ჯერ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მერე კი, გასულ სეზონში ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
"არმია" თავიდანვე სხვადასხვა კლუბში აღზრდილი მოთამაშეებით შეივსო და ერთ-ერთ უძლიერეს, საკმაოდ ღონიერ გუნდად ჩამოყალიბდა.
არმიელებს ყველანაირი პირობა აქვთ ნორმალური ვარჯიშისა და დასვენება-აღდგენითი პროცესებისთვის. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც სეზონისწინა საწვრთნელი შეკრება საზღვარგარეთ გაიარა.
გუნდის მზადებისა და მომავლის გეგმების შესახებ "არმიას" მთავარ მწვრთნელს, ნიკოლოზ ჭავჭავაძეს ვესაუბრეთ.
- მოდით, შარშანდელი სეზონის მოკლე შეფასებით დავიწყოთ. გუნდმა მეორე
- დიახ, ნამდვილად ასეა. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ ჩემპიონობაა. შარშან ეს რიგი ფაქტორების გამო ვერ შევძელით.
გუნდში სეზონის განმავლობაში ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავდა. ლიდერების არყოფნამ გამოიწვია შეცდომები თამაშისას გადაწყვეტილებების მიღებაში.
მერე ფინალში გუნდს რა დავალებაც მივეცით, არ შესრულდა. "ლელო" კარგი, მებრძოლი გუნდია, რომელმაც მოინდომა, ყველაფერი გააკეთა წარმატების მისაღწევად. ერთი სიტყვით, ლელოელებმა ხასიათითაც გვაჯობეს და ჭკუითაც.
- წლევანდელი სეზონის წინ კლუბების უმრავლესობას ფინანსურად გაუჭირდა, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოიძებნა. თქვენს კლუბს ეს პროცესები არ შეეხო...
- კარგია, რომ სარაგბო კლუბებს სახელმწიფო დაეხმარა. ამით მდგომარეობა დაბალანსდა. გუნდებს საშუალება მიეცათ, გაძლიერებულიყვნენ და ახლა ისეთი ვითარებაა, ვინ იქნება ფავორიტი, ძალიან ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, სათამაშო დონე საგრძნობლად გაიზრდება და, იმედი მაქვს, ჩემპიონატის მატჩებს ბევრი მაყურებელი დაესწრება.
- რა ცვლილებები მოხდა სეზონებს შორის შესვენებისას "არმიაში"?
- გუნდი ოთხმა მოთამაშემ დატოვა: ხვიჩა ბუჯიაშვილი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ალბიში" გადაბარგდა; მამუკა ნინიძემ რუმინულ "ფარულს" მიაშურა, მიხეილ არჩუაშვილმა თბილისის "არმაზში" არჩია თამაში, ლევან გოგოლაშვილი კი ბოლნისის "ყოჩების" ღირსებას დაიცავს.
შევსება სოლიდური მივიღეთ. "ლელოდან" დაგვიბრუნდა მესამეხაზელი ლევან დარასელია. რვა ნომრის პოზიციაზე სერიოზული პრობლემა გვქონდა და ამიტომ საქართველოს ნაკრების წევრი, ლოკომოტიველი ზვიად მაისურაძე დავიმატეთ.
ამავე გუნდიდან გადმოვიდა ცხრა ნომერი ირაკლი ღვინჯილია. გასულ სეზონში ამ პოზიციაზეც გვიჭირდა. მაშინ საშუალება მივეცით ახალგაზრდა რამაზ ჯინაშვილს, რაც შეიძლებოდა, მეტი ეთამაშა, გამოცდილება მიეღო და გაზრდილიყო.
ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ გუნდის თამაშში პრობლემები გაჩნდა. ვფიქრობ, ღვინჯილიას დამატებით ეს პოზიცია გაძლიერდება.
პირველ ლიგაში მოასპარეზე ფოთის "რაინდებიდან" დავიმატეთ 19 წლის პირველხაზელი ზაზა ხარებავა. ის ძალიან პესპექტიული მოთამაშეა და გვინდა ჩვენთან გავზარდოთ, უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება მივცეთ, გამოცდილება მიიღოს. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილს ამპლუა შევუცვალეთ. ის ამიერიდან შერკინების კვაჭის პოზიციაზე ითამაშებს.
მას ბრწყინვალე მონაცემები აქვს, ერთნაირად ძლიერია, როგორც დაცვაში, ისე შეტევისას. ერთი პრობლემა ბურთის დერეფანში აგდებაა და ამ კომპონენტის დახვეწაზე ინტენსიურად ვმუშაობთ.
- როგორ მოემზადა "არმია" დამდეგი სეზონისთვის?
- მზადება ივლისში დავიწყეთ. ვარჯიშების ოთხკვირიანი ციკლი გვქონდა, რომელიც ძირითადად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე მუშაობამ დაიკავა. მერე საწვრთნელი შეკრების საზღვარგარეთ გამართვა გვინდოდა, სადაც რამდენიმე თამაშის ჩატარებასაც შევძლებდით, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბულგარეთში, ვარნასთან ახლოს პატარა საკურორტო ქალაქში გაგვეგრძელებინა მზადება.
სავარჯიშო პირობები იდეალური გვქონდა და, ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
- თქვენი გუნდი ყველა რგოლში მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, მაგრამ მაინც, როგორ მიგაჩნიათ, რა ნაკლი აქვს "არმიას"?
- დიახ, გუნდში ყველა პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე გვყავს. სერიოზული კონკურენციაა და ეს ყველას კარგად აქვს გათავისებული. ვფიქრობ, ცოტა მგეზავის პოზიციაზე გვიჭირს.
გიორგი ელიზბარაშვილს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ნახევარფინალსა და ფინალში კი ვათამაშეთ, მაგრამ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და როგორც სჩვევია, ისე ვერ ითამაშა.
ახლა ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და მისი დიდი იმედი გვაქვს. დაშავებული იყო და მთლიანად გაუცდა სეზონი კიდევ ერთ მგეზავ ლაშა ბაირამაშვილს, რომელსაც ასევე შეუძლია, გაუძღვეს გუნდს.
ტრავმების გამო გასულ სეზონში სხვა მოთამაშეებიც გვაკლდა. გუნდის კაპიტანი, მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძე და მეორეხაზელი დავით ჩიტიძე გამოჯანმრთელდნენ და სრულ მზადყოფნაში არიან.
- დამდეგ ჩემპიონატში მიზანი, ალბათ, ისევ ჩემპიონობა იქნება. ვინ მიგაჩნიათ კონკურენტებად პირველობისთვის ბრძოლაში?
- მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ტიტულის დაცვას შეეცდება შარშანდელი გამარჯვებული "ლელო". ამ გუნდმა საკმაოდ კარგი შევსება მიიღო და, ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
სერიოზულად გაძლიერდა "არმაზი". მას ირაკლი აბუსერიძე დაემატა, რომელიც მგეზავ დავით კიკნაძესთან წყვილში გუნდს საინტერესოდ აათამაშებს. ამას დაუმატეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გარემარბი ირაკლი მაჩხანელი. საკმაოდ ძლიერი გუნდია.
კონკურენტებს შორის მოვიაზრებ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბ "ლოკომოტივსაც". თემურ ბენდიაშვილი გამოცდილი მწვრთნელია და კარგი გუნდის შექმნა შეუძლია.
მართალია, ქუთასის "აია" ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ მას დიდი ტრადიციები აქვს, ბოლო წლებში მუდამ ახერხებდა მედლების მოპოვებას და, ალბათ, წლეულსაც პირველობისთვის იბრძოლებს.
- თქვენს გუნდს თავდაცვის სამინისტრო პატრონობს. დაფინანსების სხვა წყარო არ გაქვთ?
- არა, სპონსორი არ გვყავს, თუმცა მის ძიებაში ვართ. ამჟამად ორ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და, იმედია, ის წარმატებით დასრულდება. ვცდილობთ, მალე სპონსორის დაფინანსებაზე გადავიდეთ. ვნახოთ, რა გამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"