ქუთათურები სასტუმრო "ვილა აისში" არიან დაბანაკებული. ვარჯიშებს კი მალთაყვის სტადიონზე ატარებენ, რომელიც გრიგოლეთიდან საკმაოდ ახლოსაა. გუნდთან ერთად იმყოფება ქუთათურთა ვეტერანი მორაგბე, 33 წლის ლევან შარვაშიძე, რომელმაც ქუთაისურ გუნდში პირველად 15 წლისამ ითამაშა და მას შემდეგ "აიასთან" ერთად არაერთი "ქარტეხილი" გამოიარა.
"აიაში" ვვარჯიშობ 1988 წლიდან, დიდ გუნდში პირველად 1993 წელს ვითამაშე და მას შემდეგ ძირითადად ქუთაისური რაგბის ღირსებას ვიცავდი. "აიას" გარდა ქუთაისის უნივერსიტეტის "აიეტში" და ბათუმის "დათვებში" (1998-2000) ვთამაშობდი,
- დიდი ხანია "აიაში" თამაშობთ, როგორ ვითარდებოდა დღემდე ქუთაისური გუნდი?
- ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება. რაგბის მიმართ ინტერესი გაზრდილია, მარტო ქუთაისის სარაგბო სკლაში 600 ბავშვი ვარჯიშობს. გუნდშიც დიდი კონკურენციაა, არადა, წლები იყო, როცა 15 კაცი ძლივს ვგროვდებოდით, რომ შეხვედრა ჩაგვეტარებინა. პირობებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
- "აიაში" ვეტერანებთან ერთად არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა. მათზე რას იტვით, ნიჭიერი თაობა მოდის?
- ვეტერანებს ნამდვილად ღირსეული შემცვლელები გვყავს. მაგრამ, მოგეხსენებათ, სპორტში გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს,გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდებიც თავს უკეთესად წარმოაჩენენ და ამიტომ, მწვრთნელები ცდილობენ, რომ "აია" ასეთ ნაზავს წარმოადგენდეს. ჩვენი მიზანი წლეულს ჩემპიონობისა და თასის მოპოვებაა. ჩემპიონატის განახლებისთვის დიდი შემართებით ვემზადებით და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.
- ბევრი ამბობს, რომ ახლანდელი პირობების ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლებაო, თუმცა ახლაც გაქვთ დიდი პრობლება - სტადიონის არქონა.
- ახლა რემონტდება ქუთაისის "დინამოს" სტადიონი და იმედია, რომ მეორე წრეში საკუთარ ქალაქში ვითამაშებთ.
- საქართველოს ჩემპიონატის სტაჟიანი მოთამაშე ხარ, როგორ ფიქრობ, ეროვნული პირველობა პროგრესირებს?
- 18 წელიწადია უკვე საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ. რა თქმა უნდა, პროგრესი არის და ეს ნაკრების თამაშებზეც აისახება. თანაც, ბოლო დროს ნაკრების თავკაცები ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს უფრო მეტ ნდობას უცხადებენ.
- წლების წინ ნაკრებში თქვენც იყავით გამოძახებული...
- ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი 1995 წელს, 1999 წელს კი კლოდ სორელმა ეროვნულ გუნდშიც გამომიძახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ნაკრებში ვერ ვითამაშე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"