გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნების" ექვსწლიანი ჰეგემონია ბუქარესტში დასრულდა. წინ ივნისის ტესტებია. იქამდე კი ევროპის 18-წლამდელთა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებია. დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებაც.

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ქომაგებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

არასწორი სელექცია?
ვიგრძენი, რომ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ქომაგებთან და მედიასთან არის საჭირო შეხვედრა. ვფიქრობ, ინფორმაციისა და აზრთა გაცვლა ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მინდა დავიწყო იმ ნეგატივით, რომელიც ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშმა დატოვა.
საქმე მარტო მარცხში არ არის. მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი არც ჩვენთვის, არც ქომაგებისთვის და არც თვითონ მორაგბეებისთვის.

ცხადია, გვქონდა მილტონ ჰეიგთან საუბარი ამ თემაზე. მან თქვა, რომ ნაკრებში საჭიროა როტაცია და ახალგაზრდა მორაგბეების გამოცდა. დიახ, ახლა რომ არ გამოგვეცადა ახალგაზრდა მორაგბეები, ჩვენ ვკარგავდით ერთ წელიწადს მსოფლიოს თასისთვის მზადების კონტექსტში. თუმცა, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდის პირობებშიც შეიძლებოდა უკეთ თამაში და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგება.

ცხადია, აზრთა სხვადასხვაობაა თვით მწვრთნელთა შტაბშიც შერჩეულ ტაქტიკასა და სელექციაზეც. ეს მუშა პროცესია.

მილტონ ჰეიგთან კონტრაქტი 2+2 წელიწადია. წლის ბოლოს გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ, განვაგრძოთ მასთან კონტრაქტი თუ არა. არ მინდა, ეს ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს რაგბის კავშირს ჰეიგის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. იმას, რაც ზემოთ ვთქვი, კონტრაქტი გვავალდებულებს.

დანაპირები არ შესრულდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ შეგვისრულა დანაპირები და ახალი ათი სავარჯიშო სარაგბო მოედნის მოწყობა ვერ მოხერხდა. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პროექტი ერთი წლის განმავლობაში ორ ეტაპად მაინც განხორციელდება. დამატებით კიდევ ათი სარაგბო ბაზა ათეულობით ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას ნიშნავს.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციას, ძმებ კოკაიებს, თენგიზ სულაქველიძეს და კარლო მჭედლიძეს, რომლებმაც თავიანთი ბაზები დაგვითმეს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდებისთვის სავარჯიშოდ.

მატჩები გაიმართება ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში. თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მეორე მხრიდან ტრიბუნა ემატება. მატჩების ნაწილი ვაკის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისში კი მატჩებს "აია არენა" უმასპინძლებს.

თამამად შემიძლია გთხრათ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ქართულმა პროექტმა გაამართლა. ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი თანამოაზრეები არიან, ძალიან გაიზარდნენ. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომლებმაც შარშანაც ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მათ უკვე აქვთ გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ეს გუნდი, ამჯერად, უფრო ხარისხიან თამაშსაც აჩვენებს.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს წლეულს 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე. კარგი თაობაა, რომელიც, იმედი მაქვს, უფრო მაღალი დონის რაგბის ითამაშებს. ხვალ პირველი თამაში აქვთ კანადასთან და ვნახოთ, რა მოხდება.

ბიუჯეტი პრობლემურია
შარშან ბიუჯეტი 14 მილიონამდე გვქონდა. წლეულს გაზრდილი განაცხადი გავაკეთეთ, დაახლოებით 25 მილიონამდე მოვითხოვეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ინფლაციით გამოწვეული დანაკლისი შეგვევსო და გუნდებისთვის საბაზო დაფინანსება გაგვეზარდა, მაგრამ იგივე დაგვიტოვეს. ამჟამად კლუბების საბაზო დაფინანსება 400 ათასი ლარია, პრემიის სახით კი, 500 ათასი თამაშდება.

შემოდგომიდან ტელეკომპანია "რაგბი ტივი" საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩს გადასცემს. შესაბამისად, გაჩნდება სარეკლამო არეალი, რომელიც კლუბებს შეუძლიათ პოტენციურ სპონსორებს შესთავაზონ. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ "რაგბი ტივის" ხელს, რათა განვითარდეს და ამით რაგბის პოპულარიზაცია, გნებავთ, დაფინანსება გაიზარდოს.

აქვე მინდა ერთი სიახლე გავთქვა: ჩვენი ძალებით მოვიძიეთ სპონსორი და საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება ფასიანი. ანუ გამარჯვებული მიიღებს სოლიდურ თანხას. რამდენი იქნება საპრემიო თანხა და ვინ არის სპონსორი, მოგვიანებით გაცხადდება.

შესაბამისად, ჩემპიონ გუნდს მიეცემა შანსი, ევროთასების გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

გვეღირსება ჩელენჯ კაპი?
ჩელენჯ კაპის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ადგილი გვაქვს. აქამდე მასზე უარს ვამბობდით და ჩვენს კვოტას სხვა იყენებდა. ამჯერად ორგანიზატორებს მონაწილეობაზე თანხმობა შევუთვალეთ. ამას რომ ვაკეთებდით, ზურგს არაფერი გვიმაგრებდა.

მართალია, ჯერ ახალ ფორმატზე მუშაობენ და ის ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფინანსების გარეშე იქ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება. ამასთან ერთად, შესაძლოა გამოჩნდნენ სპონსორები, დაგვეხმაროს თბილისის მერია და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ ბრძოლაში ვართ, უკან არ ვიხევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მილტონის გაშვებაზე საუბრი წაგებული თამაშის გამო არასწორია. შარშან მამუკა გოგრგოძემაც იგივე აზრი გამოთქვა როცა ახალგაზრდების როტაციაზე ისაუბრა. ფაქტია ჰეიგის ხელში გუნდმა ყოველმხრიმ მოუმატა.

რაც შეეხება ქართული კლუბების ევროტურნირში მონაწილეობას თავისთავად მისასლმებელია. აღნიშნული ინტერესს და მაყურებელთა დასწრებას კიდევ უფრო გაზრდის.
0
ჰეიგი ძალიან მაგარია, მელიტონა კი არა სვანიძეა გასაშვები, მოვიდა და დიწყო ერევდარევა, რა უნდა მაგის ძმიშვილის ნაკრებში? ნიჟარაძე ამას აკეთებდა? მოიყვანა თავის ახლობლები და ახლა ჰეიგს აბრალებს. სირცხვილია, დააბრუნეთ ნიჟარაძე
giorgi
19:42 08-04-2017
0

სიახლეები პოპულარული