ქუთაისის "აიას" სიახლეები: ახალი მწვრთნელი და ახალი მორაგბეები

AutoSharing Option
შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუთაისის "აიაში" ბევრი რამ შეიცვალა. ქუთაისური გუნდი ახალი სარაგბო სეზონისთვის განახლებული სამწვრთნელო შტაბითა და შემადგენლობით ემზადება.

"აიას" მთავარ მწვრთნელად ქუთაისური გუნდის ყოფილი მორაგბე, 34 წლის ბექა ყურაშვილი დაინიშნა, რომელსაც "აიაში" არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- თავდაპირველად თქვენს სარაგბო კარიერაზე ვისაუბროთ. თამაში ქუთაისის "აიაში" დაიწყეთ და მორაგბის კარიერა შარშანწინ ამავე გუნდში დაასრულეთ, თუმცა, იქამდე არაერთ გუნდში იასპარეზეთ, ხართ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე იყავით და ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად თამაშობდით...
- ქუთაისის "აიას" ძირითად გუნდში 17 წლის ასაკში მოვხვდი და იმავე წელს გუნდთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვე. ვთამაშობდი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში, ჩილეში მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფის ჩემპიონები გავხდით.

სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ბათუმის "დათვებში" გადავედი, სადაც ერთი სეზონი ვითამაშე. ძლიერი გუნდი გვყავდა, ჩემპიონები გავხდით და თასიც მოვიგეთ. "დათვებში" ყოფნისას საქართველოს ახალგაზრდულ (21-წლამდელთა) ნაკრებში მოვხვდი. სამწუხაროდ, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე ფინალი დავთმეთ და მეორე ადგილს დავჯერდით. იქ ასპარეზობისას ტრავმა მივიღე და 7 თვე ვიუქმე.

გამოჯანმრთელების შემდეგ ერთი სეზონი რუსეთის სუპერლიგის გუნდ "ნოვოკუზნეცკში" გავატარე.

შემდეგ კვლავ სამშობლოში დავბრუნდი, თბილისის "ლოკომოტივის" წევრი გავხდი, სადაც ორ წელიწადზე მეტი ვითამაშე. ორჯერ ჩემპიონები გავხდით და თასიც ავიღეთ. "ლოკომოტივიდან" ისევ რუსეთში წავედი და 7 წლის განმავლობაში "ნოვოკუზნეცკის" რიგებში ვთამაშობდი.

საქართველოში 2013 წელს დავბრუნდი, "აიას" რიგებში ჩავირიცხე და ქუთაისურ გუნდთან ერთად მე-3 ადგილზე გავედი. ჩემთვის წარმატებული სეზონი იყო იმ მხრივაც, რომ 13 ლელოთი ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე გავხდი.

"აიაში" 2015 წლამდე ვითამაშე და გადავწყვიტე, რომ მორაგბის კარიერა დამესრულებინა. ასაკიც დიდი მქონდა და უკვე დრო იყო, ახალგაზრდებისთვის დამეთმო ასპარეზი. გადავწყვიტე, რაგბიში სხვა კუთხით მეცადა ძალები. ჩავაბარე მწვრთნელთა პირველი და მეორე დონის გამოცდები, ავიღე ლიცენზია და მწვრთნელობის უფლება მოვიპოვე. გასული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "აიას" მწვრთნელობა შემომთავაზეს.

- "აიას" სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულ ცვლილებებს სხვადასხვა ხმა მოჰყვა. ბევრის აზრით, მწვრთნელის შეცვლა გასულ წელს გუნდის არასტაბილური ასპარეზობის გამო მოხდა. რეალურად რა იყო ცვლილებების მიზეზი?
- ეს არ არის მართალი, გუნდიდან არავინ წასულა. ბესიკ ხამაშურიძე და კობა გიორგაძე "აიაში" წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობენ, უდიდესი გამოცდილება აქვთ, მათ ხელში "აიამ" ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ახალი გუნდის დაკომპლექტება უხდებოდათ, "აია" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. ისინი არსად წასულან, ბესიკ ხამაშურიძე "აიას" სპორტული დირქტორია, კობა გიორგაძე კი, გუნდის მენეჯერი.

უბრალოდ, გვინდოდა გუნდში რაღაც სიახლეები შეგვეტანა, ვისაუბრეთ და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა მთავარი მწვრთნელი, ვინ ასისტენტი და ვინ მენეჯერი, სახეები ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი გუნდური პრინციპით მუშაობაა.

ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, რომ "აიამ" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

- ახალი სამწვრთნელო შტაბი როგორ დაკომპლექტდა, თქვენი ასისტენტები ვინ იქნებიან?
- სამწვრთნელო შტაბში არიან: ხაზის მწვრთნელი ლევან შარვაშიძე და შერკინების მწვრთნელი ირაკლი დგებუაძე. ფიზმომზადების მწვრთნელად მოვიწვიეთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნემსაძის ძმა, დავით ნემსაძე, რომელიც წლების მანძილზე ინგლისში ცხოვრობდა და იქ ფიზმომზადებაში სერიოზული კურსები აქვს გავლილი.

პლუს ამას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდის მენეჯერია კობა გიორგაძე და დირექტორი ბესიკ ხამაშურიძე, რომლებიც თავიან დიდ გამოცდილებას გვიზიარებენ.

- როგორც ვიცით, გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა. მათი უმრავლესობა მეორე ქუთაისურ გუნდში, "ბაგრატში" გადავიდა, რომელმაც წლეულს მოიპოვა "დიდ 10"-ში ასპარეზობის უფლება, ამის გამო გუნდებს შორის გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობენ...
- არა, რა დაპირისპირება?! ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, გუნდიდან გუნდში გადადიან მოთამაშეები, ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, სპორტსმენებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მათ აზრს პატივს ვცემთ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოთამაშეები "ბაგრატში" განათხოვრების წესით ითამაშებენ. კვლავ "აიას" წევრებად ითვლებიან და ერთი წლით გვყავს განათხოვრებული.

- საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ფრუიძე და ახალგაზრდა მგეზავი რეზი ჯიჭველაშვილი კარიერას "ბაგრატში" განაგრძობენ. მათ გარდა, კიდევ ვინ დატოვა "აია"?
- ძმები გიორგი და ბექა ტორაძეებიც "ბაგრატში" ითამაშებენ. "ბათუმში" გადავიდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მატკავა. თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელი არ შეგვიშლია. ძალიან კარგი ადამიანია, დიდად ვაფასებთ, "აიასთვის" ბევრი აქვს გაღებული და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ.

როგორც ვთქვით, გუნდიდან გუნდში გადასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით.

- საფრანგეთში აპირებდა გადასვლას მიხეილ ბაბუნაშვილი. მისი საკითხი როგორ გადააწყდა?
- ბაბუნაშვილი "აიაში" დარჩა, სეზონის ბოლომდე გუნდში იქნება და "აიას" დიდად დაეხმარება.

საერთოდაც, ზოგიერთი ლიდერის წასვლის მიუხედავად, გუნდის მთავარი ბირთვი შევინარჩუნეთ და კარგი შევსებაც მივიღეთ.

- გუნდში ახალი მორაგბეებიც დაიმატეთ. რა სიახლეებია ამ მხრივ და რამდენად მოახერხებენ ისინი გუნდიდან წასული ლიდერების შეცვლას?
- დავიმატეთ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. "აიაში" ითამაშებს პირველხაზელი ზაზა ხარებავა, რომელიც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა. ბოლოს თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", მაგრამ ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გაუცდა, ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაცია გაირა და ჩვენთან დაიწყო ვარჯიში. უკვე სრული დატვირთვით ემზადება.

რუსთავის "ხარებიდან" დავიმატეთ მესამეხაზელი ჟორა მღებრიშვილი, ძალიან სასარგებლო მოთამაშე, რომელიც ჩვენს ტაქტიკურ მონახაზში კარგად ჯდება.

ქუთაისის "უნივერსიტეტიდან" გადმოვიყვანეთ პირველი ხაზის მოთამაშეები ბაქარ ბურჯალიანი და პეტრე ჯინჭარაძე, რომლებიც ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭები არიან. "აიაში" დაბრუნდა გამოცდილი უკანახაზელი ზურაბ ძნელაძე, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

"არმიადან" დავიბრუნეთ გამოცდილი მოთამაშეები, ნაკრების ყოფილი წევრები გიორგი როხვაძე და ირაკლი ჩხიკვაძე. ისინიც წლების წინ "აიაში" თამაშობდნენ. ვფიქრობთ, რომ გამოცდილი მოთამაშეებით საკმაოდ გავძლიერდით. ვცდილობთ, ახალგაზრდა და გამოცდილი მორაგბეების ნაზავი გავაკეთოთ და გუნდი კარგად დავაბალანსოთ.

- "აია" ასაკობრივი გუნდებიდან ყოველწლიურად საკმაოდ კარგ შევსებას იღებდა. ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდებიდან წლეულს თუ ვიხილავთ ვინმეს მთავარ გუნდში?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდა მორაგბეების იმედი ყოველთვის გვქონდა და ასეც გაგრძელდება.

A ლიგის გუნდიდან, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ჩვენთან ერთად გადის შეკრებას არსენ მაჩალაძე. მან ახლახან საფრანგეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში იასპარეზა და გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.

გარდა ამისა, ჩვენთან ვარჯიშობს თედო აბჟანდაძე, რომელსაც "აიაში" უკვე ჰქონდა დებიუტი, გასულ ჩემპიონატში ორი შეხვედრა ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩვენთან ერთად ვარჯიშობს ორი ახალგაზრდა მორაგბე ნიკა წივწივაძე და ოთარ ძაგნიძე, ცნობილი მორაგბის ემზარ ძაგნიძის ვაჟი... ორივე 17 წლისაა, ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან და გვჯერა, რომ გუნდს სარგებელს მოუტანენ.

- ახალი სეზონისთვის მზადება როდის დაიწყეთ?
- გასული სარაგბო სეზონის დასრულების შემდეგ მორაგბეები 3 კვირით შვებულებაში გავუშვით.

მაისის შუა რიცხვებში შევიკრიბეთ, დავიწყეთ მსუბუქი, სახალისო ვარჯიშები, რომ მორაგბეებს წონის პრობლემა არ ჰქონოდათ. შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ბიჭები ისევ დავასვენეთ და 11 ივლისს შევიკრიბეთ. ახლა ძირითადად ფიზიკურ მომზადებას გავდივართ, კვირაში 4-ჯერ ბურთითაც ვვარჯიშობთ, ფიზიკურ დატვირთვებთან ერთად ტექნიკური ნიუანსების დახვეწაც მიმდინარეობს.

8 აგვისტოს ბაკურიანში შეკრებაზე მივდივართ, სადაც 40 მოთამაშე მიგვყავს. შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია და სავარაუდოდ, მეტი ცვლილება არ იქნება. სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, ადგილობრივი გუნდებიდან მოთამაშეებს ვეღარ დავიმატებთ.

მხოლოდ უცხოეთიდან, უგუნდოდ მყოფი მორაგბის დამატება შეგვიძლია. თუმცა, ვფიქრობ, გუნდი საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული და მორაგბეების დამატების საჭიროება არ გვაქვს.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა და ამ ეტაპზე რთულია რაიმე მიზნებზე საუბარი, თუმცა, ალბათ, გარკვეული მონახაზი გექნებათ, თუ რა შედეგისთვის იბრძოლებს "აია" მომავალ სეზონში...
- ჩვენ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, მაგრამ კონკრეტული მიზანი რეგულარულ ჩემპიონატში პირველ სამეულში მოხვედრაა. ეს საშუალებას მოგვცემს პლეი ოფში საკუთარ არენაზე ვითამაშოთ. პირველ რიგში, ეს უნდა შევძლოთ, დანარჩენზე კი შემდეგ ვიფიქრებთ.

- საქართველოს ჩემპიონატის სხვა გუნდებში მიმდინარე პროცესებს თუ ადევნებთ თვალს და როგორ ჩემპიონატს ელოდებით?
- საკმაოდ გაძლიერდა თბილისის "ლოკომოტივი", კარგ გუნდს აკეთებს გორის "ჯიქი", უცხოელი ლეგიონერებით გაძლიერდა "ბათუმი", რა თქმა უნდა, კვლავ ფავორიტთა შორის იქნება "ლელო", რომელიც ბოლო ოთხი წელიწადია ჩემპიონის ტიტულს არ თმობს. მით უმეტეს, რომ "ლელოს" კარგი სკოლა აქვს და კარგ შევსებასაც იღებს...

ვფიქრობ, ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იქნება, ფავორიტის დასახელება რთულია, ყველა გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, იქნება საინტერესო და დაძაბული შეხვედრები.

ჩვენ ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ "აიამ" წარმატებით იასპარეზოს და ის შედეგი აჩვენოს, რასაც ქუთაისური რაგბის ტრადიციები იმსახურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგია, იქნებ სხვა გუნდებზეც დაწეროთ ანალოგიური ცნობები.
zangura
17:28 29-07-2016
0
ბათუმზე დაწერეთ, საინტერესოა ვინ დაიმატა უცხოელები.
anti
09:14 31-07-2016
0

სიახლეები პოპულარული