"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში "ბორჯღალოსნები" არგენტინას, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშებიან.

ჰუჰუიში შეხვედრა 24 ივნისს, საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი "ტელე იმედზე" გაიმართება.

მეხუთედ არგენტინასთან
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ "მსოფლიო რაგბიმ" "ბორჯღალოსნებს" პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, მსოფლიო თასს მიღმა ბობოლებთან მეოთხედ ვთამაშობთ და მეორედ არგენტინასთან. პირველად 2013 წელს, სწორედ არგენტინას შევხვდით და მასპინძლებმა სან ხუანში მატჩის მიწურულს დადებული ლელოთი 29:18 იმარჯვეს.

მას შემდეგ იყო ვიზიტი დუბლინში (2014 წელს ირლანდიასთან) და ქილმარნოქში (2016 წელს შოტლანდიასთან) და
ახლა კვლავ "პუმებს", არგენტინის ჩრდილოეთით ჰუჰუიში ვეთამაშებით.

დღემდე სამხრეთამერიკელებთან 4-ჯერ გვითამაშია, სამჯერ მსოფლიო თასზე (2007, 2011 და 2015 წლები) და გამარჯვება ყველა ჯერზე მეტოქეს დარჩა.

მჭედლიძე ბრუნდება
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, შემადგენლობა უძლიერესია.

განვლილ ორ კვირაში "ბორჯღალოსნებმა" ჩრდილოეთ ამერიკაში ორი თამაში გამართეს და კანადასა და აშშ-სთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოიპოვეს: პირველს ქარიან ქალგარში 13:0, ხოლო მეორეს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ. ორი ტესტი ითამაშა არგენტინამ შესუსტებულ ინგლისთან ("ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ახალ ზელანდიაში ტურნეს გამო) და ორივე ჯერზე ბრძოლაში დამარცხდა - 34:38 და 25:35.

ჩვენი შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ერთი კვირის წინ აშშ-სთან მოგებულ შეხვედრაში იყო. ხაზში ერთი ცვლილებაა - სასტარტოში ბრუნდება გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ნაკრების კვართით შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ერთი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, რომელიც განვლილ შეხვედრაში დაშავდა, თამაშს სოსო ბეკოშვილი დაიწყებს. კიდევ უფრო ადრე, კანადასთან დაშავდა ანტონ ფეიქრიშვილი და მწვრთნელები თამაშის წინ გადაწყვეტენ, ვინ იქნება ბეკოშვილის შემცვლელი - ნიკოლოზ ხატიაშვილი თუ ფეიქრიშვილი.

ცვლილება და ერთი გადაადგილებაა შერკინების მესამე ხაზში. არგენტინასთან თამაშს იწყებს ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა ორ მატჩში შეცვლებზე ითამაშა, ამჯერად კი ფლანკერად პირველივე წუთებიდან დადგება. შემადგენლობაში რჩება ლაშა ლომიძე, რომელიც 8 ნომრის პოზიციაზე ბექა ბიწაძეს შეცვლის.

- მილტონ ჰეიგი: შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება
- თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექა გორგაძე სად არის ?
ბესო72
21:03 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული