არმაზი-აკადემია 23:20 - სანახაობა დრამატული ფინალით

AutoSharing Option
"არმაზისა" და "აკადემიას" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდის ხოლმე. გუნდებმა დამკვიდრებულ ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეკრებილმა სამასიოდე გულშემატკივარმა, მშვენიერ მატჩთან ერთად, დრამატული ფინალური წუთებიც იხილა.

"არმაზი" მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა და მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემებიც გააჩნდა.

გუნდის ექვსი მორაგბე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გახლავთ გამოძახებული. ესენია: ზაზა ხარებავა, გიორგი მარგველიანი, ბესიკ ბარბაქაძე, ნიკა გიგაური, რევაზ ბროძელი და ბადრი ლიპარტელიანი; ხოლო გამოცდილ ირაკლი აბუსერიძეს მცირე ტრავმა აწუხებდა.

შეხვედრა "აკადემიამ" აქტიურად დაიწყო და მე-5 წუთზე ანგარიშიც გახსნა:
მორკინალების მიერ მოპოვებული საჯარიმო ილია მელაძემ ზუსტად დაარტყა - 3:0.

არმაზელებმა სათამაშო ტემპს უმატეს და სრულ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. 23-ე წუთზე "არმაზის" მგეზავმა დავით კიკნაძემ ფეხით ბურთი მშვენივრად შეაცურა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში, რომელსაც ირაკლი მაჩხანელი შეჰყვა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უმალ ისარგებლა აკადემიელთა გარემარბის შეცდომით, ბურთს დაეუფლა და ლელოც გაიტანა - 5:3.

"აკადემიამ" რამდენიმე შეტევა განახორციელა. ჰქონდა კიდეც შანსი, კვლავ დაებრუნებინა ანგარიშში ლიდერობა, თუმცა ტექნიკური წუნი არ აძლევდა ამის საშუალებას. 37-ე წუთზე რაკში არასწორად თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა "აკადემიის" კაპიტანი გიორგი ქოპილაშვილი გაასინბინა, რითაც მყისიერად ისარგებლა "არმაზმა".

კიკნაძემ ჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 8:3, ხოლო ორ წუთში მარბიელ შოთა კანდელაკის ლელოც წარმატებით გარდასახა - 15:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის მეორე ნახევარი კვლავ "არმაზის" აგრესიული შეტევებით დაიწყო და ჯიუტად ცდილობდა კიდევ ერთი ლელოს გატანას, რასაც მალევე მიაღწია კიდეც. 46-ე წუთზე შერკინების ბურჯმა არჩილ ბეჟიაშვილმა ძალისმიერი ლელო გაიტანა და 17 ქულამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 20:3.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "არმაზი" პრემიალური ქულით მოახერხებდა გამარჯვების მოპოვებას, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა. "აკადემიის" მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რამაც აბსოლუტურად შეცვალა საერთო სურათი.

სტუმრებმა ჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით 14 ქულამდე შეამცირეს მეტოქესთან ჩამორჩენა - 6:20, ხოლო 73-ე წუთზე ნანატრი ლელოც გაიტანეს.

აკადემიელთა ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ ოსტატურად აუარა გვერდი რამდენიმე მოწინააღმდეგეს და ბურთი "არმაზის" ჩათვლის მოედანში დაამიწა, მელაძემ იოლად გარდასახა - 13:20.

აკადემიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს წნეხი და სამ წუთში მორიგი სალელოვე შეტევა წამოიწყეს. უკანა ხაზის მოთამაშეების მიერ გაშლილ შეტევას კიდესთან მარბიელი დავით ნიბლაძე დაეხმარა, რომელმაც უპრობლემოდ ირბინა ჩათვლის მოედნამდე. მელაძემ ამჯერადაც გარდასახა - 20:20.

"არმაზს" არაფრით აწყობდა სიტუაციის ასეთი განვითარება და თავგანწირვით შეუტია. მე-80 წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო მოიპოვეს, რომელიც კიკნაძემ სამ ქულად აქცია - 23:20.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "აკადემიამ" ხელდახელ შეუტია. სოსო მათიაშვილი ინდივიდუალური ქმედების ხარჯზე იოლად დაუძვრა ერთბაშად სამ მოწინააღმდეგეს, თუმცა ბოლო მომენტში იგი მიხეილ მოდებაძემ შებოჭა უხეშად.

მსაჯმა მასპინძელთა მხტომელი გაასინბინა, "აკადემიას" კი ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა მელაძის დარტყმულმა ბურთმა კარის ძელებს ოდნავ გვერდით ჩაუარა. მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა - 23:20.

VIII ტური
არმაზი - აკადემია 23:20
არმაზი (15-9) ჩხაიძე, სირაძე, მაჩხანელი, ნიკოლავა, კაიფაჯიანი, კიკნაძე, მისრიაშვილი; (1-8) ბეჟიაშვილი (მჭედლიძე 74), თაგაური, ესართია, კაჭარავა (მოდებაძე 57), არჩუაშვილი, კანდელაკი, მინაშვილი, სოსელია;
3ლ: მაჩხანელი, კანდელაკი, ბეჟიაშვილი; 2ს,გ: კიკნაძე
სინბინი: მოდებაძე (57), მინაშვილი (67)
აკადემია: (15-9) მელაძე, მათიაშვილი, წასიძე, ილურიძე, კალანდარიშვილი, ქოპილაშვილი, ჯ. ღამბაშიძე; (1-8) ფეიქრიშვილი, წვერავა, მაზმიშვილი (გ. ღამბაშიძე), ნებულიშვილი, ბერიკაშვილი (მაღლაკელიძე 41), ნიბლაძე, გოგოლაძე, ლუარსაბიშვილი (ჩაჩუა 42);
2ლ: ჯ. ღამბაშიძე, ნიბლაძე; 2გ: მელაძე; 2ს: მელაძე, მათიაშვილი
სინბინი: ქოპილაშვილი (37);
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ლოკომოტივი-ბათუმი 36:17
ლოკომოტივი: 6ლ - ახვლედიანი (2), ბერიშვილი (2), ჭინჭარაული, ზაბახიძე. 3გ - წიკლაური.
სინბინი: ფ.გასვიანი
ბათუმი: 2ლ - მოქია, სულაბერიძე. 2გ - ოდიშარია, აშვეთია. ა - აშვეთია.

ჯიქები-ხარები 43:10
ჯიქები: 6ლ - სუხაშვილი (2), ბიწაძე, მჭედლიშვილი, ტრაპაიძე, კალანდაძე. 5გ,ს - გიორგაძე.
ხარები: ლ - ხელია. გ,ს - წიკლაური.
სინბინი - ხუციშვილი.

არმია-ყოჩები 17:13
არმია: 2ლ - მამუკაშვილი, გაგოშვილი. 2გ,ს - ნუცუბიძე.
სინბინი - ჟღენტი, დარასელია.
ყოჩები: ლ - კ. მახარაშვილი. 2ს,გ - სოხაძე

აია-ლელო 10:21 - ჩემპიონმა ლიდერს აჯობა


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლოკომოტივი 8 6 0 2 +56 28
2. აია 8 6 0 2 +68 28
3. ლელო 7 6 0 1 +90 27
4. არმაზი 7 5 0 2 +21 22
5. ყოჩები 8 4 1 3 +26 21
6. ჯიქები 8 3 2 3 +51 20
7. არმია 7 3 1 3 +22 17
8. აკადემია 7 1 0 6 -109 6
9. ბათუმი 7 1 0 6 -105 5
10. ხარები 7 0 0 7 -120 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული