-აკადემია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული