ქუთათურებმა გარდამავალ თასზეც კარგად ითამაშეს, თუმცა მათ გზაზე ამჯერადაც "არმია" გადაეღობათ, რომელმაც "აია" ნახევარფინალიდან გამოთიშა.
ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილი გუნდი სამი წელიწადია, სტაბილურად ასპარეზობს და რაგბის მოყვარულები მისგან წლეულსაც წარმატებულ თამაშს ელოდებიან.
ამბიციები ქუთათურებსაც არ განელებიათ და ისინი კვლავ ჩემპიონობას ისახავენ მიზნად. "აიას" საჩემპიონატო მზადებასა და მიზნებზე ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გვესაუბრება.
- ჩემპიონატისთვის მზადება 1
- გუნდში ცვლილებებსა და სხვა სიახლეებზე რას გვეტყვით?
- საფრანგეთიდან დაგვიბრუნდა გამოცდილი ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე. დანარჩენს რაც შეეხება, ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან და მეორე ქუთაისური გუნდიდან, "ბაგრატიდან" გადმოვიყვანეთ.
დანაკლისიც გვაქვს - საფრანგეთში გააგრძელებენ კარიერას ჩვენი პირველხაზელები ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე") და ტატო ჩხიკვაძე ("კასტრი). გუნდიდან მიდის თორნიკე ლომიძეც. მათი შეცვლა რთული იქნება, თუმცა "ბაგრატიდან" გადმოყვანილი ახალგაზრდების გვეიმედება და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად შეცვლიან გუნდიდან წასულ ბიჭებს.
- იყო პერიოდი, როცა სეზონის დაწყებამდე "აია" ერთბაშად 10-15 მორაგბეს ეთხოვებოდა, რაც გუნდის დასუსტებას იწვევდა. მართალია, რამდენიმე კარგი მორაგბე ახლაც წავიდა გუნდიდან, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული გაქვთ და, ალბათ, ლიდერობის ამბიციაც არ დაგიკარგავთ...
- დიახ, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და "აიას" მიზანი წლეულსაც უცვლელია - ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. ჩემპიონობა - აი ეს არის ჩვენი მიზანი!
- გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვით?
- უკანა ხაზში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები არიან და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ. შერკინებაშიც არ გვიჭირს. რა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზებიც, რის გამოსასწორებლადაც ვმუშაობთ.
- მეტოქეებზე რას გვეტყვით, ვინ მიგაჩნიათ თქვენს ძირითად კონკურენტებად?
- მოქმედ ჩემპიონ "არმიას" კვლავ ძლიერი გუნდი ეყოლება და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. გაძლიერდა "არმაზიც".
მარტო ის რად ღირს, რომ ამ გუნდმა გამოცდილი ირაკლი მაჩხანელი დაიმატა. "ლელო" და "ლოკომოტივი", ტრადიციულად, მებრძოლი და ძლიერი გუნდები არიან. დარწმუნებული ვარ, წლეულს ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გვექნება. სიურპრიზებს ყველასგან უნდა ველოდოთ.
- "დინამოს" სტადიონი ჩემპიონატის სამასპინძლოდ მზად არის?
- რაც იყო, ის არის, არაფერი შეცვლილა, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი არ გვაქვს და შეხვედრები "დინამოზე" უნდა გავმართოთ.
აია (ქუთაისი)
პირველი ხაზი: თორნიკე ლომიძე, ამირან წაქაძე, მერაბ მატკავა, ბექა არაბიძე, გიორგი ლომთაძე, მიხეილ რატიშვილი, ირაკლი ულუმბერაშვილი.
მეორე ხაზი: გელა შალამბერიძე, გიორგი ჩიტეიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ერეკლე ხელაძე.
მესამე ხაზი: ბექა ყურაშვილი, ირაკლი რევიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ლევან თხელიძე, ნოდარ მარდალეიშვილი, ირაკლი დგებუაძე, შაკო შანშიაშვილი.
#9: ლევან გოგია, გიორგი როხვაძე.
#10: გაგა სინაურიძე, ლევან შარვაშიძე.
#12-13: გიორგი ზიბზიბაძე, გიგლა კუხიანიძე, ზურაბ ძნელაძე.
#11-14: ბაკურ გოშაძე, გიორგი აბრამიძე, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე.
#15: ბესიკ ხამაშურიძე, სერგო კვერნაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"