არმია
"არმიას" წინა სეზონში სულ მცირედი დააკლდა ოქროს მედლებამდე. შესაბამისად, განვლილი ჩემპიონატი მათთვის წარუმატებლად ჩაითვლება, რადგან ნიკოლოზ ჭავჭავაძის გუნდისთვის მიზანი მხოლოდ პირველობაა.
კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი განახორციელა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზარდა გუნდში კონკურენცია და ყველა პოზიცია ბოლომდე დაბალანსდა.
კლუბი ამჟამად ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში გადის წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას საქართველოს XXIV ჩემპიონატის წინ და შემადგენლობას თუ გადავხედავთ, პირველობის უმთავრესი ფავორიტია.
"არმიას" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი ხაზი ეყოლება მთელ ჩემპიონატში: ბურჯის პოზიციაზე გოგა კაკოვინი, ტარიელ დონაძე, დავით გურგენიძე, ირაკლი ქორიძე, გიორგი ზაქაშვილი და სრულიად ახალგაზრდა ზაურ ხარებავა შეენაცვლებიან ერთმანეთს გრძელი სეზონის მიმდინარეობისას.
ტრავმა მოიშუშა და, სავარაუდოდ, სტარტისათვის მზად იქნება მეორეხაზელი დავით ჩიტიძე, რომელიც ილია სურგულაძეს შეუწყვილდება. შეტევაში გუნდის თამაშს გაცილებით აგრესიულს და სახიფათოს გახდის ვეტერანი კახა უჩავას და "ლოკომოტივის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, ზვიად მაისურაძის გადმობირებაც.
უკანა ხაზი
9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში ახალწვეული ირაკლი ღვინჯილია იქნება, მის შემცვლელად კი 22 წლის რამაზ ჯინაშვილს ვიხილავთ.
ნიკა ნინიძის წასვლის მიუხედავად, უკანა ხაზში სამწვრთნელო შტაბს ფართო არჩევანი გააჩნია: მგეზავად გიორგი ელიზბარაშვილი ან ლაშა ბაირამაშვილი გამწესდება, შუამარბებად ვანო გაბროშვილი და გიგა გაგოშვილი ითამაშებენ, თუმცა გამოჯანმრთელებული რატი ნუცუბიძისა და ახალგაზრდა გიორგი ჯიმშელაძისაგან სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი.
მოწინააღმდეგის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, კონკრეტული მატჩის წინ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, თუ ვინ ათამაშოს ძირითად შემადგენლობაში გარემარბთა ამ ტრიოდან: გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე. ფულბეკის პოზიციაზე უალტერნატივოა ბახვა კობახიძე.
სამწვრთნელო შტაბი
გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძეა, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების პირველხაზელი გახლდათ და წარმატებული კარიერაც ჰქონდა საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან "ყოჩები" ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით "არმიაში" გადაინაცვლა, სადაც ერთ სეზონში დუბლი გაახერხა: მოიგო საქართველოს თასიც და ჩემპიონობაც.
სპორტული დირექტორის პოზიციაზეა სარაგბო კლუბ "უნივერსიტეტის" ერთ-ერთი მწვრთნელი ბადრი ბოხუა, ვისი აღზრდილი თაობაც წარმატებით თამაშობს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში.
შემადგენლობა
პირველი ხაზი: ირაკლი ქორიძე, გოგა კაკოვინი, ბექა მეკოკიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ტარიელ დონაძე, დავით გურგენიძე, გიორგი ზაქაშვილი, ზაურ ხარებავა.
მეორე ხაზი: დავით ჩიტიძე, გიორგი ჟღენტი, მამუკა ცხადაძე, ბექა ბიწაძე, ლაშა აზალაძე, ილია სურგულაძე, კახაბერ უჩავა;
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კალმახელიძე, ლაშა თავართქილაძე, ლევან დარასელია, ზვიად მაისურაძე;
#9: ირაკლი ღვინჯილია, რამაზ ჯინაშვილი;
#10: გიორგი ელიზბარაშვილი, ლაშა ბაირამაშვილი
#12-13: ვანო გაბროშვილი, გიგა გაგოშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი ჯიმშელაძე;
#11-14: ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე;
#15: ბახვა კობახიძე, გიორგი აფციაური.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"