საქართველოს ჩემპიონატი: "არმიელთა" რევანში

AutoSharing Option
ქუთაისში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "არმია" და ვიცე-ჩემპიონი "აია" დაუპირისპირდნენ.

ორი წელიწადია, ეს გუნდები ჩემპიონატში ერთმანეთის მთავარი მეტოქეები არიან და მიმდინარე სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

არმიელებს წლეულს ერთადერთი მარცხი სწორედ ქუთაისელებმა აგემეს და თბილისელები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი.

გარდა ამისა, 10 ტურის შემდეგ გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად ("არმია" მეორეზე, "აია" კი მესამე ადგილზე) იმყოფებოდნენ და მათი ურთიერთდაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრას ქუთაისის "დინამოს" სტადიონზე 800 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მალევე საჯარიმოს დარტყმის უფლება
მოიპოვეს, მაგრამ მასპინძელთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ, რომელსაც ამ მატჩში დარტყმები აშკარად არ წაუვიდა, ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

რიონისპირელები შეტევაში იყვნენ გართული, როცა მათ არმიელებმა ბურთი ჩაუჭრეს, "აიას" ნახევარზე სწრაფად გადავიდნენ და მარცხენა ფლანგზე ბახვა კობახიძე ჩართეს შეტევაში, რომელმაც შესანიშნავი ფანდით ზონა გაითავისუფლა და ჩათვლის მოედანზეც უპრობლემოდ შეაღწია. არმიელთა ფულბეკმა გარდასახვა თავადვე შეასრულა და სტუმრები დააწინაურა - 7:0.

გაშვებული ლელოს შემდეგ ქუთაისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მძლავრად შეუტიეს. "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ შეტევაში ზურაბ ძნელაძე ჩართო. "ტურბო" ჩათვლის ხაზთან უსწრაფესად აღმოჩნდა და ნახტომში ლელოც შეეძლო დაედო, მაგრამ რატომღაც სინაურიძისთვის პასი ამჯობინა და არმიელებმა მდგომარეობა განმუხტეს.

"აიამ" რამდენიმე წუთში სინაურიძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით ინუგეშა გული - 3:7. მალე მასპინძელთა მგეზავს კვლავ მიეცა საჯარიმოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მის დარტყმას სიმძლავრე დააკლდა და ბურთმა ხარიხას ქვემოთ გაიარა.

ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ არმიელებმა კვლავ შესანიშნავად ისარგებლეს მათი შეცდომით, საკუთარ ნახევარზე მასპინძლებს ბურთი ჩაუჭრეს, ჩათვლის მოედნამდე უსწრაფესად მივიდნენ, აქ კი მძლავრად მიაწვნენ და ზედახორაში არმიელთა მარჯვენა ბურჯმა დავით გურგენაძემ დაამიწა. კობახიძემ ამჯერად გარდასახვა ვერ გაიტანა - 12:3.

მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, ქუთაისელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს, მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს. არმიელებმა ლევან თხელიძის შეკავება ვეღარ მოახერხეს და "ტონგამ" დროული ლელო მიითვალა - 8:12. ქუთაისელთა სამწუხაროდ, გარდასახვისას სინაურიძეს მიზანმა ისევ უმტყუნა.

ტაიმის მიწურულს არმიელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და კობახიძემ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 15:8. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო, დაძაბული და დინამიური გამოდგა. ქუთაისელებმა შესვენების შემდეგ ენერგიულად დაიწყეს და სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა - 11:15, თუმცა სულ მალე მორიგი დარტყმისას ხელსაყრელი პოზიციიდან ძელს მოახვედრა ბურთი.

აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში ქუთაისელთა სათადარიგოები. იოსებ კიკვაძე მარცხენა ფლანგიდან ჩათვლის მოედანთან ხამაშურიძის მიერ გადაკიდებულ ბურთს კარგად შეჰყვა და ლელოს გასატანადაც მზად იყო, მაგრამ წესების დარღვევით ჩაუჭრეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. სინაურიძემ რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და შეხვედრის განმავლობაში "აია" პირველად დაწინაურდა - 18:15.

ქუთაისელებს ჯერ კიდევ ზეიმი არ ჰქონდათ დასრულებული, როცა "არმიას" შერკინების ბურჯმა გოგა კაკოვინმა მათი ხაზი გაჭრა და თავისიანები ისევ წინ გაიყვანა. კობახიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა - 22:18. სანამ მასპინძლები გონზე მოვიდოდნენ, არმიელებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს. ამჯერად თავი მამუკა ნინიძემ გამოიჩინა.

კობახიძემ გარდასახვა ისევ გაიტანა და "არმია" მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 11-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა - 29:18.

ქუთაისელებმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს. ლევან გოგიას ლელოსა და სინაურიძის გარდასახვის წყალობით ანგარიში კვლავ ოთხ ქულამდე შეამცირეს - 25:19, მაგრამ დარჩენილ ხუთ წუთში სტუმრებმა დაღლილ მასპინძლებს მეტის საშუალება აღარ მისცეს და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

აია-არმია 25:29
აია (15-9) ხამაშურიძე, ძნელაძე, კვერნაძე, კუხიანიძე, გოშაძე (კიკვაძე 50), სინაურიძე, როხვაძე (გოგია 48); (1-8) რატიაშვილი (არაბიძე 73), მატკავა (დგებუაძე 74), ლომიძე (ულუმბელაშვილი 34), ხელაძე, ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი 46), შალამბერიძე, ყურაშვილი, თხელიძე
3ლ: თხელიძე, საჯარიმო, გოგია. 2გ,2ს: სინაურიძე.
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაგოშვილი, ჩხიკვაძე, გაბროშვილი, ნინიძე, სამხარაძე (1-8) კაკოვინი (ქორიძე 86), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 55), გურგენიძე (ხოსიტაშვილი 55), ბიწაძე, ჟღენტი (სურგულაძე 55), თხილაიშვილი, თავართქილაძე (კალმახელიძე 18), ბუჯიაშვილი
4ლ:კობახიძე, გურგენიძე, კაკოვინი, ნინიძე. 3გ,ს: კობახიძე.
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული