შეხვედრის სტარტი ნომინალური სტუმრების - "ყოჩების" აქტიური თამაშით აღინიშნა, რაც მალევე ლელოში აისახა. ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა მოედნის ცენტრში ცრუმოძრაობის ხარჯზე გვერდი აუარა მეტოქის თავდაცვით ხაზს და გადამწყვეტ მომენტში ჯვარზე მშვენივრად შეიყვანა სისწრაფეაკრეფილი ლუკა კვარაცხელია, რომელსაც აღარ გასჭირვებია "აკადემიას" ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. თემურ სოხაძემ იოლად გარდასახა და სტუმრები დაწინაურდნენ - 7:0.
"ყოჩებმა" ნელ-ნელა სათამაშო ტემპს უმატეს და მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს. სანდრო ესაკიას
ჯერ მასპინძელთა ფეხჩუბინმა გარემარბმა სოსო მათიაშვილმა ზუსტად დარტყმული საჯარიმოთი შეამცირა ჩამორჩენა - 3:7, ხოლო 22-ე წუთზე "აკადემიას" ფულბეკმა დავით მაკაროვმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად გაჭრა მეტოქის თავდაცვის ხაზი, 30 მეტრი ირბინა და შედეგიანი პასი მიაწოდა ლევან კალანდარიშვილს, რომელმაც კიდესთან გაიტანა ლელო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 8:7.
"ყოჩებს" არ აწყობდათ მოვლენების ასე განვითარება და მათი მორკინალები გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდნენ. სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე მოიგეს დერეფანი, მშვენიერი მოლიც ააგორეს და უპირატესობაც მოიპოვეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი დროულად აიტაცა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ და მეორედ დაალელოვა მასპინძლები - 12:8.
გაშვებულმა ლელომ "აკადემია" დააბნია და უკანახაზელებმა ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რითაც "ყოჩებს" კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი საკუთარი ჰანდიკაპის გაზრდისა, თუმცა მასპინძლებმა მედგრად დაიცვეს თავი და მეტოქეს მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანის უფლება მისცეს - 15:8.
მატჩის მეორე ნახევარში ქარი გაძლიერდა, რომელიც ამჯერად აკადემიელთა სასარგებლოდ ქროდა.
მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ მიღებულმა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებამ აშკარად გაამართლა.
"აკადემია" პირველივე შესაძლებლობისთანავე მაღალ აბრაგანებს კიდებდა მეტოქის ნახევარზე და ცდილობდა, უკვე იქ შეეწუხებინა მოწინააღმდეგე. სტუმრებმა ნელ-ნელა დათმეს უპირატესობა როგორც სტატიკური მდგომარეობებისას, ასევე ღია თამაშისას, რითაც მშვენივრად ისარგებლა მასპინძელმა გუნდმა და ორი გატანილი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 14:15. ორივე შემთხვევაში თავი მათიაშვილმა გამოიჩინა.
65-ე წუთზე ამჯერად უკვე "ყოჩების" სამწვრთნელო შტაბმა განახორციელა რამდენიმე ცვლილება, რამაც ისევ დაუბრუნა სათამაშო უპირატესობა სტუმრებს. ისინი 10 წუთის განმავლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა რიგ შემთხვევებში ან მათი მგეზავი სოხაძე სცოდავდა დარტყმებისას, ანაც მორკინალთა ტექნიკური წუნი ერთვებოდა საქმეში.
მატჩისთვის განკუთვნილი დრო კი ამასობაში იწურებოდა. 78-ე წუთზე აკადემიელებმა საკუთარ ნახევარზე მოიპოვეს ჯარიმა, რომელიც გიორგი ქოპილაშვილმა აუტში გადაიტანა. დარტყმა მართლაც მშვენიერი გამოვიდა, მასპინძელმა გუნდმა ერთბაშად 60 მეტრი მოიგო. "აკადემიამ" საკუთარი დერეფანი მშვენივრად გაათამაშა, კარგი მოლიც ააგორა, რომელშიც მთელი გუნდი ჩაერთო, თუმცა ერთ მომენტში ბურთი ჩაიხურა და მატჩის მთავარმა არბიტრმა საფინალოდ ჩაჰბერა სასტვენს - 15:14.
"ყოჩებმა" მოპოვებული გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცეს საკუთარი პოზიციები საპლეიოფო ექვსეულში, ხოლო "აკადემია" მორიგი სანუგეშო ქულის მოპოვებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილამდე აღზევდა, ჩამოაქვეითა რა რუსთავის "ხარები".
აკადემია-ყოჩები 14:15
აკადემია (15-9) მაკაროვი, კალანდარიშვილი, სიჭინავა, ერაძე, მათიაშვილი (ჩაჩუა 45), ქოპილაშვილი, ჯ. ღამბაშიძე; (1-8) ფეიქრიშვილი, გეგია (წვერავა 57), მაზმიშვილი (ღამბაშიძე 67), გოგლიძე, ბერიკაშვილი (მოსეშვილი 56), ნიბლაძე, გოგოლაძე, შუბითიძე;
ლ: კალანდარიშვილი 3ს: მათიაშვილი
ყოჩები (15-9) შ. მახარაშვილი, კვარაცხელია (გოგოლაშვილი 41), ხარშილაძე, გაბუნია, ხუციშვილი (აბდუშელიშვილი 55), სოხაძე, ბეგაძე; (1-8) გოგიშვილი (გოგიძე 67), ხიდეშელი, შენგელია, ხვისტანი, გრძელიშვილი, მალაღურაძე (მაისურაძე 60), ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე;
2ლ: კვარაცხელია, ბეგაძე; გ,ს: სოხაძე;
მსაჯი: შოთა თევზაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"