მეუფე შიო: თქვენ უნდა იყოთ სიმბოლო ერის გამარჯვებისა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდენარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ხვალ ერთი შეხვედრაა. B ჯგუფში ერთმანეთს კარგი ნაცნობები, საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები ეთამაშებიან. მთლიანი სარაგბო სამყაროს ყურადღება სწორედ ამ მატჩისკენ იქნება მიპყრობილი.

თუმცა, გუშინ, კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ გამართულ ტრადიციულ წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების დიდი რიგი არ დამდგარა. რატომღაც, არა თუ უცხოელ, ადგილობრივ ჟურნალისტებსაც არ გამოუჩენიათ დიდი ინტერსი. ასე, რომ პრესცენტრში ქართველები უმრავლესობაში ვიყავით.

სტადიონიდან სასტუმროში მიბრუნებულ "ბორჯღალოსნებს" საქართველოდან ჩამოსული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით ნამაგალაური დახვდათ.

ლადო
ვარძელაშვილი:
"დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთის ნაკრებთან მატჩში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გავიგეთ, ჯგუფში რა ძლიერი მეტოქეებიც შეგვხვდა, კარგად ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა, განვლილმა ორმა თამაშმა ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებეთან გვაჩვენა, რომ საქართველოში რაგბი წინ წავიდა.

ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ კი იმან, რომ რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს და კერძო სექტორი დიდ დახმარებას უწევს, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, უფრო მოტივირებული გახდნენ მორაგბეები და ამასთან, ნაკრების მწვრთნელიც ძალიან კარგი გვყავს. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ დღეს მსოფლიომ დაინახა, რა დიდი მომავალი აქვს ქართულ რაგბის.

რაც შეეხება კონკრეტულად რუმინეთთან თამაშს, რთული ბრძოლა გველის. რუმინეთის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკასაც თუ ვნახავთ, მათ უპირატესობა აქვთ. 12 თამაშიდან შვიდი მათ მოიგეს, თუმცა მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოვიგებთ."

დავით ნამგალაური: "რუმინეთის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, მაგრამ ის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო ერთა თასის გათამაშებაში. ბოლო წლებში მათთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს. თუმცა რუმინელებთან ყოველთვის რთული, მძიმე ბრძოლები გვქონდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამარჯვება მოიპოვონ და ბოლო, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე - არგენტინის ნაკრებთან მატჩს უფრო მოტივირებული შეხვდნენ."

ოდნავ მოგვიანებით "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ. მათ საქომაგოდ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად პალმერსტონში მეუფე შიო ჩამოვიდა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით, ახლახან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქართველების მოძღვრად დაინიშნა.

შეხვედრაზე, რომელმაც გუშინდელი საინტერსო დღე დაასრულა, ლევან ვასაძემ შვილის, ირაკლის "ბორჯღალოსნებისადმი" მიძღვნილი წერილი წაიკითხა. მეუფე შიომ კი ქართველ მორაგბეებს შეახსენა, რომ მათი შეხვედრა ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა:

"ქართველი ხალხი თქვენგან მხოლოდ სპორტულ გამარჯვებას როდი ელოდება. წინა ორი თამაშიც, მიუხედავად მარცხისა, თქვენი თამაშიდან გამომდინარე, რაც თქვენ გააკეთეთ, ის გამარჯვების ტოლფასი იყო. ამას ყველა აღიარებს.

მოდით, ის თამაშები, რომლებსაც მსოფლიოს თასზე მართავთ, იყოს დასაწყისი დიდი იმედისა, საქართველოს გამარჯვებისა და წინსვლისა. თქვენგან ყველა ამას ელოდება, რომ იყვეთ სიმბოლო ჩვენი ერის გამარჯვებისა და ძლიერების", - უთხრა მან "ბორჯღალოსნებს".

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცს რომ სინდისი არა აქვს,მისგან ყველაფერს უნდა ელოდო:სადაც წარმატებას ხედავენ ყველგან მიძვრებიან და იბრალებენ ჩვენი დამსახურებააო;არადა ვინაა ვარძელაშვილი,რა წვლილი მიუძღვის საერთოდ სპორტში,სადაც მივიდა ყველგან გაფუჭდა საქმე;ვინ შრომობს,ვინ ღვრის ოფლს და ვის უნდა რომ "ხელები მოითბოს".ამიტომ ნადგურდება დღითი-დღე ყველაფერი.
gio73
23:52 27-09-2011
0
რომელ მხარდაჭერაზე საუბრობთ ბატონო ლადო, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ რაგბის ფედერაციას 800 000 ჩამოაჭერით ბიუჯეტიდან???
Tika
10:09 28-09-2011
0

სიახლეები პოპულარული