საქართველოს ჩემპიონატი: "აია" ფინალისკენ მიიწევს

AutoSharing Option
გასავარდნ ფინალში ქუთაისის "აიამ" თბილისის "არმაზს" უმასპინძლა. რეგულარულ გათამაშებაში ამ გუნდების ორივე დაპირისპირებაში ქუთათურებმა მოიგეს (28:20, 19:7) და ამ მხრივ, მეტოქესთან შედარებით გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ, როცა გამარჯვებულის ბედს ერთი კონკრეტული შეხვედრა წყვეტს, აქ დამატებითი ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ადგილობრივი გულშემატკივრები საინტერესო მატჩის მოლოდინში იყვნენ და იმედოვნებდნენ, რომ "აია" "არმაზს" გადამწყვეტ შეხვედრაშიც აჯობებდა.

მათი იმედი გამართლდა, კობა გიორგაძისა და ბესიკ ხამაშურიძის მიერ დამოძღვრილმა ქუთაისურმა გუნდმა მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხა - 32:12 და წინასწარ ფინალში "არმიას" დაუპირისპირდებიან.

მასპინძლებმა მაღალ დონეზე განსაკუთრებით
პირველ ტაიმში ითამაშეს. ამაში ქუთაისელებს სწრაფი ლელოც დაეხმარათ.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმრები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. რიონისპირელებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს და სანამ თბილისელები გადაწყობას მოასწრებდნენ, მათ ბესიკ ხამაშურიძე დაუსხლტათ და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა.

ქუთაისელთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა და გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

მალე დავით ვართანიანის შეგირდებს საჯარიმოთი ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ დავით კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.

მე-13 წუთზე ქუთაისელებმა მძლავრად შეუტიეს. მასპინძელთა მღლეტელი ბექა ყურაშვილი მოლს მოულოდნელად მოწყდა და ჩათვლის მოედანზე შეაღწია. სინაურიძემ ამჯერად გარდასახვა ვერ გამოიყენა - 12:0.

"აია" კვლავ მწვავედ უტევდა, ქუთაისელები ხელდახელაც კარგად ბურთაობდნენ და მეტოქეს შერკინებაშიც ჯაბნიდნენ.

ხუთიოდე წუთში "აიას" ძალისმიერი შეტევა შერკინების მარცხენა ბურჯმა თორნიკე ლომიძემ მორიგი ლელოთი დაასრულა, სინაურიძემ გარდასახა - 19:0.

სტუმრებმა მალე ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხეს. თავი "არმაზის" ლიდერმა და შერკინების კვაჭმა გიორგი სოსელიამ გამოიჩინა, კიკნაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:19. სტუმართა მცირეხნიანი გაელვების შემდეგ უპირატესობა ისევ ქუთაისელთა ხელში გადავიდა. ჯერ სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოთი დასაჯა მეტოქე. მერე კი, ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს.

ხამაშურიძემ ბურთი ფეხით თბილისელთა ჩათვლის მოედნისკენ გადაკიდა, რომელსაც ბაკურ გოშაძემ ვერ მიუსწრო და ხიფათიც აქ უნდა ამოწურულიყო, მაგრამ არმაზელებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, საკუთარი 22-მეტრიანი მოედნის ახლოს ბურთი უხეიროდ გაითამაშეს და ის პირდაპირ ქუთაისელთა ახალგაზრდა შუამარბს, გიგლა კუხიანიძეს ჩააბარეს, რომელმაც ბურთიანად ირბინა, მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ბოლო მომენტში გოშაძეს გადააწოდა. ამან შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ტაიმიც მალე მორჩა - 27:5.

შესვენების შემდეგ "არმაზის" მწვრთნელმა დავით ვართანიანმა ერთბაშად რამდენიმე შეცვლა განახორციელა და თბილისელებიც გააქტიურდნენ.

პირველი 20 წუთის განმავლობაში მოედანზე ისინი დომინირებდნენ. რამდენჯერმე საჯარიმო კარში არ დაარტყეს და ბურთი აუტში გადაიტანეს, რომ იქიდან სალელოვე შეტევა განეხორციელებინათ, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდათ, ქუთათურები უშეცდომოდ იცავდნენ თავს.

61-ე წუთზე მასპინძლებმა "არმაზი" კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ხამაშურიძემ ძნელაძე ჩართო შეტევაში. ამან მეტოქეს ხაზი გაუჭრა და გოშაძეს გადააწოდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

შეცვლაზე შესულმა რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

"არმაზი" სასწაულის ჩამდენს არ ჰგავდა, მაგრამ მათი მონდომება მაინც დასაფასებელია.

არმაზელებმა აქტიურად შეუტიეს. მატჩის ბოლო წუთზე მარცხენაფლანგელმა ალეკო ხუციშვილმა მასპინძლებს ხაზი გაუჭრა და ლელო გაიტანა, რომელიც ფულბეკმა საბა ნიკოლავამ გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 12:32.

აია-არმაზი 32:12

აია (15-9) ძნელაძე, გოშაძე, კუხიანიძე, ხამაშურიძე, ფრუიძე (კვერნაძე 59), სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 60), როხვაძე (თუთბერიძე 64); (1-8) რატიაშვილი, თხელიძე (ლომთაძე 72), ლომიძე (მატკავა 49), შალამბერიძე, ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 41), რევიშვილი, ყურაშვილი, შაშიაშვილი (დგებუაძე 55)
5ლ: ხამაშურიძე, ყურაშვილი, ლომიძე, გოშაძე (2). 2გ,ს: სინაურიძე
არმაზი (15-9) ნიკოლავა, მაჩხანელი (ბაქანიძე 48), მაისურაძე (სირაძე 60), ჩხაიძე (პინაიშვილი 54), ხუციშვილი, კიკნაძე, ბროძელი (მჟავანაძე 61); (1-8) ბუკია, სოსელია, ჯიბლაძე (ესართია 37), ჯიშკარიანი (გიგაური 41), ჭელიძე (ლეკბორაშვილი 60), კანდელაკი, მინაშვილი, თაგაური
2ლ: სოსელია, ხუციშვილი. გ: ნიკოლავა
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია)

წინასწარი ფინალი
27 აპრილი
არმია-აია

დიდი ფინალი
25 მაისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" დიდ ფინალშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული