საქართველოს ჩემპიონატი: "აკადემია" და "ჯიქები" ლიდერობენ

AutoSharing Option
ჭაბუკთა A ლიგაში გრძელდება გათამაშება, სადაც მეორე წრის XI ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა თბილისის "აკადემიამ", მოლოდინისამებრ, იოლად დაჯაბნა აუტსაიდერი, პატარძეულის "ვეფხვები" და სტუმრად 100:3 დაამარცხა მეტოქე.

აკადემიელებმა მასპინძლებს ერთბაშად 16 ლელო გაუტანეს: სამ-სამი ლელო გარემარბ სანდრო ილურიძის და გუნდის კაპიტან ნიკა გამყრელიძის ანგარიშზეა.

ტურის მეორე მატჩში მეოთხე ადგილზე მყოფი "ყოჩები" სტუმრად გათამაშების ბოლოადგილოსან ჭიათურის "იმერეთს" დაუპირისპირდა და მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა.

იმერლებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მატჩში გატანილი ერთადერთი ლელოც სწორედ მათ ანგარიშზეა, მაგრამ გარდასახვა გააცუდეს, რაც საბოლოოდ
საბედისწერო გამოდგა. "ყოჩებმა", თავის მხრივ, ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყეს კარში და დრამატულ მატჩში 6:5 გაიმარჯვეს.

B ჯგუფში დაგეგმილი გამარჯვება იზეიმეს თბილისის "ჯიქებმა". მათ 11-ქულიანი სხვაობით 29:18 დაამარცხეს თანაქალაქელი "არმაზი" და 36 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოკალათდნენ. თუმცა მათ უახლოეს მდევარ "ქუთაისს" 32 ქულა და ორი მატჩი თადარიგში აქვთ.

ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
ჭიათურა-ყოჩები 5:6
პატარძეული-აკადემია 3:100

სატურნირო მდგომარეობა
აკადემია - 31 ქულა, 2 ხარები - 28, 3. ხულიგანა - 22, 4. ყოჩები - 19, 5. არმია - 16, 6. პატარძეული - 4, 7. ჭიათურა - 2.

B ჯგუფი
ჯიქები-არმაზი 29:18
ტაო-ლელო 3:30
ლოკომოტივი-წიქარა 79:0

სატურნირო მდგომარეობა
ჯიქები - 36 ქულა, 2. ქუთაისი - 32, 3. ლოკომოტივი - 32, 4. არმაზი - 24, 5. ლელო - 21, 6. ჯვაროსნები - 6, 7. ტაო - 5, 8. წიქარა - 5.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული