SOS: ქუთაისის "ბაგრატი" მოედნის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ქუთაისის "დინამოს" სტადიონი

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის "ბაგრატი", რომელსაც გასულ სეზონში საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა (უმაღლესში გადასასვლელ პლეი ოფის შეხვედრებში "ბათუმთან" დამარცხდა), ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ბაგრატს" ფინანსურად არასდროს ულხინდა, თუმცა ამჯერად გუნდი სავარჯიშო მოედნის გარეშეა დარჩენილი და გათამაშების ლიდერ "აკადემიასთან" გასამართავი პრინციპული შეხვედრის წინ საწვრთნელი პროცესიც ჩაშლილია.

"ბაგრატის" მდგომარეობაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ბექა სხულუხია და მოთამაშე დავით ჭელიძე გვესაუბრნენ.

- რატომ შეგექმნათ სტადიონის პრობლემა?
- ქუთაისის 29-ე სკოლის მოედანზე ვვარჯიშობდით და თამაშებს "დინამოზე" ვატარებდით. რამდენიმე დღის
წინ სკოლის დირექციამ გამოგვიცხადა, რომ მოედანი ფეხბურთელებს უნდა გადასცენ.

ისედაც არანაირი ინვენტარი და პირობები არ გაგვაჩნია და ახლა მოედნის გარეშეც დავრჩით.

"ბაგრატს" ასაკობრივი გუნდებიც ჰყავს, რომლებშიც 200-მდე მორაგბე ირიცხება. რამდენიმე წევრი ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს, რომლებსაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ.

ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ბავშვების უმოედნოდ დატოვება მართლაც სამარცხვინო ფაქტია.

ყველას, ვისაც ხელეწიფება გუნდისთვის დახმარება, უმორჩილესად ვთხოვთ, გულთან მიიტანონ ჩვენი პრობლემა და დაგვეხმარონ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში. ფინანსურადაც გვიჭირს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, მოედნის პრობლემა მოვაგვაროთ.

- გუნდს ვინ აფინანსებს?
- რაგბის კავშირის მიერ გამოყოფილი 35 000 ლარით ვარსებობთ, რომელიც ხელფასებშიც, ჭამაშიც, მგზავრობაშიც და სამედიცინო მომსახურებაშიც უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მწირი თანხაა და შეუძლებელია, მთელი სეზონი ვიმყოფინოთ.

- "ბაგრატი" ვის საკუთრებაშია?
- სარაგბო კლუბი "ბაგრატი" გუნდის დღევანდელმა პრეზიდენტმა დავით იობიძემ ჩამოაყალიბა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მეუფე კალისტრატეა.

ჩვენი გუნდი საეკლესიო კლუბია და შვიდი წელიწადია, რაც არსებობს. ამ ხნის განმავლობაში პირველ ლიგაში სულ მოწინავე ადგილზე ვიყავით, რამდენიმე წელიწადია უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძვით, დასახულ მიზნამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი გვაკლდება და ესეც უფულობის გამო გვემართება.

საშუალება რომ ყოფილიყო, რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს დავიმატებდით და დღეს უმაღლეს ლიგაში ვიქნებოდით.

მაგრამ რთულია მიზანს მიაღწიო, როცა უსახსრობის გამო ყოველი სეზონის დასაწყისში ახლიდან გვიწევს გუნდის დაკომპლექტება. უხეშად რომ ვთქვათ, ქუჩიდან "ვხიკავთ" მორაგბეებს.

წლეულსაც საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ვიბრძვით, პირველ ადგილზე მყოფ "აკადემიას" სტუმრად ვეთამაშებით და თუ მოვიგეთ, უმაღლესში გადასვლის შანსები გაგვეზრდება. ასეთი ვითარებაა და სამწუხაროდ, ამ დროს სავარჯიშო მოედნის გარეშე დავრჩით.

დღეს ვარჯიში ჩაგვეშალა. ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიასაც მივმართეთ დახმარებისათვის და სხვა ორგანიზაციებსაც. გვპირდებიან, რომ მოედანს გამოგვიძებნიან, თუმცა მათი სიტყვები ჯერჯერობით დაპირებად რჩება.

- "დინამოს" სტადიონზე რატომ ვერ ვარჯიშობთ?
- "დინამო" ძალიან გადატვირთულია, იქ "აიას" ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობენ. ცუდ ამინდში დიდი გუნდიც იქ ემზადება, მუდამ დაკავებულია და იქ მხოლოდ სათამაშოდ შევდივართ.

ქუთაისის ახალ სარაგბო სტადიონზე კი ჩვენ არ გვიშვებენ, იქ მხოლოდ უმაღლესი ლიგის "აია" თამაშობს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- უამრავი პრობლემის მიუხედავად, გუნდის წევრებს ენთუზიაზმი არ დაუკარგავთ. მიუხედავად იმისა, რომ არც სტადიონი გვაქვს, არც ფინანსები და ვარჯიშიც ჩაგვეშალა, მომავალს მაინც იმედის თვალით შევცქერით.

იმედია, რაგბის მოყვარულები გვერდით დაგვიდგებიან და ამ პრობლემებს გავუმკლავდებით. ჩვენი მიზანი, უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან ერთად, ქუთაისში რაგბის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანაა.

დავით ჭელიძე ("ბაგრატის" მოთამაშე):

"ბიჭები ენთუზიაზმზე ვთამაშობთ, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძვით და ელემენტარული პირობაც კი არ გაგვაჩნია. საშინელ მინდორზე გვიწევდა ვარჯიში და ახლა ესეც სანატრელი გაგვიხდა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ შეგვიძლია, წარმატებას მივაღწიოთ და ელემენტარული პირობების არარსებობის გამო ვიჩაგრებით.

შეიძლება ითქვას, მოხეტიალე ცხოვრებას ვეწევით, ხან ერთ სტადიონს მივადგებით, ხან მეორეს. თუ დაკავებული დაგვხვდა, სხვა მოედნის ძებნას ვიწყებთ და ასეთ საშინელ ვითარებაში ვართ.

დაპირებები არის, მაგრამ ჯერჯერობით რეალურად არაფერი გაკეთებულა. ელემენტარულ პირობებს
ვითხოვთ და თუ ვინმე გვერდით დაგვიდგება, დიდი შანსი გვაქვს, რომ უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ქუთაისიდან საუკეთესოთა შორის ორი გუნდი რომ იქნება, ეს ქალაქისთვისაც საამაყო უნდა იყოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 2 /
იცით რა არის სამარცხვინოოო ??? ქუთაისი რომ რაგბის სამჭედლოა და ასეთი პრობლემების წინაშე დგება გუნდიი
qutaiseli
12 ნოემბერი 2014 00:22
0
ჰა ქუთათურთა "მუქთახორა,თანამდებობიანო მამა მარჩენლებო" ან საქართველოს რაგბის ფედერაციავ-რაო რას იტყვით მგონი ნიჟარაძეებიც იმერლებია არა?
Chicago
10 ნოემბერი 2014 19:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული