აია: (15-9) ხამაშურიძე, არაბიძე, ი. ჩხიკვაძე, გოშაძე, ი.გიორგაძე (ზვიადაძე 66), სინაურიძე, გოგია. (1-8) ლომიძე (ჟვანია 64), გურეშიძე (მატკავა 71), ტ. ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე (დგებუაძე 41), რევიშვილი, თხელიძე (ცირეკიძე 68), მეტრეველი (არაბიძე 69)
3ლ: ხამაშურიძე (2), აბრამიძე. 3გ,2ს: სინაურიძე (3).
სინბინი: რევიშვილი
ლოკომოტივი: (15-9) კავთიძე, ქავთარაძე, კობერიძე, ბერძენიშვილი, ნოზაძე (შიოშვილი 59), კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, ზარაძე, ვეფხვაძე, ნიშნიანიძე (ელოშვილი 54), გუნიავა, გენებაშვილი, ჩიტიძე (ახვლედიანი 68), ბერიშვილი.
ლ: ჩიტიძე. გ:ვინიხიძე
სინბინი: ბერიშვილი
მსაჯი: სტეფან ბოიე (საფრანგეთი).
შესარჩევი ფინალის გამარჯვებულ "არმიას"
შეხვედრა მასპინძლების საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აიასახა. ქუთათურებმა არმიელებთან წაგების შემდეგ სწორი დასკვნები გააკეთეს და "ლოკომოტივთან" გაცილებით მობილურად გამოიყურებოდნენ. მათ მეტოქე თავიდანვე მოაქციეს მარწუხებში და სწრაფი ლელოც გაუტანეს.
მე-5 წუთზე საკუთარი აუტის მოგების შემდეგ მხტომელ ბაკურ გოშაძისგან დროული გადაცემით მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ლოკომოტიველთა ხაზი გაჭრა და ისეთი სისწრაფე განავითარა, რომ მისი შეჩერება ვეღარავინ შეძლო. ხამაშურიძის ლელოს გაგა სინაურიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და "აია" - 7:0 დაწინაურდა.
მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა მალევე შეეძლოთ, თუმცა სინაურიძემ მახვილი კუთხიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. ამას თბილისელთა რამდენიმეწუთიანი "აფეთქება" მოჰყვა - მძლავრად უტევდნენ და ძალისმიერი თამაშით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, ჩათვლის მოედნამდე ორიოდე მეტრი აშორებდათ, მაგრამ "აიამ" ზეწოლას გაუძლო და მეტოქის მრავალფაზიანი შეტევა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერა.
საპასუხო ისერიშისას მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. ლოკომოტიველთა ხაზი ისევ ხამაშურიძემ გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლად ირბინა. გარდასახვისას სინაურიძე ისევ ზუსტი იყო - 14:0.
31-ე წუთზე თბილისელებმაც მიაღწიეს საწადელს, გივი ბერიშვილის კარგი გარღვევის შემდეგ, ბურთი ხაზთან მღლეტელმა დავით ჩიტიძემ იგდო ხელთ და ლელო დადო. თბილისელთა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:14.
ტაიმის ბოლოს სადაო ეპიზოდი წარმოიქმნა, თორნიკე ძაგნიძემ წესების სრული დაცვით ლელო გაიტანა (ეს მატჩის შემდეგ ნანახ ვიდეოფირზე და ფოტოზეც კარგად ჩანდა), მაგრამ ფრანგი არბიტრი სტეფან ბოიე ეპიზოდიდან მოშორებით იდგა და ვითარებაში კარგად ვერ გაერკვა, მოწინააღმდეგის მხრიდან ფეხით თამაში დააფიქსირა და ლელო არ ჩათვალა. ამან მასპინძლების საფუძვლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.
მატჩის მეორე ნახევარი "აიას" სრული უპირატესობით წარიმართა. ქუთათურები ერთნაირად კარგად გამოიყურებოდნენ შერკინებაში, ხაზზე და ხელით თამაშში, ერთადერთი წუნი აუტების მოწოდებისას შეიმჩნეონდა.
58-ე წუთზე მოედნის ცენტრთან ახლოს "აიას შერკინების შემდეგ ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელი გიორგი აბრამიძე თბილისელებს გაუსხლტა, რამდენიმე ცრუმოძრაობით მეურვეები ჩამოიცილა და ჩათვლის მოედნამდე დააახლოებით 40 მეტრი ირბინა. სინაურიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა - 21:7. მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა.
დარჩენილ დროში სინაურიძემ ორი საჯარიმო გაიტანა და საბოლოოდ 27:7 დააფიქსირა. "აია" დიდ ფინალში ლამაზი გამარჯვებით გავიდა და სტადიონზე შეკრებილი საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარიც გაახარა. ქუთათურებს 16 წლიანი ინტერვალის შემდეგ კვლავ ეძლევათ ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვების შანსი და ამ ტიტულს ერთი, გადამწყვეტი მატჩიღა აშორებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"