საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. მე-16 ტურის მატჩების შემდეგ მოწინავე ექვსეული საგრძნობლად უსწრებს დანარჩენებს, თუმცა პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებენ თბილისის "არმაზი" და გორის "ჯიქი".
აი, "არმიას" კი, როგორც ჩანს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველლიგელთან მოუწევს გადათამაშებაში ასპარეზობა. არმიელები მე-16 ტურში თბილისის "ლოკომოტივთან", მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი მოიგეს, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 13:26.
"არმიას" საკადრო პრობლემები გათამაშების მიწურულს მიეძალა. გუნდს სათადარიგო სკამი ძველებურად გრძელი აღარ აქვს და კარგად დაწყებულის ბოლომდე სათანადოდ
თამაში საინტერესოდ დაიწყო. ორივე გუნდი ერთობ აქტიურობდა, თუმცა დაცვაში ყურადღებით ირჯებოდნენ და ანგარიში მე-20 წუთამდე მშრალად შენარჩუნდა.
რკინიგზელებმა საკუთარ 22-მეტრიან ზონასთან თამაშის წესი დაარღვიეს და "არმიას" შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა - 3:0. ხუთ წუთში ლოკომოტიველებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს.
შალვა დავითაშვილი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთის ფეხით გამოტანას შეეცადა, მაგრამ "არმიას" მესამეხაზელმა ლევან დარასელიამ დაუფარა, ბურთი ლელოსკენ გადაგორდა, დარასელია მიჰყვა და კარის ძელებს შორის დაამიწა. მეკოკიშვილმა გარდასახა - 10:0.
ცხადია, მოვლენების ასეთ განვითარებას "ლოკომოტივი" არ შეეგუა. მისი შეტევები უფრო მწვავე, სანახაობრივად უკეთესი იყო. რკინიგზელები ხელდახელ ბურთაობით, იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით ცდილობდნენ ფონს გასვლას. 37-ე წუთზე ერთმა ასეთმა ხანგრძლივმა შეტევამ შედეგი გამოიღო. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მგეზავად მოთამაშე გიორგი შკინინმა ხაზი გაჭრა და ლელო ზედ კარის ძელთან გაიტანა. გარემარბმა დიმიტრი კალანდაძემ გარდასახა - 7:10.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეკოკიშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა საჯარიმოდან - 13:7.
შესვენების შემდეგ "არმიამ" საკუთარი მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლო. "ლოკომოტივს" კი 24 წუთის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას. რკინიგზელებმა ანგარიშში დაწინაურება მატჩის 64-ე წუთზეღა მოახერხეს. არმიელთა კარის წინ შერკინებაში ზედიზედ სამჯერ ერთი და იმავე წესის დარღვევის შემდეგ მატჩის არბიტრმა ლოკომოტიველთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კალანდაძეს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:13.
"არმია" ნელ-ნელა გატყდა. თამაშის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე ჯერ შეცვლაზე შესულმა ვახტანგ კავთიძემ გაიტანა მარჯვენა კიდესთან ახლოს ლელო, რომელიც კალანდაძემ ვერ გარდასახა - 19:13. მერე, ექვს წუთში, იმავე კალანდაძემ იყოჩაღა. მან მეტოქის ხაზი გაჭრა და საკმაოდ ეფექტური ლელო გაიტანა. გარდასახვა ამჯერად რკინიგზელთა კაპიტანმა ბექა წიკლაურმა დაარტყა ზუსტად - 26:13.
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVI ტური
ლოკომოტივი-არმია 26:13
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, კალანდაძე, ძნელაძე (გ. ბიწაძე 77), ჟამუტაშვილი (კავთიძე 67), ქავთარაძე, შკინინი, დავითაშვილი (კლიმიაშვლი 56). (1-8) დ. გასვიანი (ბალიაშვილი 50), კვანტიძე, ბეკოშვილი (ელოშვილი 52), ფ. გასვიანი, ცუხიშვილი, ფოფხაძე, ბერიშვილი, ბ. ბიწაძე.
4ლ: შკინინი, საჯარიმო, კავთიძე, კალანდაძე. 3გ: კალანდაძე (2), წიკლაური.
სინბინი: ბერიშვილი.
არმია (15-9) ჯინაშვილი, ჯიმუხაძე, ტუჩაშვილი, ძნელაძე (ცქვიტავა 69) ნოზაძე (ბრაჭული 78), ი. ჩხკვაძე, ღვინჯილია. (1-8) კაკოვინი (ტ. ჩხიკვაძე 60), მეკოკიშვილი, გურგენაძე (ჯინჭარაძე 60), სურგულაძე (უჩავა 72), ჟღენტი, დარასელია (დაუშვილი 60), თავართქილაძე, ვერტელეცკი.
ლ: დარასელია. 2ს,გ: მეკოკიშვილი.
სინბინი: ჯიმუხაძე.
მსაჯი: შოთა თევზაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"