ირაკლი გიორგაძე: ნაკრებში ერთ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას კიდევ ვითამაშებ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ ქუთაისის "აიაში" წლეულს რამდენიმე გამოცდილი მორაგბე ჩაირიცხა, რომლებმაც გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მათ შორისაა 29 წლის შუამარბი ირაკლი გიორგაძე, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში თამაშობდა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო.

სერიოზული ტრავმის შემდეგ გიორგაძემ ფედერალ 1-ის რამდენიმე გუნდში სცადა ბედი, საბოლოოდ კი სამშობლოში დაბრუნდა და დღესდღეობით "აიას" წარმატებებში შეაქვს წვლილი...

- საფრანგეთიდან წლეულს მარტში წამოვედი. ფედერალ 1-ს "ლავორთან" ნაადრევად გავწყვიტე კონტრაქტი.

- წამოსვლის მიზეზი რა იყო?
- აღარ მსიამოვნებდა დაბალ დივიზიონში თამაში.
ოჯახთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე. ახლა კი "აიას" მოთამაშე ვარ, სადაც ჩემი კარიერის საწისი წლები გავატარე.

- როგორი მდგომარეობა დაგხვდა ქუთაისურ გუნდში?
- საქართველოდან რომ წავედი, ბევრად სხვა სიტუაცია იყო.დღევანდელ პირობებზე ვერც კი ვიოცნებებდით. ბაზა შენდება, სტადიონი კეთდება. ანაზღაურებაც ნორმალურია. სავარჯიშო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. გახარებული ვარ, რომ კლუბში ჯანსღი სიტუაციაა და ვითარება დღითიდღე უკეთესობისკენ იცვლება.

- წლების განმავლობაში საფრანგეთში უმაღლეს დონეზე თამაშობდი და თუნდაც მოტივაციის თვალსაზრისით, საქართველოს ჩემპიონატთან შეგუება არ გაგიჭირდა?
- შენი ქალაქისთვის, შენი ოჯახისთვის რომ თამაშობ, ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. არასდროს მქონია ასეთი კარგი შეგრძნება, როგორიც დღეს მაქვს. ჩემი ქალაქისთვის ვთამაშობ და აქ ყველა ჩემიანია. როცა ზურგს ამხელა კარიერა გიმაგრებს, ადაპტაციის პრობლემაც არ იქმნება. ვცდილობ, რომ ჩემი გამოცდილება ბიჭებსაც გავუზიარო.

- წლების წინათ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლეგიონერებს მშობლიურ გუნდებში თამაშის უფლება გქონდათ და "აიას" მაშინაც ეხმარებოდით...
- ერთადერთხელ მოხდა კლოდ სორელის მწვრთნელობის დროს, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფორმის შენარჩუნების მიზნით მშობლიურ კლუბებში თამაშის ნება დაგვრთეს. მახსოვს, თასის თამაში ვითამაშეთ "ლოკომოტივთან" და გავიმარჯვეთ.

- ახლა 7 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერები ხართ. თანაც, შვიდივე შეხვედრა მოიგეთ. შესაბამისად მიზნებიც ამბიციური გაქვთ...
- მიზნებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას და ფინალურ ეტაპზე ბრძოლას ვგეგმავთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და საქმის ნახევარი გაკეთებული გვაქვს. წინ ძალიან რთული შეხვედრები გველის. ჩემპიონატი ავსტრალიური სისტემით ტარდება, რაც, ჩემის აზრით, ძალიან ცუდია. პირველ და მეორე ადგილზე გასულები უსაშველოდ დიდ ჯაფას ხარჯავენ და შესაძლოა შემდეგ ისე მოხდეს, რომ ერთი ჩავარდნის გამო ეს გუნდები ფინალში საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, არასწორი სისტემაა. ჩვენ შორს ვართ ავსტრალიელებისგან და მათგან სხვა რამ რომ გადმოვიღოთ, ის აჯობებს.

- საქართველოს ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი, წინსვლა თუ არის?
- მე პირადად საქართველოს უმაღლეს ლიგაში აქამდე არასდროს მითამაშია. 16 წლის ვიყავი, როცა "ტულონში წავედი და საქართველოში მხოლოდ ჭაბუკთა ლიგაში თამაში მოვასწარი. აქედან გამომდინარე არ ვიცი, რა დონე იყო ეროვნულ ჩემპიონატში. დღეს რაგბს დიდი ყურადღება ექცევა. ალბათ, ყოველწლიურად რაღაც პროგრესიც არის, კლუბებში სიდუხჭირე აღმოფხვრილია, საპრიზო ადგილებზე გასულებს ბიუჯეტიც ეზრდებათ. გამომდინარე იქედან, რომ ფინანსური ზრდა არის, გუნდებიც იზრდებიან. თუ ამ ტემპით გაგრძელდა რაგბისადმი დახმარება, ალბათ, ერთ-ორ წელიწადში კარგი დონის ჩემპიონატი გვექნება.

- წლების მანძილზე საქართველოს ნაკრების წამყვნი მორაგბე იყავით. საზელანდიო განაცხადში არ მოხვდით, მაგრამ, ალბათ, ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე ისევ ფიქრობთ...
- ნაკრებში დაახლოებით 44 კეპი მაქვს მოხვეჭილი და ალბათ, ერთ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას კიდევ ვითამაშებ...

- 29 წლის მორაგბისთვის ნაკრებზე ხელის ჩაქნევა ცოტა ნაადრევი ხომ არაა?
- დავიღალე, რთულია ნაკრებში ასპარეზობა და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოდი, ნაკრებზე ნუ ვისაუბრებთ..

- სამივე ძმა მორაგბე ხართ. ალბათ, გიორგაძეების ოჯახი სარაგბო ტრადიციებს მომავალშიც გააგრძელებს...
- ტყუპები მყავს მარიამი და ნოდარი. ჯერ სამი წლისანები არიან. იმედია, ნოდარი არ შეგვარცხვენს არც მამას, არც ბიძებს და წარმატებული მორაგბე გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული