დიდი 10. XV ტური: დიდი ბრძოლა, ნაკლები სანახაობა

AutoSharing Option
"აიასთვის" "არმია" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, ამ გუნდებს შორის, რაოდენ განსხვავებული მიზნებისთვისაც უნდა იბრძოდნენ ისინი, ყოველთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს.

გამონაკლისი "დიდი 10"-ის მე-15 ტურის შეხვედრაც არ ყოფილა. "აია არენის" მეორე ბუნებრივსაფარიან მოედანზე გამართული თამაში ძალიან ნერვული და ემოციებით დატვირთული გამოდგა, დაძაბულობა და მუშტი-კრივი შეხვედრას არ მოჰკლებია; აი, სანახაობრივ მხარეს რაც შეეხება, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. ორივე გუნდი საკმაოზე ბევრ შეცდომას უშვებდა და კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე ძალზე სახიფათოდ შეუტიეს. იოსებ კიკვაძემ ფეხით
შეიგდო ბურთი, კარგადაც დაიჭირა და სტუმართა ხაზი გაჭრა. გიორგი აფციაურმა კიკვაძე წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯისგან სინბინითაც დაისაჯა, ქუთაისელებმა კი სალელოვე შეტევის გაგრძელებას ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმა ამჯობინეს. ბურთთან 16 წლის თედო აბჟანდაძე მივიდა, რომელიც ორიოდე თვის წინ ჭაბუკთა ლიგაზე ასპარეზობდა და "აიას" ძირითადშიც იქიდან დაწინაურდა. ახალგაზრდა მგეზავმა ბურთი ძელებს შორის გაატარა - 3:0.

რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი შეტევისას, აბჟანდაძემ კარგი პასი გაუკეთა თორნიკე მანაგაძეს, რომელმაც მოედნის ცენტრთან ახლოს სტუმრებს ხაზი გაუჭრა, კარგი სპრინტერული მონაცემების წყალობით ნახევარი მოედანი ისე გადასერა, მდევრები არ მიიახლოვა და სტუმართა ჩათვლის მოედანშიც დაამიწა - 8:0. აბჟანდაძემ რეალიზაცია ვერ გარდასახა.

მალე ანგარიში არმიელებმაც "დაასველეს", ურჯუკაშვილმა საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა - 8:3.

"აია" კვლავ ფლობდა უპირატესობას. ქუთათურებმა შეტევისას აბჟანდაძეს დერეფანი გაუთავისუფლეს, ამან კი დაახლოებით 40 მეტრიდან მოულოდნელად არეკნი დაჰკრა და გაიტანა - 11:3.

წუთიც არ იყო გასული, რომ ურჯუკაშვილმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში ისევ შეამცირა - 11:6. ურჯუკაშვილმა ტაიმის ბოლო ორი წუთის განმავლობაში ზედიზედ სამი საჯარიმო დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა ბედად, ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ორი ააცილა, ერთი კი ძელს გაარტყა.

მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლების უპირატესობით განახლდა, რიონისპირელთა სამფაზიანი შეტევა იოსებ კიკვაძემ დააგვირგვინა, რომელმაც ცრუმოძრაობით ბეკები დააბნია და ლელო გაიტანა, რასაც აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა -18:6.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ურჯუკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა - 18:9.

თანდათან მოედანზე მდგომარეობა დაიძაბა. პირველი შეხლა-შემოხლა აიელებსა და არმიელებს შორის მე-60 წუთზე მოხდა, რაც ჩხიკვაძისა და ფრუიძის მოედნიდან გაძევებით დასრულდა.

64-ე წუთზე მასპინძლებს თითქოსდა ჩაეძინათ, თბილისელები ძალზე მარტივად აღმოჩნდნენ "აიას" ჩათვლის მოედანთან ახლოს. ურჯუკაშვილი მეურვეებს გაექცა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა, გარდასახვაც თავადვე გამოიყენა და ანგარიში 2 ქულამდე შეამცირა - 18:16.

ცოტა ხანში მოედანზე ვითარება ძალიან დაიძაბა და შეხლა-შემოხლა ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა. მსაჯებმა მორაგბეები ძლივს დააშოშმინეს, თამაში დაახლოებით 3 წუთი იყო შეჩერებული. საბა აბულაშვილმა ქუთაისელ ჟორჟი სალდაძეს წითელი ბარათი აუფრიალა, ლოსაბერიძე, გოგლიძე და მეკოკიშვილი კი ყვითელ ბარათებს დააჯერა.

მატჩის დამთავრებამდე 7 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და გუნდებმა შეხვედრა 12:12 კაცით ჩაამთავრეს.

დიდი 10. XV ტური
აია-არმია 18:16
აია (15-9) კიკვაძე, ფრუიძე, მანაგაძე (სინაურიძე 46), ირემაძე (ბ.ტორაძე 48), არაბიძე, აბჟანდაძე, თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ცქიფურიშვილი 76), ლომსიანიძე (გ.უფრ.ტორაძე 45), ჩიტეიშვილი, შალამბერიძე (სალდაძე 28), მარშანია, რევიშვილი, დ.ლოსაბერიძე
2ლ: მანაგაძე, კიკვაძე. ს,ა,გ: აბჟანდაძე
სინბინი: დ.ლოსაბერიძე
გაძევება: ფრუიძე, სალდაძე.
არმია (15-9) აფციაური, ჯიმუხაძე, ჩხიკვაძე, ურჯუკაშვილი, გ.ზიბზიბაძე, ჯინაშვილი (მახარაშვილი 51), როხვაძე; (1-8) ქორიძე, მეკოკიშვილი, ფსუტური, სურგულაძე (ოდიშვილი 78), ქარუხლიშვილი (გოგოლაძე 74), ნიბლიძე (გოგლიძე 45), დაუშვილი, დარასელია
ლ: ურჯუკაშვილი. 3ს,გ: ურჯუკაშვილი
სინბინი: აფციაური, გოგლიძე, მეკოკიშვილი.
გაძევება: ჩხიკვაძე
არბიტრი: საბა აბულაშვილი

სხვა მატჩები
ხარები-ლელო 20:8
ბათუმი-ლოკომოტივი 15:17
არმაზი-ჯიქი 5:15
ყოჩები-აკადემია 21:10

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 15 11 1 3 +64 49
2. ლოკომოტივი 15 10 1 4 +66 47
3. ჯიქი 15 9 1 5 +82 45
4. ყოჩები 15 10 0 5 +40 44
5. ბათუმი 15 9 1 5 +40 44
6. აია 15 8 2 5 +26 40
7. ხარები 15 5 0 10 -62 25
8. აკადემია 15 5 0 10 -85 24
9. არმია 15 3 1 11 -77 22
10. არმაზი 15 1 1 13 -94 13

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული