გაზაფხულის ტურნირი: "აიამ" ნავსი გატეხა, მაგრამ ფინალში "არმიაა"

AutoSharing Option
აია-არმია 8:6
აია: (15-9) ხამაშურიძე, გოშაძე, ძნელაძე (ფრუიძე 65), კუხიანიძე, აბრამიძე, სინაურიძე, გოგია. (1-8) არაბიძე, თხელიძე (მატკავა 43), ტ. ჩხიკვაძე (წაქაძე 65), ჯიმშიტაშვილი, ჩიტეიშვილი, რევიშვილი (ცირეკიძე 69), შალამბერიძე, ყურაშვილი
ლ: რევიშვილი. ს: სინაურიძე
არმია: (15-9) კობახიძე (ნუცუბიძე 76), ტუჩაშვილი, ი. ჩხიკვაძე, ჯიმშელაძე, გაბროშვილი, ნინიძე, სამხარაძე; (1-8) კაკოვინი (ხოსიტაშვილი 68), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 45), დონაძე, არჩუაშვილი (ჩიტიძე 45), ცხადაძე (ბიწაძე 48), თხილაიშვილი, კალმახელიძე, თავართქილაძე (გაგოშვილი 65)
2ს: კობახიძე
მსაჯი: მ. ჩაჩუა

"აიასა" და "არმიას" მეტოქეობას გასულ სეზონში ჩაეყარა საფუძველი და მათ შორის
გამართულ მატჩებს ინტრიგა და დაძაბულობა არასდროს მოკლებია.

გასულ ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მომდევნო ოთხ დაპირისპირებაში გამარჯვება "არმიას" დარჩა და ჩემპიონის ტიტულიც მან მოიპოვა.

წლეულს პირველი ნახევარფინალური მატჩი არმიელებმა "აიას" 18-ქულიანი სხვაობით, 30:12 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ქუთათურები ბოლომდე საბრძოლველად ემზადებოდნენ და ჩვენც საინტერესო მატჩის მოლოდინში ვიყავით.

სამწუხაროდ, შეხვედრას ცუდი ამინდი დაედარა. მთელი მატჩის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია. ატალახებულ მინდორზე სველი ბურთით თამაში კი ორივე გუნდს უჭირდა. ამიტომაც იყო ხშირი შეცდომები, მორაგბეებს რიგ ეპიზოდებში ხელიდან სველი ბურთი უცურდებოდათ.

პირველი ტაიმი "აიას" სრული უპირატესობით წარიმართა. გაგა სინაურიძეს დასაწყისშივე შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ ჯარიმა ვერ გამოიყენა. ქუთაისელთა მონდომებას შედეგი მალე მოჰყვა - ირაკლი რევიშვილმა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ახლოს არმიელებს ბურთი ჩაუჭრა და ლელო გაიტანა. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა.

ჩამორჩენამ სტუმრები გაახელა. მათ ძნელაძის შეცდომით ისარგებლეს, რომელმაც სველი ბურთი ვერ შეიმაგრა და საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. არმიელთა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში შეამცირა - 5:3.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "აია" მძლავრად უტევდა მეტოქეს. ქუთათურები სამჯერ ახლოს იყვნენ ლელოს მისადგომებთან, მაგრამ ბოლო მომენტში არ უმართლებდათ.

მოლითა და ზედახორით რომ ვერ შეძლეს ჩათვლის მოედანში შეღწევა, ლევან გოგიამ გრძელ ფრთაზე ფეხით გადაუკიდა ბურთი გიორგი აბრამიძეს, რომელიც მარტოდმარტო იყო და რომ დაეჭირა, ლელოსაც გაიტანდა, მაგრამ ბურთი სველი იყო და შემაგრება მანაც ვერ მოახერხა.

მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძლების შეტევებით დაიწყო. სინაურიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაზარდა ანგარიში - 8:3, მაგრამ კობახიძემ რამდენიმე წუთში ჯარიმითვე სტატუს ქვო აღადგინა - 8:6.

ქუთაისელები ვა-ბანკზე წავიდნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ფინალში გასვლის იმედი დაკარგული. რამდენიმეჯერ საჯარიმოს დარტყმაზე უარი თქვეს და ლელოზე გადაიტანეს აქცენტი.

შანსებიც ბევრი ჰქონდათ, მაგრამ არმიელებმა კარგად დაიცვეს თავი და ბოლოს თავადვე შეუტიეს, თუმცა ჩათვლის ხაზთან მისულებმა ბურთი დაკარგეს და გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვეს.

"აიამ" ნავსი გატეხა და "არმია" მეექვსე ცდაზე დაამარცხა, თუმცა ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ მატჩში იყო ეპიზოდი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. მეორე ტაიმის შუაში მატჩის არბიტრს, მიხეილ ჩაჩუას ფეხი დაუცდა და დაშავდა, თუმცა თამაშის გაძღოლა მაინც მოახერხა.

ნიკოლოზ ჭავჭავაძე, "არმიას" მწვრთნელი:
"ველოდებოდი, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო "აიას" მიმართ. მართლაც კარგი გუნდია, ახალგაზრდა მორაგბეებით არის დაკომპლექტებული და კარგ რაგბის თამაშობენ.

ჩვენ უფრო გაშლილი და ლაღი თამაშის მიმდევრები ვართ, რაც დღეს სველ მოედანზე ძნელი შესასრულებელი იყო. დავმარცხდით, მაგრამ, მთავარია, ფინალში გავედით, სადაც ასევე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ."

კობა გიორგაძე, "აიას" მწვრთნელი:
"სამწუხაროდ, ისეთი ანგარიშით ვერ მოვიგეთ, რომელიც ფინალში მოხვედრის საშუალებას მოგვცემდა. 18 ქულის გაბათილება ძალიან რთულია. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ცდა არ დააკლეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ გავედით, მაინც კმაყოფილები ვართ. ნავსი გავტეხეთ და "არმია" დავამარცხეთ. ბიჭებმა თავიანთი თავის ირწმუნეს და ეს მათ ფსიქოლოგ
იურად დაეხმარებათ.

კმაყოფილები ვართ
იმითაც, რომ გაზაფხულის ტურნირი ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კარგად გამოვიყენეთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე მოვიწვიეთ, რომლებიც ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო გაიზრდებიან და "აიას" გააძლიერებენ."

"აიამ" ნავსი გატეხა, მაგრამ ფინალში "არმიაა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული