შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა "არმიამ" მიმდინარე გათამაშებაში პირველად წააგო თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩში - 15:27.
რკინიგზელთა გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, უცნაური "არმიას" სუსტი თამაში იყო. თუმცა ეს მეტწილად "ლოკომოტივის" დამსახურებაა, რომელმაც მეტოქეს თავისი თამაში თავს მოახვია და მატჩის მიმდინარეობისას პირობებს სწორედ რკინიგზელები კარნახობდნენ.
თამაშმა გვიჩვენა, რომ წინა ტურში ქუთაისში რკინიგზელთა გამარჯვება შემთხვევითობა არ ყოფილა.
"ლოკომოტივი", მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს, მაინც ერთ მუშტად შეკრულ, მებრძოლ გუნდად დარჩა.
თემურ ბენდიაშვილის სამწყსო, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, ბრწყინვალედ გაისარჯა
პირველ ტაიმში ერთადერთი შეცდომა "ლოკომოტივმა" მე-13 წუთზე დაუშვა, როცა მოედნის საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდა და "არმიას" ფულბეკმა გიორგი აფციაურმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.
ამის შემდეგ არმიელებმა თავიანთ მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს. "ლოკომოტივმა" ნელ-ნელა შეძლო მეტოქის თამაშში სუსტი წერტილების მოძებნა და მალე, ორწუთიან შუალედში ორი ლელო გაიტანა.
მე-17 წუთზე მატჩის არბიტრმა "არმიას" შერკინების კვაჭი ბექა მეკოკიშვილი გაასინბინა. ეს შანსი რკინიგზელებმა ხელიდან არ გაუშვეს და რიცხობრივი უპირატესობა შესანიშნავად გამოიყენეს.
მე-20 წუთზე მორკინალების აქტიურობამ გამოიღო ნაყოფი. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა საჯარიმო აუტში გადაიტანა.
ხუთმეტრიანი დერეფნიდან წამოწყებულ შეტევას მორკინალების იერიში მოჰყვა. ბოლო ფაზაში რაკიდან ბურთი შერკინების კვაჭმა ლევან გენებაშვილმა აიტაცა, მოკლე ფრთაზე შეუტია და იქვე მიმყოლ ბურჯს, ხვთისო ელოშვილს გაატანა, რომელსაც წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. წიკლაურმა კიდედან გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:3.
ორ წუთში უკვე "ლოკომოტივის" უკანახაზელებმა იყოჩაღეს. "არმიას" მოედნის ნახევარზე შუამარბმა ვახტანგ კავთიძემ მეტოქეს ბურთი აართვა, ოდნავ წინ წაიწია, იქვე უკეთეს პოზიციაში მყოფი გარემარბი გიორგი ბიწაძე შენიშნა და ბურთი მას გაატანა.
ამ უკანასკნელმა კი ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. წიკლაურს გარდასახვა არ გასჭირვებია - 12:3.
მატჩის ეს მონაკვეთი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა. არმიელებმა დიდხანს ვეღარ შეძლეს თამაშის დალაგება. "ლოკომოტივმა" კი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი საჯარიმო მიითვალა და შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა - 15:3.
"არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ შესვენებისას გუნდში ექვსი ცვლილება განახორციელა.
ამან გუნდის თამაშში, ცხადია, კორექტივები შეიტანა და მოედანზე ვითარება დაიძაბა, თუმცა მეორე ნახევრის საწყის ათ წუთში უპირატესობას ისევ "ლოკომოტივი" ფლობდა.
წიკლაურმა ჯერ არეკნით გაატარა ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის, მერე ზედ საჯარიმოც მიაყოლა და ანგარიშში სხვაობა საკმაოდ სოლიდური გახდა - 21:3.
ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა უძნელესი საქმეა, თუმცა არმიელებს მცდელობა არ დაუკლიათ. მათ ორი ლელოს გატანაც მოახერხეს, რაზეც წიკლაურმა ორი საჯარიმოთი უპასუხა და "ლოკომოტივმა" საკმაოდ ლამაზი, დამსახურებული გამარჯვება მიითვალა.
ლოკომოტივი-არმია 27:15
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, გ. ბიწაძე, ვასაძე (კობერიძე 64), კავთიძე, ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) ელოშვილი (გასვიანი 70), გენებაშვილი (თავბერიძე 46), ზარიძე (ბალიაშვილი 49), გეგია, ხულუაშვილი, ბერიშვილი, ახვლედიანი, თხელიძე.
2ლ: ელოშვილი, გ. ბიწაძე. 4ს,გ,ა: წიკლაური.
სინბინი: გეგია.
არმია (5-9) აფციაური, გაგოშვილი, ჩხიკვაძე, ბაირამაშვილი (კალმახელიძე 41), გაბროშვილი, ელიზბარაშვილი, ღვინჯილია. (1-8) ქორიძე (ხარებავა 41, ზაქაშვილი 67), მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 41), დონაძე, ბ. ბიწაძე, ჩიტიძე (აზალაძე 41), დარასელია (თხილაიშვილი 41), თავართქილაძე, მაისურაძე (ცხადაძე 41).
2ლ: ცხადაძე, კალმახელიძე. ს,გ: აფციაური
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი
IV ტური
ბათუმი-ლელო 3:28
ბათუმი: ს - ოდიშარია.
ლელო: 4ლ - გუგავა (2), ნიჟარაძე, კოპაძე. 2ს,გ: ყიასაშვილი.
ხარები-აკადემია გადაიდო
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 4 3 0 1 +63 15
2. არმაზი 4 3 0 1 +40 14
3. აია 4 3 0 1 +13 14
4. ლოკომოტივი 4 3 0 1 +3 12
5. ყოჩები 4 2 1 1 +20 11
6. არმია 3 2 0 1 +27 9
7. ჯიქები 4 1 1 2 -2 8
8. ხარები 3 0 0 3 -53 1
9. აკადემია 3 0 0 3 -55 1
10. ბათუმი 3 0 0 3 -56 0
V ტური
ყოჩები-ხარები, აია-არმაზი, არმია-ჯიქები, ლელო-ლოკომოტივი, აკადემია-ბათუმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. IV ტური:"აიას" ჯიქური გამარჯვება
არმაზი-ყოჩები 23:17 - დავით კიკნაძის შოუ "შევარდენზე"