საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "არმიამ" "ლოკომოტივი" დაამუხრუჭა

AutoSharing Option
განახლებული ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართა. ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების, ვიცე-ჩემპიონ "არმიასა" და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" შორის დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, "ლოკომოტივი" მეორე ტაიმში მაინც გატყდა და 15:24 დამარცხდა.

თუმცა თამაშის დასაწყისი სრულიად განსხვავებული შედეგის მომასწავებელი იყო. რკინიგზელებმა ასპარეზობა აქტიურად დაიწყეს და საწყის 15 წუთში 8:0 დაწინაურდნენ. ანგარიში "ლოკომოტივმა" მატჩის მე-6 წუთზე ვახტანგ კავთიძის საჯარიმოთი გახსნა. შვიდ წუთში კი რკინიგზელთა მორკინალების მიძალებით ცხრა ნომერმა ალეკო ზაბახიძემ ისარგებლა და არმიელთა ლელოში
შეაღწია - 0:8.

"არმიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ არ დააბნია. გუნდი ნელ-ნელა დალაგდა და მწყობრი, მრავალფაზიანი შეტევების ორგანიზება დაიწყო. 25-ე წუთზე არმიელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს და ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ანგარიშის შემცირება შეძლო - 3:8.

ოთხ წუთში კი, მომდევნო შეტევისას, "არმიამ" მოედნის მთელი სივრცის გამოყენებით და იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით რკინიგზელები საგრძნობლად შეავიწროვა. მარცხენა ფრთაზე არმიელებმა რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ ანგარიში გაქვითა. კობახიძემ ვერ გარდასახა - 8:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, თითქმის თამაშის ბოლომდე, "არმიამ" ბევრად უფრო მობილიზებული და შეკრული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ნახევრის საწყის ათ წუთში კობახიძემ ჯერ საჯარიმო დარტყმით დალაშქრა "ლოკომოტივის" კარი, მერე ცენტრიდან არეკნით დაჰკრა და სამი ქულა შემატა გუნდის მონაგარს - 14:8.

ექვს წუთში თავი ისევ კობახიძემ გამოიჩინა. "არმიამ" თითქმის ისეთივე კომბინაცია გაათამაშა, როგორიც პირველ ტაიმში, რომელსაც ლელო მოჰყვა. ამჯერადაც, რიცხობრივი უპირატესობა ისევ მარცხენა ფრთაზე შექმნა და მეტოქის დაცვის ხაზი სწორედ კობახიძემ გაჭრა. ლელოც თვითონ გარდასახა - 21:8. 63-ე წუთზე მანვე საჯარიმოც გაიტანა და "არმია" მეტოქისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახადა - 24:8.

"ლოკომოტივმა" ხელი მატჩის მიწურულსღა გამოიღო. რკინიგზელები დიდი ხანია, ტრადიციულ აიღე-მიეძალეს აღარ თამაშობენ. ამჯერადაც, მათი შეტევა უწინდელებზე გაცილებით საინტერესო და სწრაფი გამოდგა, რომელიც ლელოთი მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა დაასრულა და გარდასახვაც თვითონ გაიტანა - 15:24.

არმია-ლოკომოტივი 24:15

არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, გაგოშვილი, ნუცუბიძე, ნინიძე (ბაირამაშვილი 65), ღვინჯილია (ჯინაშვილი 62). (1-8) კაკოვინი (ქორიძე 64), მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 51), ზაქაშვილი (გურგენიძე 47), ცხადაძე, დ. ჩიტიძე, თხილაიშვილი (ჟღენტი 38), თავართქილაძე (დარასელია 54), ბ. ბიწაძე.
2ლ: ბ. ბიწაძე, კობახიძე. 3ს,გ,ა: კობახიძე.
სინბინი: ზაქაშვილი.
ლოკომოტივი (15-9) გ. ბიწაძე, თ. ჩიტიძე, ფ. გასვიანი (ქავთარაძე 47), კავთიძე, ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) დ. გასვიანი (ელოშვილი 30, ბალიაშვილი 63), გენებაშვილი, ზარიძე (კვანტიძე 51), ხოლუაშვილი, ტალახაძე (გეგია 46), ფოფხაძე (ახვლედიანი 63), თავბერიძე, ბერიშვილი.
2ლ: ზაბახიძე, ჭინჭარაული. ს: კავთიძე. გ: ჭინჭარაული.
სინბინი: ბერიშვილი
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული