აია
"აია" ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდი გახლავთ და ტრადიციებიდან გამომდინარე, ყოველთვის ლაღ, სანახაობრივ რაგბის თამაშობს, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ მცირე ფინალში გასვლით მოუხდა დაკმაყოფილება და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ არა ქუთათურთათვის.
მათ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი მშვენივრად დაიწყეს - 7-კაცა ჩემპიონატის გამარჯვებულებიც გახდნენ.
ამჟამად "აია" გრიგოლეთში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე და
ბესიკ ხამაშურიძე და მისი გუნდი შეეცდებიან, არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზონ მაყურებელს და იმერეთის დედაქალაქში აბსოლუტურად ყველა მოწინააღმდეგის დამარცხების ჩინებული შანსი გააჩნია.
შერკინება
წინა სეზონში ქუთაისელებს ყველაზე მეტად შერკინებაში უჭირდათ და ეს სავალალო მდგომარეობა, სავარაუდოდ, წლეულსაც გაგრძელდება, რადგან გუნდი ერთბაშად ოთხმა წამყვანმა პირველხაზელმა დატოვა: ლევან თხელიძე "ლოკომოტივში" გადაბარგდა, გიორგი ლომთაძე "ლელოში", ამირან წაქაძე "აკადემიაში", ხოლო თორნიკე ლომიძე კარიერას ფრანგულ "ოშში" განაგრძობს.
სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა და მეორე გუნდიდან რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე დააწინაურა ძირითად გუნდში, რაც, რა თქმა უნდა, მომავალზე გათვლილი ნაბიჯია, თუმცა გარკვეულ რისკს შეიცავს და, შესაძლოა, გათამაშების პირველ ეტაპზე ძვირფასი ქულების დაკარგვად დაუჯდეთ.
უკანა ხაზი
9 ნომრის პოზიციას ბორჯღალოსანი გიორგი როხვაძე გაამაგრებს, მგეზავად გიგა სინაურიძე ითამაშებს და ძალიან ბევრი რამ იქნება მის ფეხჩუბინობაზე დამოკიდებული.
შუამარბის პოზიციაზე უდიდესი დახმარება შეუძლია გაუწიოს გუნდს საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ; ფულბეკად კი, სავარაუდოდ, იოსებ კიკვაძე იქნება, რომელსაც უდიდესი სამუშაოს გაწევა მოუწევს.
სათადარიგოთა სკამი აბსოლუტურად ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეებით გახლავთ დაკომპლექტებული, თუმცა სამწვრთნელო შტაბის სწორმა სელექციამ, შესაძლოა, მალევე მოიტანოს დადებითი შედეგი და, ამ შემთხვევაში, "აიასთან" დაპირისპირება ორმაგად სახიფათო გახდება ნებისმიერი გუნდისათვის.
მწვრთნელთა ჯგუფი
ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ბესიკ ხამაშურიძე გახლავთ, რომელიც მოთამაშის აქტიური კარიერის დროს გამოირჩეოდა უნივერსალური თვისებებით და უკანა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო შედეგიანად გარჯა.
წლეულს იგი მორაგბის სტატუსით ვეღარ ეხმარება კლუბს, სამაგიეროდ, სრული კონცენტრაციით გადაერთვება სამწვრთნელო პროცესზე. კლუბში მენეჯერის ფუნქციებს შეითავსებს გამოცდილი კობა გიორგაძე.
შემადგენლობა
პირველი ხაზი: მერაბ მატკავა, ტარიელ ჩხიკვაძე, გიორგი ტორაძე, რატი ასათიანი, მიხეილ რატიაშვილი, მიხეილ ბოდოკია, გიორგი სალდაძე, მირიანი ქარჩხაძე;
მეორე ხაზი: თორნიკე ძაგნიძე, გელა შალამბერიძე, გიორგი ჩიტეიშვილი, გიორგი ბარაბაძე, საბა ჩაჩხიანი;
მესამე ხაზი: ირაკლი რევიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ბადრი დანგაძე, რევაზ არჩვაძე, ბექა ყურაშვილი, შალვა შაშიაშვილი;
#9: გიორგი როხვაძე, თემურ თუთბერიძე;
#10: გიორგი ბაბუნაშვილი, რეზო ჭინჭველაშვილი, გაგა სინაურიძე;
#12-13: თემურ ირემაძე, დავით ლოსაბერიძე, სერგო კვერნაძე;
#11-14: გიორგი აბრამიძე, გიორგი ზიბზიბაძე, ბექა ტორაძე;
#15: იოსებ კიკვაძე.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"