მილტონ ჰეიგი: არგენტინა მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება
ზუსტად ერთი წლის წინათ "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთი წაუგებლად მოიარეს. ბოლო მატჩში (24 ივნისს) ქართველებმა ფიჯი 14:3 დაამარცხეს, ხოლო იაპონიამ შოტლანდიასთან წააგო - ასე აღმოვჩნდით 75,23 სარეიტინგო ქულით მე-11 ადგილზე.
დღეისათვის საქართველოს ნაკრები 73,61 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო იაპონია - 74,09 ქულით მე-11-ზე. ჩვენი უახლოესი მეტოქე არგენტინა 79,31 ქულით მე-9 ადგილზეა.
15-ზე მეტი ქულით მოგების შემთხვევაში (რაც ძალზე არარეალურია) საქართველოს ნაკრები 2,80 ქულას მოიმატებს და ფიჯისაც გადაასწრებს (თუ ეს უკანასკნელი შოტლანდიასთან წააგებს) და ათეულში შევა.
ივნისის ტესტებში საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უკან მყოფი კანადა (13:0) და აშშ (21:17) დაამარცხა, რისი წყალობითაც 0,69 ბალი მოიმატა და იაპონიასთან 0,48 ბალი აშორებს.
აქვე ვიტყვით, რომ, რა თქმა უნდა, არგენტინელი "პუმები" ფავორიტები არიან "ბორჯღალოსნებთან" მატჩში, რომელიც ქალაქ ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 საათზე გაიმართება.
"ბორჯღალოსნები" "პუმებს" სამჯერ შეხვდნენ მსოფლიოს თასზე და სამჯერვე დამარცხდნენ: 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015). იყო ერთი ტესტიც 2013 წელს სან ხუანში, "ბორჯღალოსნები" 18:29 დამარცხდნენ.