ივნისის ტესტები: "ბორჯღალოსნები" აშშ-ს ჯორჯიაში დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტებზე მეორე მატჩს 17 ივნისს, აშშ-ს ნაკრებთან ქენესოში, ქენესოს უნივერსიტეტის სტადიონზე (Fifth Third Bank Stadium) გამართავენ.

ივნისის ტესტებზე ეს მატჩი მეორე იქნება ორივე გუნდისათვის. 10 ივნისს "არწივები" ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობენ, ხოლო "ბორჯღალოსნები" ქალგარში კანადას ეთამაშებიან.

ქალაქი ქენესო ჯორჯიის შტატში მდებარეობს და 32 კილომეტრითაა დაშორებული ატლანტადან. Fifth Third Bank Stadium-ი 9 ათას მაყურებელს იტევს, მისი მოედნის ბუნებრივი საფარი კი ქვეყანაში საუკეთესოა და ბოლო ორი წელია ნომინაციის - "წლის მოედანი" გამარჯვებული ხდება.

"არწივებმა" ამ სტადიონზე ბოლო მატჩი 2014 წელს ჩაატარეს,
ურუგვაი განმეორებით მატჩში დაამარცხეს და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს. ამავე სტადიონზე 2014-2016 წლებში სამჯერ გაიმართა მსოფლიო სერიის ეტაპი რაგბი 7-ში ქალებს შორის.

აშშ-სა და საქართველოს ნაკრებების დასწრების მსურველებმა usarugby.org/Tickets-ზე 22 მარტიდან რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ხოლო ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან იწყება.

"მოხარულები ვართ ატლანტაში დაბრუნებით და ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება, რადგან სერიოზული მეტოქის, საქართველოს წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში" - განაცხადა "არწივების" მენეჯერმა დეივ ჰოჯესმა.

ჯონ მიჩელის გაწვრთნილმა "არწივებმა" 2017 წლის ამერიკის ჩემპიონატზე ოთხი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

აქამდე "ბორჯღალოსნებსა" და "არწივებს" ერთმანეთში 4-ჯერ უთამაშიათ და 3-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბოლო შეხვედრა 2013 წელს, რუსთავში გაიმართა და ბოლო წუთზე მომხდარი გაუგებრობით და ჯარიმით აშშ-მ 25-23 იმარჯვა.

მიჩელის გუნდისთვის 17 ივნისს საქართველოსთან გასამართი შეხვედრა ბოლო რეპეტიცია იქნება და 24 ივნისსა და 1 ივლისს აშშ კანადასთან 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებს გამართავს.

"მოუთმენლად ველით ზაფხულის ტესტებს და ახალ გამოწვევებს. ირლანდიამ ახალი ზელანდია და ინგლისი დაამარცხა, ხოლო საქართველო მსოფლიო რეიტინგში დამსახურებულად იკავებს მე-12 პოზიციას. მათი ძლიერი მხარე შერკინებაა და ბოლო წლებში ამ კომპონენტში ჩვენც გავიზარდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი თამაში ყოველმხრივ დაგვეხმარება და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ვეცდებით ეს თამაშები საუკეთესოდ ჩავატაროთ და შევქმნათ ფუნდამენტი, რომელსაც მოგვიანებით კანადასთან გამოვიყენებთ" - თქვა მიჩელმა.

აშშ-სთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლებენ, სადაც 24 ივნისს არგენტინის ნაკრებს შეხვდებიან. ქართველი მორაგბეები სამხრეთში ამის შემდეგაც დარჩებიან, შემადგენლობა გადახალისდება და საქართველოს A ნაკრები არგენტინის A ნაკრებთან და ურუგვაისთან ორ შეხვედრას გამართავს.

ფოტოს ავტორი: ნიკა ფანიაშვილი
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფედერაცია მუშაობა კომენტარების კეთებაა მარტო, უკვე ასე მგონია.
ყველა სარაგბო ქვეყანა შვიდკაცას განვითარებას მიაწვა,მას შემდეგ რაც ოლიმპიური სახეობა გახდა, რუსეთმაც კი გააკეთა უკვე კარგი გუნდი, ჩვენებს ყურიც არ შეურტყავთ!!!!!! ქართული სიზარმაცე და დაუდევრობა!
Gela
23 მარტი 2017 11:40
0
რად გინდა,ისინი უკვე როგორ ემზადებიან, ჩვენ კი წამყვანი მოთამაშეების შეკრების პრობლემა შეგვექმნება. რა გამოდის? ძირითადი მოთამაშე ვერ იღებს ამგვარ გამოცდილებას. გორგოძეს არ შჭირდებოდა ოკეანის ტურნეს გამოცდილება? აი ამ გულგრილობამ წაგვაგებინა რუმინეთან და თუნდაც იაპონიასთან.
dk
23 მარტი 2017 10:46
0
აი ეს არის ამათი დემოკრატია... ვითომ თანაბარ მდგომარეობაში ვართ ე.წ. 2-ე დონის სარაგბო ქვეყნები და აგერ მისი აღმატებულება ირლანდიის ნაკრები ძალიან კარგადაც მიბრძანდება ამერიკაში სათამაშოდ აშშ-ს ნაკრებთან, ხოლო ჩვენ, რაგბის მამებმა მსგავსი პერსპექტივა 2020 წლისთვის დაგვიგეგმეს მხოლოდ, ისიც ჯერ ბოლომდე არ ვიცით რა და როგორ იქნება მაგ დროისთვის....
ლევანი
23 მარტი 2017 10:03
0
საქართველო არავის არ ეხატება გულზე სამწუხაროდ! ირლანდიას შეძლებია კონტინენტს მიღმა მოაწყოს ტურნე აშშ-ს ნაკრებთან რომელიც ჩვენზე გვარიანად უკანაა რეიტინგში. ჩვენ ამდენი წლის მანძილზე იმას მივაღწიეთ,რომ ხვალივით გადმოგვიგდეს ერთი ტესტი წელიწადსი და ისიც სტუმრად. აცვენი ფედერაციაც კარგად მუშაობს. ჩრდილოელები ჩვენს ხარჯზე წაიწევიან წინ რეიტინგში....
Torino
22 მარტი 2017 22:46
0
კარგი იქნებოდა N.Y.რომ ყოფილიყო მაგრამ არა უშავს მაქაც ჩამოვალთ.ეხლა დავხედე კალენდარს შაბათი უწევს კარგია
კახა ქირია
22 მარტი 2017 21:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული