აკადემია-აია 17:23 - "აიას" აკადემიური გამარჯვება

AutoSharing Option
შემოდგომის სანაკრებო ტესტ-მატჩების გამო ეროვნულ ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზა იყო გამოცხადებული და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებმა გასულ უქმეებზე დაასრულეს რეგულარული გათამაშების პირველი წრე.

მეცხრე ტურის მატჩში "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ერთმანეთს "აკადემია" და ქუთაისის "აია" შეხვდნენ.

ორივე გუნდს სხვადასხვა მიზანი ამოძრავებს მიმდინარე ჩემპიონატში: თბილისელთა მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო "აიას" ჩემპიონობა აქვს დაგეგმილი.

"აიას" სამწვრთნელო შტაბს გარკვეული საკადრო პრობლემები გააჩნდა მატჩის წინ. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მათი ოთხი უკანახაზელია გამოძახებული: რეზო ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე და ბადრი დანგაძე; ხოლო
დავით ლოსაბერიძეს კვლავ ფეხის ტრავმა აწუხებს.

სასტარტო შემადგენლობის ორი მორკინალი მოისაკლისა "აკადემიამ". მარბიელი საბა შუბითიძე შვიდკაცა რაგბის ნაკრებში იმყოფება, ხოლო ბადრი ალხაზაშვილს ადრე მიღებული დაზიანება გაუმიზეზდა.

მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობის მოპოვებას. სტატიკური მდგომარეობების გათამაშებისას ქუთათურები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ და შერკინებაში არაერთხელ დაძრეს მეტოქის პირველი ხაზი, თუმცა "აიას" მორაგბეების რაკში თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მსაჯმა ისინი არაერთხელ დააჯარიმა.

აკადემიელთა ფეხჩუბინმა გარემარბმა სოსო მათიაშვილმა ამით მშვენივრად ისარგებლა და მატჩის პირველ ნახევარში მეტოქის ძელებს შუა სამჯერ გაიტანა საჯარიმოდან დარტყმული ბურთი, რასაც ქუთათურთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმიც 9:6 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრები გამოფხიზლდნენ და ძირითადი აქცენტი ძალისმიერ შეტევებზე გადაიტანეს, რამაც შედეგი მალევე მოიტანა.

46-ე წუთზე ქუთათურებმა მოპოვებული საჯარიმო კარში არ დაარტყეს, მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს ბურთი აუტში გადაიტანეს, დერეფანი იოლად მოიგეს, მშვენიერი მოლი ააგორეს, რაც საბოლოოდ მარბიელ ბექა ყურაშვილის გატანილი ლელოთი დასრულდა. სინაურიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და საკუთარი გუნდი ოთხი ქულით დააწინაურა - 13:9.

"აკადემია" ასე იოლად არ აპირებდა დანებებას და მათიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა საჯარიმო შორი დისტანციიდან - 12:13, თუმცა 62-ე წუთზე "აიამ" ისევ იძალა: სტუმრებმა ამჯერადაც მშვენიერი მოლი ააგორეს, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ბურთიანად მოსწყდა მერაბ მატკავა და მეორედ დაალელოვა თბილისელები. სინაურიძემ ამჯერადაც გარდასახა - 20:12.

ქუთაისელთა უპირატესობა უკვე ეჭვს აღარ იწვევდა, თუმცა "აია" თავისივე მორაგბემ დააღალატა 65-ე წუთზე, როდესაც გიორგი როხვაძემ მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წითელი ბარათითაც დაისაჯა.

მასპინძლებს მშვენიერი შანსი მიეცათ, თუნდაც ერთი პრემიალური ქულა მოეპოვებინათ და თავგანწირულ იერიშებზეც გადავიდნენ, თუმცა საპასუხოდ სინაურიძემ 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა არეკნი და კიდევ უფრო გაზარდა "აიას" უპირატესობა - 23:12.

აკადემიელებმა გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს და ათფაზიანი შეტევაც აკინძეს. მათ რამდენჯერმე ოსტატურად შეცვალეს შეტევის მიმართულება, რაც ფულბეკ დავით მაკაროვის კიდესთან გატანილი ლელოთი დასრულდა - 17:23.

მსაჯის საფინალო სასტვენიც მალე გაისმა, რომელმაც ქუთაისელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა, თუმცა "აკადემიაც" მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა ფავორიტთან მოპოვებული პრემიალური ქულით.

აკადემია-აია 17:23
აკადემია (15-9) მაკაროვი, კალანდარიშვილი, სიჭინავა, ილურიძე (ჭუაძე 69), მათიაშვილი, ქოპილაშვილი, ჩაბრაძე (ჯ. ღამბაშიძე 56); (1-8) მაზმიშვილი (ფეიქრიშვილი 46), წვერავა, ფეიქრიშვილი (გ. ღამბაშიძე 49), ნებულიშვილი (მაღლაკელიძე 72), ბერიკაშვილი, ნიბლაძე, ლუარსაბიშვილი, გოგოლაძე;
ლ: მაკაროვი; 4ს: მათიაშვილი
აია (15-9) კვერნაძე, შაშიაშვილი, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 50), ირემაძე, აბრამიძე, სინაურიძე, როხვაძე; (1-8) ასათიანი (მატკავა 41), სალდაძე (არჩვაძე 41), ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი;
2ლ: ყურაშვილი, მატკავა 2გ,2ს,ა: სინაურიძე
გაძევება: როხვაძე

სოფი ბარქაიას ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული