ხვალ 10:00-ზე საქართველო-ინგლისი: ვიბრძოლებთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ, 16 სექტემბერს დანიდინში პირველი ვარჯიში გამართა. დილიდან "ბორჯღალოსანთა" ბანაკში საქმიანი ფუსფუსი იყო. სადილამდე საათნახევრით ადრე კი მწვრთნელებმა გუნდის წევრების თანდასწრებით შოტლანდიასთან მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზი გააკეთეს, შეცდომებზე მიუთითეს, რაც ჩვენს მორაგბეებს მრავლად ჰქონდათ დაშვებული.

სადილის შემდეგ გუნდი დანიდინში ახლახან აშენებული ახალი სტადონის, "ოტაგო სთედიუმის" სათადარიგო მოედნისკენ გაემართა. დანიშნულების ადგილზე მისვლას დიდი ხანი არ დასჭირვებია. სასტუმრო "მერკურიდან" სტადიონამდე ავტობუსმა მისვლას ხუთი წუთი მოანდომა, თუმცა ამ მოკლე მონაკვეთშიც კი ხუთი თუ ექვსი ისეთი სარაგბო მოედანი შეგვხვდა, რომლის მინდვრის საფარიც კარგი
ინფრასტრუქტურის მქონე ბევრ მოწინავე სარაგბო ქვეყანას შეშურდებოდა.

ვარჯიში, როგორც ყოველთვის მოთელვით დაიწყო, რის შემდეგაც გუნდმა მთლიანად შეტევითი კომბინაციების დახვეწაზე იმუშავა. რიჩი დიქსონთან ერთად, რომელსაც ბოლო დღეებში ხშირად საკმაოდ აფორიაქებულს და ჩაფიქრებულს ვხედავ, "ბორჯღალოსნებს" ჯონ მაგლტონი ხელმძღვანელობდა.

გუნდმა ჯერ რაკიდან და შერკინებიდან ბურთის გატანის შემდეგ შეტევის გაგრძელებაზე იმუშავა. მორაგბეები სწრაფად გადაადგილებას და იერიშის მიმართულების ხშირ ცვლას ცდილობდნენ. მერე დერეფნის ჯერიც დადგა. ვარჯიშის არსი აქაც ისეთივე იყო.

წვრთნაში გუნდთან ერთად არ იყო შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელსაც მუხლი აწუხებს. მან ცალკე, ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თედო ინგლისთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ინგლისის ნაკრებთან მატჩისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. ახალხან შოტლანდიასთან თამაშის ძალიან კარგი ანალიზი გაკეთდა და ვარჯიშისას მორაგბეები ცდილობენ გამოასწორონ ის ნაკლოვანებები, ძირითადად შეტევაში, რომელიც ამ მატჩში გამოჩნდა. მალე მწვრთნელები ინგლისის ნაკრებთან სათამაშო გეგმასაც გამოაცხადებენ და მოთამაშეები უნდა ეცადონ, ეს გეგმა შეასრულონ და სათამაშო სქემა დაიცვან", - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ.

ვარჯიშის შემდეგ რიჩი დიქსონმა სასტუმროში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ინგლისის ნაკრებთან სათამაშოდ შერჩეული მორაგბეების სია გააცხადა. ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილებაა, შერკინების ბურჯის დავით ზირაქაშვილის ნაცვლად დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს, "ზირაქა" ადგილს სათადარიგოთა შორის დაიკავებს. დაშავებული ხელი მოირჩინა და სრულ მზადყოფნაშია მეორეხაზელი ილია ზედგინიძე, რომელიც ლევან დათუნაშვილს შეცვლის. "ჩაქუჩა" ამჯერად თადარიგში იქნება.

შოტალნდიის ნაკრებთან მატჩისგან განსხვავებით დიქსონმა გადაწყვიტა თადარიგში ხუთი მორკინალი იყოლიოს. შედეგად, 22-კაციან შემადგენლობას ერთი უკანახაზელი დააკლდა და ის ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი აღმოჩნდა.

"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ შოტლანდიასთან მარცხით ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. გუნდს აქვს პოტენციალი და ბევრად უკეთ შეუძლია თამაში. განსაკუთრებით კი ეს შეტევას ეხება.

როგორც უნდა იყოს, თუ ისეთი დონის გუნდებს, როგორიც შოტლანდიის ნაკრებია, ხშირად არ ვეთმაშეთ, მათ ვერასდროს მოვუგებთ", - თქვა პრესკონფერენციაზე რიჩი დიქსონმა.

საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიგაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გივი ბერიშვილი, 21. ბიძინა სამხარაძე, 22. ლაშა ხმალაძე.

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული